ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი დემეტრაძეს პატიმრობიდან მალე გაათავისუფლებენ. ამ საკითხზე ზუსტი ინფორმაციის მოპოვება ძნელია, რადგან სათუთი საქმეა და ჯერჯერობით, ყველა ერიდება გადაჭრით იმ თარიღის თქმას, თუ როდის დატოვებს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი საპატიმროს.
არაუგვიანეს ახალ წლამდე – ეს “მსოფლიო სპორტმა” დემეტრაძესთან დაახლოებული პირებისგან შეიტყო. ან საახალწლოდ, ან სულაც უახლოეს კვირებში.
როგორც იცით, დემეტრაძე 2010 წლის ზაფხულს დააკავეს და ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა წაუყენეს. “დემეს” 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქართველოს პრეზიდენტმა წლეულს 28 აგვისტოს, დაახლოებით 150 პატიმარი შეიწყალა და მათ შორის გიორგი დემეტრაძეც. ანუ, დარჩენილი სასჯელი გაუნახევრეს. “დემეს” 4 წელი ჰქონდა დარჩენილი და დარჩა 2, თუმცა იქიდან მოყოლებული, ორი თვე უკვე გავიდა. შედეგად, დღევანდელი დღიდან, ოფიციალურად, დემეტრაძეს წელიწადი და 10 თვე დარჩა მოსახდელი.
ეს ოფიციალურად, თუმცა როგორც შევიტყვეთ, დემეტრაძის საქმე გადაიხედება და არაუგვიანეს ახალ წლამდე გაათავისუფლებენ.
თავად გიორგი ამბობს – ვერ გავიგე, რატომ დამაპატიმრეს, ან რაში მჭირდება შეწყალება, როცა უდანაშაულო ვარო. დემეტრაძე მოითხოვს, რომ მისი საქმე გადაიხედოს და დარწმუნებულია, რომ სიმართლე დადგინდება და გაამართლებენ.









