საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გიორგი ცირეკიძე ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რეპეშაჟის ფინალში გავიდა.
80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა, უნგრელ პეტერ ბაკშთან წაგებით. იქამდე ცირეკიძემ გერმანელი პასკალ ეიზელი, ბულგარელი დანიელ ალექსანდროვი და სომეხი ჰრაჩ ჰოვანესიანი ჩამოიშორა. “ბრინჯაოს ფინალში” კი შვედ ზაკარიას ბერგს დაუპირისპირდება.
რობერტ ქობლიაშვილს (85 კგ) საღამოს პროგრამაში მოსახვედრად ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. შეჯიბრება ჩეხი პაველ პოვადას ძლევით გახსნა. შემდეგ თურქ აჰმეთ ილდირიმს აჯობა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი მეოთხედფინალში დაკარგა, ფინელ რამი ჰიეტანიემისთან წაგებით. ქობლიაშვილი “რეპეშაჟის ნახევარფინალშიც” გადაერთო, სადაც პოლონელ დამიან ჯანიკოვსკისთან 1:3 წააგო.
დღესვე ფინურ ხალიჩაზე მანუჩარ ცხადაია (71 კგ) და ზურაბ დათუნაშვილიც (75 კგ) გავიდნენ, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადასვლის შანსიც აღარ მიეცათ.
ცხადაიამ პირველ წრეში რუსეთის ნაკრების წევრ ჩინგიზ ლაბაზანოვთან წააგო, თუმცა ამ უკანასკნელზე მეტად, ქართველის მარცხი მსაჯების კისერზეა, რომლებმაც მთელი შეხვედრის განმავლობაში არაერთი სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღეს, რა თქმა უნდა რუსის სასარგებლოდ.
დათუნაშვილმა ევროპირველობა გერმანელი ფლორიან ნოიმაიერის ძლევით გახსნა. მერვედფინალში კი თურქ ემრაჰ კუშთან დამარცხდა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 19 საათიდან დაიწყება.