სტატიები

10:36 | 20.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ღიმილნარევი ფეხბურთი...

მე რომ მკითხოთ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და მისი უმაღლესი ლიგა, სადაც სხვადასხვა დროს „დინამო“, „ტორპედო“ და „გურია“ გამოდიოდნენ, ჯერაც აუთვისებელი „საბადოა“ ჩვენთვის. იმდენი საინტერესო ფაქტი გადაფარა დრომ და მაშინდელმა „რკინის ფარდამ“ აზროვნებაში, მართლაც რომ აფსუსია.
არადა, ფეხბურთს მსგავსი ფაქტებისადმი ინტერესის გარეშე არასოდეს უარსებია - პლასტმასის სკამები კი არა, გინდაც „ქორთიარდ მარიოტის“ აპარტამენტი დაუშენე გულშემატკივარს სტადიონზე, თუკი არ დააინტერესე, არ მოვა...
არაერთ ქართველ დიდოსტატს უსაუბრია ჩემთან (რა თქმა უნდა, სხვებთანაც) ეგრეთ წოდებულ „მოლაპარაკებულ თამაშებზე“. ის კი არა, იყო დრო, სტაჟიანი გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობ „ფუტბოლნოე ობოზრენიაში“ მისი ერთ-ერთი წამყვანი პერეტურინი გამოვიდა (1989 წლის 10 დეკემბერი) და „ჩვენი ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სეზონში დაახლოებით ორმოცამდე მატჩი ეწყობაო...“
ეს სერიოზული ბრალდება იყო და მკითხველი დამერწმუნება, საფეხბურთო მიმოხილვის წამყვანს ხელთ სერიოზული საბუთები რომ არ ჰქონოდა, ნამდვილად ვერ ისაუბრებდა ამაზე - სხვა დრო იყო, სიმართლის მთქმელს არა მარტო ცხენი უნდა ჰყოლოდა შეკაზმული, ყოველი შემთხვევისთვის, თბილი ტანსაცმელიც მზად უნდა ჰქონოდა.
სხვათა შორის, 1986 წელს იმხანად ნომერ პირველმა სპორტულმა გაზეთმა „სოვეტსკი სპორტმა“ სეზონის ბოლოს სამკითხვიანი ანკეტა-გამოკითხვა გამოაქვეყნა, სადაც დეტალებისა და წვრილმანების გარეშე ვალენტინ ივანოვმა, ოლეგ ბლოხინმა, ედუარდ მალოფეევმა, კონსტანტინ ბესკოვმა, რინატ დასაევმა და ჩვენმა დიდმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ თქვეს, რომ სსრკ-ის ჩემპიონატში მართლაც ბევრი მოლაპარაკებული მატჩი იმართებოდა.
ის კი არა, როსტოვის სკა-ს ფეხბურთელებმა სპეციალური მიმართვაც კი გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ ყელში ამოუვიდათ ამდენი „ზეწოლა“.
ეს ფაქტი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც საქმე ეხებოდა ლანჩხუთის „გურიასაც“ - ჩვენებურები უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ემზადებოდნენ, ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ და აი, როგორი კომბინაცია დატრიალდა:
სკა-მ შინ დათმო შეხვედრა ვოროშილოვგრადის „ზარიასთან“, რის საპასუხოდაც სეზონის ბოლოს ნიკოპოლის „კოლოსი“ შინ „დაუწვებოდა“, მომავალ სეზონში კი თავად „ზარია“ დაუთმობდა ორივე მატჩს (თუკი ვოროშილოვგრადები არ გავარდებოდნენ). ადვილი მისახვედრია - ერთი წაგების მაგიერ სამი მოგება მოდიოდა და რათა ბალანსის თვალსაზრისით არაფერი დარღვეულიყო, როსტოველები კიდევ ერთ შინაურ მატჩს უნდა შელეოდნენ - „გურიასთან“ და ასეც მოხდა - სკა-სთან გასვლა ლანჩხუთლებმა 3:0 მოიგეს.
ისე მოხდა, ამ ჩაწყობილი თამაშების გამო ერთხელ ედუარდ ამბროსიევიჩიც კი გაანაწყენეს. მოგეხსენებათ, მას ფეხბურთი მოსწონდა და ხშირადაც ესწრებოდა „დინამოს“ თამაშებს. გაბრაზებით 1984 წლის ნოემბერში გააბრაზეს, როცა ჩვენი „დინამო“ მოსკოველ თანაკლუბელებს მასპინძლობდა.
შევარდნაძემ ის შეხვედრა დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე მიატოვა. ასე მოიქცა მაყურებლის უმეტესობაც და თუკი ვინმე დარჩა, ისიც იმიტომ, რომ გუნდებისთვის ესტვინა. 13 ნოემბრის „ლელოში“ ამაზე სერიოზული კრიტიკული სტატიაც გამოქვეყნდა, სადაც ფსევდორეჟისურასა და უნიჭო შემსრულებლებზე იყო საუბარი. ყველაზე სახალისო კი თბილისისა და მოსკოვის დინამოელების თორმეტწლიანი სტატისტიკა გახლდათ: 1974 წლიდან 1985 წლის ჩათვლით, თბილისელმა და მოსკოველმა დინამოელებმა ერთმანეთში 24 მატჩი ითამაშეს +5=14-5, ბურთები 22 – 22 - იდილიაა, მაშ რა არის...
