ბაქოს “ინტერის” შემტევმა, გიორგი ადამიამ, ინტერნეტგამოცემა ეხტრატიმე.აზ_თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანი აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში გამარჯვებაა.
- ამჟამად, თავს როგორ გრძნობთ?
- საბედნიეროდ, ამჟამად უკეთეს მდგომარეობაში ვარ, ვიდრე ორი კვირის წინ. ღმერთის წყალობით, ტკივილი ნელ-ნელა მცირდება. იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ბოლომდე მწყობრში ვიქნები.
- კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობთ თუ გუნდს შეუერთდით?
- უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ.
- სრულად გამოჯანმრთელებას და თამაშს როდის შეძლებთ?
- ბოლომდე გამოჯანმრთლებამდე დრო კიდევ არის, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ბევრი არაფერი დამრჩა. მთავარია, რომ ტკივილმა მალე გამიაროს.
- ე.ი. ტკივილები ისევ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, გარკვეულ დისკომფორტს კვლავ ვგრძნობ, რის შესახებ ექიმები მაფრთხილებდნენ. ჯერ კიდევ გარკვეული დროა საჭირო.
- გვერდიდან “ინტერის” თამაშს როგორ შეაფასებ?
- სეზონის მსვლელობისას გუნდის თამაშის შეფასება არ მიყვარს. მოდით, მაისს დაველოდოთ. ვფიქრობ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
- გუნდი რომ ევროთასებზე მოხვდება ეს საიდუმლო არავისთვისაა. საკითხავია, ჩემპიონობას თუ მოახერხებთ?
- მართალი გითხრათ, ჩემი აზრით, ლიდერების სამეული უკვე გარკვეულია. თუმცა, ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ოქროს მედლების მოპოვებაა.
- შემდეგ მატჩს “ინტერი” “ყარაბახის” წინააღმდეგ ჩაატარებს. თქვენთვის ყოფილ გუნდთან შეხვედრა განსაკუთრებული ხასიათისაა?
- აგდამელებთან თამაში ყოველთვის რთულია. გუნდებს შორის ქულათა სხვაობა მინიმალურია და ყოველ მოპოვებულ ქულას “ოქროს” ფასი აქვს. პირველყოვლისა, მნიშვნელოვანია არ წავაგოთ.
- ე.ი. ეს თქვენთვის ჩვეულებრივი თამაში იქნება?
- არასოდეს დამისახავს მიზნად, რომ ჩემი ყოფილი გუნდისთვის რაიმე დამემტკიცებინა ან ის დამესაჯა. დაე, მეტი ბრძოლა და ლამაზი თამაში იყოს.