ფეხბურთი

13:57 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გილერმო ვარელა: “სამხრეთამერიკელ უკანახაზელთა უმრავლესობისგან განვსხვავდები”

 შოტლანდიელი დევიდ მოიესის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ოლდ ტრაფორდელებმა პირველ კონტრაქტი 20 წლის ურუგვაელ მცველ გილერმო ვარელასთან გააფორმეს. ვარელა 2011 წელს ჩაირიცხა მონტევიდეოს “პენიაროლის” შემადგენლობაში და იმავე წელს ამ ტიტულოვანი კლუბის ძირითად შემადგენლობაში ჰქონდა დებიუტი. 11 ივნისს “მანჩესტერმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხუთწლიანი ხელშეკრულება დადო ურუგვაელ უკანახაზელთან, ამჟამად კი ვარელას უმთავრესი საზრუნავი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსვლაა, რომელიც თურქეთში სტარტს 21 ივნისიდან აიღებს.

 - დაგვიხასიათეთ საკუთარი თავი. როგორი სტილის ფეხბურთელი ხართ?

- ჩემი სტიქია დაცვაში თამაშია. მომწონს აგრესიული სტილი. ვფიქრობ, საამისოდ სისწრაფეც ხელს მიწყობს. ალბათ, სამხრეთამერიკელ უკანახაზელთა აბსოლუტური უმრავლესობიდან განვსხვავდები. მათ ხომ შეტევაში ჩართვა უყვართ და ხშირად ვინგერისგან ვერ გაარჩევ. მე უფრო დაცვითი ფუნქციების შესრულება მხიბლავს. იმასაც მოგახსენებთ, რომ მარჯვენაფლანგელი ვარ.

- თქვენ ძლიერ მხარეებად რას მიიჩნევთ?

- ყოველთვის ვცდილობ ემოციას არ ავყვე და ჩემზე მინდობილი საქმე ცივსისხლიანად შევასრულო. შედარებით ნაკლებემოციური გახლავართ და ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა რთულია. ვცდილობ, მოწინააღმდეგის სვლა წინასწარ განვჭვრიტო და ამოვიცნო. ინტელექტუალური ფეხბურთის მიმდევარი ვარ.

- საკმაოდ ბევრი დადებითი თვისება ჩამოგვითვალეთ. გასაუმჯობესებელი რომელი სათამაშო ელემენტები გაქვთ?

- კარგი სასტარტო და დისტანციური სისწრაფე მაქვს და ვფიქრობ, ეს ბუნებრივი შესაძლებლობები იერიშებში ჩართვის სამსახურში უნდა ჩავაყენო. “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლის შემდეგ უმთავრესად სწორედ ამაზე ვიზრუნებ.

- მონტევიდეოს “პენიაროლის” სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად არ ჩნდებოდით. რატომ?

- გუნდის მთავარ მწვრთნელად ხორხე და სილვა 2012 წლის თებერვალში დაინიშნა და მან მონტევიდეოში თავისი ყოფილი კლუბის “ბანფილდის” მოთამაშეები ბლომად მოიყვანა. და სილვა უფრო მეტ ნდობას მათ უცხადებდა და ამის გამო ცოტათი ვიჩაგრებოდი კიდეც.

- “მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტების თვალთახედვის არეალში როდის მოხვდით?

- როგორც მითხრეს, მანჩესტერელები ჩემი პერსონით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც არგენტინაში ჩატარებული 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები იხილეს. მგონი ცუდად არ მითამაშია. ეს იმის მიუხედავად მოხდა, რომ ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელებთან სათანადოდ შეთამაშებული არ ვიყავი. ამასთან, რთული საასპარეზო გრაფიკი გვქონდა და ძალიანაც ცხელოდა. მაინც მოვახერხე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, რასაც სხვა მოთამაშეებზე ვერ ვიტყოდი.

- “მანჩესტერ იუნაიტედის” რომელ მოთამაშეს მიამსგავსებდით საკუთარ თავს?

- ფიზიკურად მთლად მძლავრად ჯერ კიდევ ვერ გამოვიყურები, მაგრამ გავბედავ და საკუთარ თავს გაბრიელ ჰაინცეს შევადარებდი. უპირველესად, მის საქმისადმი მიდგომას ვგულისხმობ. თუკი არგენტინელივით ასპარეზობას მოვახერხებ, ძალიანაც კმაყოფილი ვიქნები.

- ახალ გარემოსთან ადაპტირება არ გაგიჭირდებათ?

- “ოლდ ტრაფორდზე” საკმარისი რაოდენობის ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებთანაც ესპანურად გასაუბრება შემიძლია. დავიდ დე ხეას, ხავიერ ერნანდესის, ანხელო ენრიკესის მეშვეობით ინგლისურსაც კარგად შევისწავლი მოკლე ხანში და მანჩესტერსაც კარგად გავიცნობ. “იუნაიტედში” გამოსაცდელი ვარჯიშები ჩავატარე და ამ წვრთნების დროს “ჩიჩარიტო” ძალიან დამეხმარა. მექსიკელი მწვრთნელთა ინსტრუქციებს მითარგმნიდა.

- უახლოეს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?

- 21 ივნისიდან 13 ივლისამდე თურქეთში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდება და ურუგვაის ღირსებას დავიცავ. რამდენადაც ვიცი, სხვა ქვეყნის ნაკრებთა რიგებში “იუნაიტედის” ფეხბურთელები გამოვლენ.

0.140531