ვიმეორებ, ქართველი დიდოსტატებისგანაც არაერთხელ მომისმენია, რომ ასეთი ტიპის მატჩები განსაკუთრებით მომრავლდა სამოცდაათი წლების შუა პერიოდიდან და მათ, უპირველეს ყოვლისა, საბჭოურ ფეხბურთში ვალერი ლობანოვსკის გამოჩენას უკავშირებენ.
იგი უდავოდ დიდი მწვრთნელი იყო, მაგრამ როგორც მისი კარგად მცნობნი აღნიშნავენ, უაღრესად პრაგმატულად და ყურადღებით ეკიდებოდა შედეგში სტაბილურობის საკითხს.
„არ არსებობს გუნდი, რომელიც მთელ სეზონს ჩავარდნის გარეშე გაატარებს“ - ამბობდა ის და „გარე ძალა“ კიევის „დინამოს“ სწორედ იქ ეხმარებოდა, სადაც განსაკუთრებით საჭირო იყო.
ლობანოვსკის სატურნირო სტრატეგია დიდი სირთულით არ გამოირჩეოდა - გამარჯვება კიევში და ფრე გასვლაზე. ამიტომ იყო, ოთხმოციანი წლების ერთ სეზონში კიეველებმა სეზონის მატჩების ნახევარი (15) ფრედ ითამაშეს და ისე გაჩემპიონდნენ. საშუალო და უფროსი ასაკის ხალხს ემახსოვრება, ერთი ხანი სსრკ-ში ფრეებზე ლიმიტიც კი დააწესეს - 8 ფრის ზემოთ გუნდს ქულა არ ეწერებოდა (სხვათა შორის, ერთხელ ამან თბილისის „დინამოც“ სერიოზულად აზარალა და ვერცხლის მედლები დააკარგვინა).
საბჭოელი სტატისტიკოსები ღიმილნარევი ინტერესით ითვლიდნენ ქუთაისის „ტორპედოს“ „აფეთქებასაც": ეს ამბავი რიონისპირა გუნდმა 1985 წელს მოახდინა. „ტორპედო“ 27 ტურის მერე ბოლო ადგილზე იმყოფებოდა და ხუთად ხუთი მოგება ჰქონდა.
მოულოდნელად, იმერლებმა ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხეს თბილისისა და კიევის „დინამო“, მოსკოვის „ტორპედო“, „მეტალისტი“, „დნეპრი“, „ჩერნომორეცი“ - მოკლედ, შვიდიდან ექვსი გამარჯვება და ერთადერთი მარცხი (1-4 „კაირატთან“, რომელსაც თავისი უჭირდა და ბუნებრივია, ქუთაისელებს არაფერს დაუთმობდა).
შედეგი? პირველ ლიგაში არა ჩვენი გუნდი, არამედ ვორონეჟის „ფაკელი“ დაქვეითდა და ძალიანაც კარგი - მინიმუმ, ერთი სეზონით ხომ გაუხანგრძლივდა იმერეთს უმაღლესი ლიგის ფეხბურთით ტკბობა!
სხვათა შორის, კიევის „დინამომ“ იმხანად თბილისის „დინამოსთანაც“ წააგო, მაგრამ ქუთაისში 30 პროცენტით მეტი გასამრჯელო მოუთხოვია. მიზეზი? „ჩვენ ხომ ჩემპიონები ვართ!“ - რაკი სატურნირო ცხრილში საქმე უკვე საჩემპიონოდ „მოყომარებული“ ჰქონდათ, უკრაინელებმა თამასა ასწიეს.
დაბოლოს, მატჩი, რომელიც თავადაც კარგად მახსოვს და რომლის შედეგიც სტადიონის ტრიბუნაზე „იწინასწარმეტყველა“ ერთმა ქართველმა გულშემატკივარმა. გაგახსენებთ სწორედ იმ, 1985 წლის სეზონის შემოდგომის ქუთაისის „ტორპედოსა“ და დნეპროპეტროვსკის „დნეპრს“ შორის შეხვედრას. მაშინ ინტერნეტი ასე ხელმისაწვდომი არ იყო, მობილურ ტელეფონებზეც ნურას უკაცრავად და ბუნებრივია, სამტრედიულ სტადიონზე შეკრებილ ხალხს ძალიან აინტერესებდა, რა და როგორ მოხდებოდა ქუთაისში.
აი, სწორედ მაშინ თქვა იმ კაცმა - „ტორპედო“ მოიგებს 4:3-ს და იმათგან ყველას პროტასოვი გაიტანსო...
შეხვედრა ზუსტად ისე მორჩა, მოვიგეთ, პროტასოვმა სამი არა, მაგრამ ორი ნამდვილად გაიტანა და ყველაფერი როგორც კეთილ ზღაპარში, ისე დამთავრდა - ქუთაისელები უმაღლეს ლიგას შერჩნენ, პროტასოვმა ნიკიტა სიმონიანის ძველი რეკორდი მოხსნა და სეზონში გატანილი 35 ბურთით ევროპელ ბომბარდირთა შორის „ვერცხლის ბუციც“ დაიმსახურა.
საინტერესოა, რომ პროტასოვს აღმაფრენა მოგვიანებით დაეწყო - იმ სეზონის პირველ 16 მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაეტანა და განსაკუთრებული აღმაფრენა კი 31 აგვისტოდან 23 ნოემბრის ჩათვლით „დაემართა“ - შვიდ მატჩში 18 ბურთი გაიტანა.
ბუნებრივია, დაგაინტერესებთ ბოლო ოთხი მატჩის შედეგიც, რომლებითაც „დნეპრმა“ სეზონი დაასრულა - 3:3, 3:4, 4:3, 3:3 და მათ შედეგად ნიკიტა სიმონიანის 35-წლიანი რეკორდი „გმირულად დაეცა“...
აი, ასეთი ამბები ხდებოდა. ღიმილით და ტკბილად მოსაგონარი კია... სად იყო „კალჩოპოლი“ და „ხორვატული მაფია“, როცა ჩვენში ამბები ხდებოდა...
 

 

კონსტანტინე გოგიშვილი

 

0.117212