სხვა

17:05 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ღიმილის ბიჭი”

 

ასე ჰქვია წიგნს, რომელიც 30 წლის ასაკში გარდაცვლილი სპორტული ჟურნალისტის, გაზეთ “სარბიელის” კორესპონდენტ ბაჩო სვანიძის ხსოვნას ეძღვნება და რომლის პრეზენტაციაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს შედგა. ამ და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს – 2 ივლისს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ქართული სპორტული პრეს და ტელე-მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ პროფესიული დღე პირველმა სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა მიულოცა.

“ქართული სპორტის განვითარება და წარმატებები მნიშვნელოვანწილად სპორტულ ჟურნალისტიკაზეცაა დამოკიდებული. ამ სფეროში ბევრი ღირსეული სპეციალისტი მოღვაწეობს და ცხადია, მათთან რეგულარული ურთიერთობა გვაქვს. პირადად ჩემი და მთელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელით ვულოცავ მათ პროფესიულ დღესასწაულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებ! ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის სპორტულ ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს, საინტერესოსა და წარმატებულს გავხდით” – განაცხადა ლევან ყიფიანმა და იქვე დამსწრეთ ახლადგამოცემული წიგნის შესახებაც აუწყა, რომელიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემ ბაჩო სვანიძის მიერ მსოფლიო სპორტის ლეგენდებთან ჩაწერილი ინტერვიუები გაიხსენა, ხოლო შემდეგ წიგნი დარბაზში მყოფ ბაჩოს მეუღლეს გადასცა.

წიგნში შესულია ბაჩო სვანიძის მეგობრების და კოლეგების მოგონებები, ასევე ინტერვიუები მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებთან, რომელიც 2005-2008 წლებში გაზეთ სარბიელში გამოქვეყნდა. მათ შორის ინტერვიუები დიეგო მარადონასთან, მარსელ დესაისთან, ტანა უმაგასთან, გაბრიელა საბატინისთან, კრის ევერტთან, ეკატერინა გამოვასთან, მარიო პესკანტესთან. აქვე გამოცემაზე მომუშავე ავტორთა ჯგუფიც: ლაშა გოდუაძე, ილია ბაბუნაშვილი და თამაზ მიგრიაული.

დღესვე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ სპორტში მომუშავე ოთხი ჟურნალისტი სხვადასხვა პრემიით დააჯილდოვა: მიხეილ კაკაბაძის სახელობის ჯილდო ვეტერან ჟურნალისტს დემიკო ლოლაძეს გადაეცა; კოტე მახარაძის პრემია თემურ ჯაფარიძეს ერგო, ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრიზი ელენე ბილიხოძემ მიიღო, გურამ თიკანაძის სახელობის ჯილდო კი “მსოფლიო სპორტის” ფოტოკორესპონდენტმა ბადრი კეთილაძემ.

სპორტულ ჟურნალისტებს პროფესიული დღე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ვეტერანმა ჟურნალისტმა ჯამლეთ ხუხაშვილმაც მიულოცეს.

0.172154