ფეხბურთი

17:02 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩიხრაძე: “მნიშვნელოვნად უნდა გავძლიერდეთ”

ზაქათალის “სიმურგის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ თურქულ შეკრებაზე გერმანიის რეგიონალლიგის “ფელბერტთან” ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (1:0) შემდეგ, ინტერნეტგამოცემა apasport.az-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის გუნდს მნიშვნელოვნად გაძლიერება სჭირდება.    

-შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ თამაშს როგორ შეაფასებთ?

-მიმდინარე სეზონში ხანმოკლე შესვენებაა და ამიტომ, შეკრება უფრო ინტენსიურია. დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ. ფუნქციონალური მომზადების პერიოდია და ამიტომ, მატჩს ცოტა დაღლილები შევხვდით. შესაბამისად, ბევრმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა. პირველი თამაში არცთუ ცუდი გამოვიდა. წინ კიდევ 3 მატჩი გველის. უფრო ძლიერ მეტოქეებს შევხდებით და ეს თამაშები გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება.

 - განვლილ მატჩში ვის გამოარჩევდით?

- მიზანი სათამაშო პრაქტიკის მიღება იყო. დრაგან ჩერანმა ყურადღება იმით მიიქცია, რომ გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა. არადა, “სუფთა” გოლი იყო. ამ მხრივ დრაგანის გამორჩევა შეიძლება.  

- გასინჯვაზე მყოფმა დომენიკ ჩატომ თავი როგორ წარმოაჩინა?

- ნიგერიელი ოთხშაბათს შემოგვიერთდა და გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. გამომდინარე იქიდან, რომ მან ვარჯიში ცოტა ხნის წინ დაიწყო, მოედანზე მხოლოდ მატჩის მიწურულს შევუშვით. თავად გვითხრა, რომ თამაში მხოლოდ 15-20 წუთი შეუძლია. პირველი თამაშის საფუძველზე მასზე ვერაფერს ვიტყვი. ნიგერიელს მომდევნო მატჩებსა და ვარჯიშებზე გამოვცდით.

 - კიდევ ვინმე დაგემატებათ?

- დიახ. შეტევისა და ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ფეხბურთელებს გამოვცდით. ჩვენ გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც თავდასხმის ცენტრსა და ფლანგებზე გაგვაძლიერებენ. ამის გარდა, ნახევარდაცვის ცენტრიც გასაძლიერებელია.

- ამით შემადგენლობის ჩამოყალიბება დასრულდება?

- შემადგენლობის რეფორმირებას არ ვგეგმავთ, მაგრამ მაღალი დონის მოთამაშეები ყოველთვის საჭიროა.

- სეზონის მეორე ნახევარში გუნდს რა მიზანი აქვს?

- გასულ სეზონში, სულ სხვა ჩემპიონატი იყო. გარკვეული ცვლილებები ჩვენ გუნდშიც მოხდა. 10-გუნდიანი ჩემპიონატი უფრო რთულია, მაგრამ ამავე დროს საინტერესოა. წინა სეზონში ქულებს უფრო ადვილად ვაგროვებდით.  ახლა უფრო დაბალანსებულ გუნდს ვაშენებთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვნად უნდა გავძლიერდეთ.

0.122901