21 წლის მცველი გიგი მჭედლიშვილი მარტვილის “მერანიდან” “ვიტ ჯორჯიაში” დაახლოებით წელიწადის წინათ გადაბარგდა და მიმდინარე სეზონში, “ვეტერინართა” რიგებში რეგულარულად ასპარეზობს. ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელს მცირე სანაკრებო გამოცდილებაც აქვს - ვლადიმერ გუცაევის 19 წლამდე ასაკობრივ გუნდში რამდენჯერმე უთამაშია. “მსოფლიო სპორტი” მჭედლიშვილს ესაუბრა და მის შესახებ სხვა საინტერესო ინფორმაციას ინტერვიუდან შეიტყობთ. აქვე დავძენთ, რომ ახალგაზრდა და შედარებით უცნობი ფეხბურთელების წარმოჩენას მომავალშიც ვეცდებით.
- რა ასაკში დაიწყეთ ფეხბურთის თამაში? როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?
- 8 წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა ბავშვთა საფეხბურთო კლუბ “ავაზაში” მიმიყვანა. ჩემი პირველი მწვრთნელი გივი ქობელაშვილი იყო. მოგვიანებით, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში გადავედი, სადაც ვახტანგ კოპალეიშვილი მავარჯიშებდა. ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მან უდიდესი როლი შეასრულა.
- რა არის თქვენი სათამაშო ამპლუა და რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
- ამპლუით მარჯვენა მცველი გახლავართ, მაგრამ რამდენჯერმე მარცხენა ფლანგზეც მითამაშია. საერთოდაც, გუნდს სადაც დავჭირდები, იმ პოზიციაზე ვითამაშებ.
- “ვიტ ჯორჯიაში” როგორ მოხვდით?
- მარტვილის “მერანში” ვთამაშობდი, როცა ზამთრის შესვენების დროს, “ვიტ ჯორჯიას” სელექციონერი დავით ფირცხალეიშვილი დამიკავშირდა და მის კლუბში გადასვლა შემომთავაზა. მეც ბევრი არ მიფიქრია და მალევე დავთანხმდი. ეს 2013 წლის თებერვალში მოხდა.
- კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების ვარიანტი თუ გქონიათ?
- ჯერჯერობით, არა. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
- სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, ორთაბრძოლები ხშირად გიწევთ... რამდენად ხისტი მცველი ხართ და ხშირად იღებთ თუ არა მსაჯისგან ბარათებს?
- დიახ, ორთაბრძოლები ნამდვილად ბევრი მიწევს. ხისტად თამაში მიყვარს და ამის გამო, ადრე ძალიან ბევრ ბარათს ვიღებდი. ბოლო დროს, გამოცდილება დამიგროვდა და წითელ-ყვითელი ბარათებიც მიღებასაც მნიშვნელოვნად მოვუკელი.
- როგორც გავიგეთ, მამათქვენიც ფეხბურთელი იყო. იქონია თუ არა გავლენა თქვენს ფეხბურთელობაზე მშობლის ფაქტორმა?
- დიახ, მამაჩემი – გიორგი მჭედლიშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. მას საქართველოს ბევრ კლუბში უთამაშია, მაგრამ საუკეთესო წლები ბათუმის “დინამოში” აქვს გატარებული. ზღვისპირეთში მისი კარიერის პიკი იყო. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებაზეც დიდი გავლენა იქონია და ფეხბურთელი გავხდი. მეამაყება, ასეთი მამა რომ მყავს.
- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები გაქვთ. 19 წლამდე ნაკრებში, შანსი ვლადიმერ გუცაევმა მოგცათ...
- დიახ, გუცაევის ნაკრებში 3 მატჩი მაქვს ჩატარებული. ასაკობრივ გუნდში შანსი თურქეთში, შეკრებაზე მივიღე. რა თქმა უნდა, დიდი და განსაკუთრებული ემოციები მქონდა, რადგან ნაკრებში პირველად ვიყავი.
- ისევ “ვიტ ჯორჯიას” მივუბრუნდეთ... რა არის მიმდინარე სეზონში თქვენი გუნდის მიზანი და რეალურად რა შანსი გაქვთ მის მისაღწევად?
- ამ სეზონში, ჩვენი მიზანი ექვსეულში შესვლაა. ვფიქრობ, ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე, მიზნის მიღწევის საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს.
- და ბოლოს... “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი კაპიტანი გიორგი ჯანელიძე “დინამოში” გადაბარგდა. როგორ ფიქრობთ, შეძლებს თბილისელთა რიგებში თავის დამკვიდრებას?
- ტრანსფერი ძალზე სასიხარულოა. ჩემი აზრით, ჯანელიძე “დინამოში” თავის სიტყვას იტყვის და თავსაც დაიმკვიდრებს. გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჯანელიძე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.