16 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე საანგარიში-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელზეც 59-მა დელეგატმა ერთადერთი კანდიდატი გიორგი ალექსიძე პრეზიდენტად ერთხმად აირჩია.
არჩევნებზევე დამტკიცდნენ ახალი ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი. ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად დამტკიცდნენ - შოთა ხაბარელი, დავით ხახალეიშვილი, სოსო ლიპარტელიანი და თამაზ ნავერიანი. ფედერაციის გენერალურ მდივნობას ვლადიმერ ნუცუბიძე გასწევს, აღმასრულებელი მდივანი კი ფირუზ მარტყოფლიშვილი იქნება.
გიორგი ალექსიძე:" დიდი მადლობა დელეგატებს მხარდაჭერისთვის და ნდობის გამოცხადებისთვის. მათ მოკლედ გავაცანი ჩემი პროგრამა, რომელზეც ერთობლივად ვიმუშავებთ. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდება, როგორც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში, აგრეთვე, სხვადასხვა მიმართულებებზე - რეგიონებს მეტი ყურადღება მიექცევა, მედიცინა და მწვრთნელთა გადამზადება კი მნიშვნელოვანი პრიორიტეტები იქნება".
ლადო ვარძელაშვილი:" ძიუდოს ფედერაციაში ახალი გუნდი მოვიდა, რომელიც მშვიდ ვითარებაში იმუშავებს. მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რაც აქამდე ფედერაციაში არსებობდა. დაისახება ახალი სტრატეგია და განისაზღვრება შესაბამისი პრიორიტეტები. ერთ წელიწადში ლონდონის ოლიმპიური თამაშებია, ძიუდო კი სპორტის ძალიან მნიშვნელოვანი სახეობაა ჩვენთვის, ამიტომ აუცილებელია, რომ შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს და ქათველმა ძიუდოისტებმა ლონდონში წარმატება მოგვიტანონ".







