20 წლის ქართველი შემტევი გიორგი ჭანტურია რუმინული დერბისთვის ემზადება, რომელიც ორშაბათს გაიმართება: “ჩფრ კლუჟი” “უნივერსიტატია კლუჟს” ეთამაშება და თავად გიორგი ამბობს, მთელი ქალაქი ამ შეხვედრის მოლოდინშიაო. ჭანტურიამ წინა ტურის შეხვედრა გამოტოვა (“კორონასთან” 2:2), რისი მიზეზიც გვითხრა.
და კიდევ, გიორგიმ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ საბოლოოდ გადაწყდა მისი “ვერონაში” გადასვლის საკითხი – უკვე გაირკვა, ზაფხულიდან იტალიურ კლუბში ვიქნებიო.
ჭანტურიას კლუჟში დავუკავშირდით.
- 2-3 კვირაა, რაც “ჩფრ კლუჟში” გადახვედით. როგორია შთაბეჭდილებები?
- დადებითი. ქალაქი ნორმალურია, ამ დღეებში ოჯახსაც ჩამოვიყვან. ყველაფერია საიმისოდ, რათა განვითარდე. მეგობრული გუნდია, ადაპტაციის მხრივ პრობლემა არ შემქმნია. ბევრნი არიან ესპანეთიდან და პორტუგალიიდან, მე კი ესპანური ენა ვიცი და იოლად ვკონტაქტობ მათთან. ფორმაში შევალ და ზაფხულიდან უკვე იტალიაში წავალ. “ვერონაში”.
- უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ ზაფხულს გადახვალთ “ვერონაში”?
- დიახ. “ვიტესიდანაც” 100 პროცენტით გამოსყიდული ვარ და უბრალოდ, აქამდე არ ვამბობდი, მაგრამ ახლა უკვე გადაწყვეტით ვიცი: ზაფხულში “ვერონაში” გადავალ.
- გასულ ტურში “კორონასთან” მინდორზე არ გამოჩენილხართ. რატომ?
- ნაკრებიდან რომ დავბრუნდი, ორ დღეში “სტიაუასთან” გვქონდა მატჩი. ცოტა ფეხი მტკიოდა და მაინც ვითამაშე მეორე ტაიმი, რამაც ტრავმა გამიმიზეზა. ამიტომაც, “კორონასთან” ბოლომდე მომზადებული არ ვიყავი. ცოტა მკურნალობამ მომიწია. ახლა ვემზადები, რათა ორშაბათისთვის მზადყოფნაში ვიყო.
- ანუ, ჯერ მაინც სათუოა, ორშაბათს ითამაშებთ თუ ვერა?
- უბრალოდ, ბოლომდე ვერ ვტვირთავ ფეხს და ძლიერ დარტყმაში ხელს მიშლის. ვვარჯიშობ და წესით, იქამდე არ უნდა ჩაიაროს პრობლემებმა. ვითამაშებ.
- რუმინეთში თამაშის სპეციფიკა როგორია? როგორ შეადარებდით ჰოლანდიის ერედივიზიონს?
- ვინც თუნდაც “სტიაუასთან” მატჩს უყურა, იოლად შეამჩნევდა, რომ შემტევი ფეხბურთელისთვის რუმინეთის ჩემპიონატი უფრო რთული სათამაშოა, ვიდრე ჰოლანდიისა. რუმინეთში ძალიან ჩაკეტილი თამაშებია, ბურთს მიიღებ და სივრცე არ გაქვს, მაშინვე გზღუდავენ. ჰოლანდიაში ასე არ იყო... რუსეთშიც ხომ ვითამაშე და თამამად ვიტყვი, შემტევი ფეხბურთელისთვის რუსეთში უფრო იოლია, ვიდრე რუმინეთში.
- ისე, “ვიტესიდან” ნაწყენი ხომ არ წამოხვედით?
- არანაირად. მშვენიერი ურთიერთობა მაქვს ყველასთან და წარმატებას ვუსურვებ.
- ეროვნულ ნაკრებში ლიხტენშტაინთან დებიუტი გქონდათ და გოლით აღნიშნეთ. როგორ გაიხსენებთ იმ მატჩს?
- ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს და გამონაკლისი არც მე ვარ. გოლმა ძალიან დადებითად იმოქმედა და ყველანაირად ვეცდები, რომ მომდევნო მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდე, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო ნაკრებსა და მთლიანად, ჩემს ქვეყანას.
- გრძნობდით, რომ ლიხტენშტაინი ძალიან სუსტი მეტოქე იყო?
- რა თქმა უნდა. ეს მოგება არ მოგვატყუებს, რადგან ვიცით, რომ შესარჩევ ჯგუფში ლიხტენშტაინის დონისა ერთი გიბრალტარი თუ იქნება. ვფიქრობ, გერმანიას გარანტირებული აქვს პირველი ადგილი, გიბრალტარს კი - ბოლო. დანარჩენ 4 გუნდს კი მეტნაკლებად თანაბარი შანსი აქვს და ჩვენც ყველაფერი უნდა გავიღოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ.