კალათბურთი

1:26 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია კაზანჯიანი: “ბოსნიელებს სირენის შემდეგ ჩაგდებული სამქულიანი ჩაუთვალეს”

 

მსაჯები რომ უმეტეს შემთხვევაში მასპინძლების მხარს იჭერენ, ეს არახალია. საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებთან მატჩში არბიტრების სიმუხთლე კიდევ ერთხელ გამოსცადა. 16-წლამდელმა კალათბურთელებმა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლებთან 62:75 წააგეს. მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს დავუკავშირდით...

- მესამე მეოთხედის ბოლოს დაწინაურება მოახერხეთ, რის შემდეგაც მეტოქემ 18:0 გაქცევა მოაწყო და მატჩის ბედი გადაწყვიტა...

- არ მინდა, მხოლოდ მსაჯებს დავაბრალო წაგება, ჩვენც ვერ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა სამართლიანი მსაჯობა რომ ყოფილიყო, მოგების რეალური შანსი გვექნებოდა. ასეთ შემთხვევაში კი უშანსოდ ვიყავით.

- კონკრეტულად რაში დაეხმარნენ მსაჯები მასპინძლებს?

- ყველაზე აშკარა მიკერძოება მესამე მეოთხედის ბოლოს იყო, როცა დრო დამთავრებული იყო, ბოსნიელებმა სამქულიანი ჩააგდეს და მსაჯებმა ჩათვალეს. ბოსნიელმა ბურთი სირენის შემდეგ ესროლა, მაგრამ... როცა მსაჯების უსამართლობაზე რეაქცია გვქონდა, ტექნიკურს გვაძლევდნენ. მთლიანობაში, მეორე ტაიმში 3 ტექნიკური მივიღეთ.

- 1 ტექნიკური ლევან გოგალაძეს მისცეს...

- გოგალაძემ ბურთი ჩააგდო და სანამ ბურთი კალათიდან იატაკზე დაეცემოდა, ხელით გააჩერა. ამის გამო ტექნიკური მისცეს. ეს მისი მე-4 ჯარიმა იყო. მე-4 პერიოდის დასაწყისში გოგალაძეს მორიგი ჯარიმა მოუგონეს და მოედნიდან გააგდეს. იყო კიდევ არაერთი მომენტი, სადაც მსაჯებმა მასპინძლების მხარე დაიჭირეს.

- მომდევნო მატჩში დანიას ხვდებით და თუ გაქვთ გასვლის შანსი?

- დანიამ ჩეხეთი 15 ქულით დაამარცხა, რაც ჩვენ გვაწყობდა. ახლა, თუკი ჩეხეთს ბოსნიაც მოუგებს, ჩვენ დანიას დამარცხებით შეგვიძლია ნახევარფინალში გასვლა. ცუდი ისაა, რომ დანიამ დიდი სხვაობით დაამარცხა ჩეხეთი. არ ვიცი, ვნახოთ, ჩვენ არაფერს დავიშურებთ, რომ სასურველ გამარჯვებას მივაღწიოთ.

15 აგვისტოს, საქართველოს და დანიის მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, მანამდე კი, 20:30 საათზე ბოსნია და ჩეხეთი ითამაშებენ.

www.gbf.ge

0.127987