7 ივნისს თბილისის სპორტის სასახლე კიკბოქსინგში WFC ვერსიით K 1-ის ორთაბრძოლებს უმასპინძლებს, სადაც 72.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ქამრისათვის გიგა ჭიკაძე იბრძოლებს.
ორთაბრძოლების მხარდამჭერები არიან – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია, “აჭარაბეთი”, “სილქნეთი”, “რომპეტროლი”. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება სიმსივნით დაავადებულ მოქმედ და ვეტერან სპორტსმენთა ფონდში – “დაანოკაუტე სიმსივნე”.
ორთაბრძოლების გადასაღებად თბილისში ჩამოვა სპორტულ ტელეარხ “ევროსპორტის” გადაცემის – “ფაით კლუბის” გადამღები ჯგუფი.
გიგა ჭიკაძის მეტოქე მსოფლიო ჩემპიონის ქამარზე საბრძოლველად უახლოეს პერიოდში გაირკვევა. თავად სპორტსმენი ამჯერად ამსტერდამშია და მოახლოებული შეხვედრისათვის მზადებას იწყებს.
ჰოლანდიაში გამგზავრებამდე, გიგა ჭიკაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრი ლევან ყიფიანი შეხვდა და წარმატებები უსურვა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური