18-19 ნოემბერს, სპორტის სასახლე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა მომავალი შეჯიბრისთვის განსაკუთრებულად რომ ემზადება, ქვეყნის უმთავრესი დარბაზის არჩევაც ადასტურებს. თადარიგი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზეც აქედანვე დაიჭირეს ქართული ძიუდოს თავკაცებმა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “მსოფლიო სპორტს” ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე ესაუბრა.
გიორგი ალექსიძე: საქართველოს წლევანდელი პირველობა წინა ჩემპიონატებისგან გამორჩეული იქნება. საკმაოდ დიდხანს ვიფიქრეთ, სად აჯობებდა მისი ჩატარება და ბოლოს არჩევანი სპორტის სასახლეზე შევაჩერეთ.
- შიდა პირველობას მუდმივად თან ახლავს არეულობები. ალბათ ამ პრობლემის მოგვარებაზეც აქედანვე ზრუნავთ...
- არეულობებისა და უდისციპლინობის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას მივიღებთ. სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტთან უკვე მოვილაპარაკეთ და წესრიგი უმაღლეს დონეზე იქნება დაცული.
- ხშირად არეულობის მიზეზი დაბალი დონის მსაჯობა ხდება. უცხოელი სპეციალისტების მოწვევასაც ხომ არ აპირებთ?
- ჩემპიონატს 2 უცხოელი კომისარი მოემსახურება. მათგან წინასწარი შეთანხმება ახლახან მივიღეთ.
- ბოლო წლებში ტრადიციად იქცა, ნაკრების ლიდერები საქართველოს პირველობაში მონაწილეობას თავს არიდებენ...
- წლეულს ასე ნამდვილად არ იქნება. ჩემპიონატში ნაკრების აბსოლუტურად ყველა წევრი ჩაერთვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდში ადგილს დაკარგავენ.
- ძველებურად, ტრავმა რომ მოიმიზეზონ?
- ჩვენზე უკეთ არავინ იცის, ვის აწუხებს ტრავმა და ვის არა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი კალენდრიდან ამოიღეთ...
- გადაწყვეტილება მწვრთნელებთან შეთანხმებით მივიღეთ. 23 წლის ძიუდოისტები უკვე ძირითადი ნაკრების წევრები არიან და ამ ასაკობრივი ჯგუფის გამოყოფა საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ.
- 19-21 ნოემბერს სარაევო 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. არც მასზე გამოვლენ ქართველები?
- ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტეთ. სამომავლოდ კი კიდევ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე.
- წლის ბოლომდე საერთაშორისო კალენდარში რამდენიმე სარეიტინგო ტურნირი რჩება. ქართველი ძიუდოისტები რომელიმეზე თუ იჭიდავებენ?
- როგორც იცით, წინასწარი სანაკრებო გეგმის მიხედვით, მომავალი ტურნირებიდან საქართველოს ნაკრებს არც ერთში აღარ უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ სავარაუდოდ, გუნდი იაპონიაში მაინც გაემგზავრება. ტოკიოს დიდი სლემი ერთ-ერთი მაღალრეიტინგიანი ტურნირია და იგი 10-12 დეკემბერს გაიმართება.
ინტერვიუს ბოლოს გიორგი ალექსიძეს ახლახან თურქეთში ჩატარებულ გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული გუნდის ჭიდაობის შეფასება ვთხოვეთ, მაგრამ მოკლედ მოგვიჭრა, ნაკრები ძალიან ცუდად გამოვიდა და მიზეზებს ჩემზე უკეთ მწვრთნელები გაარკვევენო.
ოთარ მაღლაკელიძე







