სხვა

21:33 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგაძის მეშვიდე ოქრო და ქართული წარმატება ბურგასში

ვეტერანი ქართველი სამბისტი თემურ გიორგაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეშვიდედ გახდა. 4-7 ოქტომბერს, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს სახელით ხალიჩაზე სულ სამი სპორტსმენი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა. თემურ გიორგაძის მსგავსად, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ომარ მეტრეველი ავიდა, ბესარიონ მიქელთაძეს კი უმაღლეს ტიტულამდე ფინალის მოგებაღა დააკლდა.

“ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ეს შესაბამისად, ტურნირის სიძლიერეზეც აისახება. ამჯერად 24 ქვეყნის 250-მდე ვეტერანი სპორტსმენი შეიკრიბა და შეჯიბრება ექვს ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. მე 45-დან 49 წლამდე ვეტერანებს შორის 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვედი. ომარ მეტრეველი 36-დან 39 წლამდე მძიმე წონაში, ხოლო ბესო მიქელთაძე 50-დან 55 წლამდე, ასევე მძიმე წონაში. მოჭიდავეთა გარდა ქართულ დელეგაციაში მსაჯი ოთარ ყურაშვილიც შედიოდა, რომელიც ორგანიზატორებმა ტურნირის საუკეთესო მსაჯად დაასახელეს. დელეგაციის ხელმძღვანელი კი დავით ბერძენიშვილი იყო. ოქროს მედალი მეშვიდედ მოვიგე და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. ზუსტად ვერ გეტყვით ვინაა რეკორდსმენი და რამდენი ოქროს მედლით. საქართველოდან ზაურ სახვაძე მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონია, ხოლო ოთარ ყურაშვილი – 9-გზის. ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 70 წლის სპორტსმენებიც კი გამოდიოდნენ. ასე რომ, ასაკი ჯილდოების დასაგროვებლად ჯერ ხელს მიწყობს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” თემურ გიორგაძე.

0.124086