მას შემდეგ, რაც ქართველმა 16-წლამდე კალათბურთელებმა ავსტრია დაამარცხეს და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს, სარაევოში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს შევეხმიანეთ, რომელმაც წარმატების მიზეზებზე ისაუბრა და განვლილი ეტაპი შეაფასა...
- ავსტრია ჩვენზე გაცილებით ტანმაღალი გუნდია. ეს უპირატესობა თავიდანვე გამოჩნდა და ამიტომაც ჩამოვრჩით. ჩვეულებრივი თამაშით წარმატებას ვერ მივაღწევდით, ავსტრიელებისთვის ბურთის გადმოტანა რომ დაგვენებებინა, მოგების შანსი არ გვქონდა. ჩვენს მოედანზე 2 ტანმაღალი მუდამ იმყოფებოდა, რომლებიც ბურთს ელოდნენ და თუკი მიიღებდნენ, მერე მათი შეჩერება ძალიან ძნელი იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ მთელს მოედანზე პრესინგი გვეთამაშა და მატჩის ბოლო 30 წუთზე მეტი სწორედ ამ ტაქტიკით ვთამაშობდით.
- გქონდათ პრესინგის თამაშის რესურსი?
- ხშირი როტაცია, ძალების გადანაწილება და ბიჭების მონდომება – პრესინგი ამ კომპონენტების ხარჯზე წარმატებით ვითამაშეთ, რამაც თამაში საკმაოდ გაგვიიოლა. როგორც ჩვენს, ისე მეტოქის მოედანზე საკმაოდ ბევრი ბურთი ჩავჭერით და სწრაფი შეტევებით საჭირო ქულებს ვითვლიდით. საბოლოოდ მეტოქეზე 9-ით მეტი – 15 ჩაჭრა მოვაგროვეთ, რაც დიდი უპირატესობაა.
- ვიტალი ცქიფურიშვილმა 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო...
- ვიტალი დღეს იუბილარია და როგორც საკუთარ თავს, ისე მთლიანად გუნდს ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა. არავის გამორჩევა არ მინდა, ყველამ კარგად ითამაშა. ცქიფურიშვილს კი იმიტომ ჰქონდა ჩაგდებული ბურთების მაღალი პროცენტულობა, რომ როგორც გითხარით, პრესინგის შედეგად ბურთებს ხშირად ვჭრიდით, ხოლო ცქიფურიშვილმა თითქმის ყველა ბურთი სწრაფი გარღვევით, ფარქვეშ შეჭრილმა ჩააგდო.
- ტურნირის 2 წაგებით დაწყების შემდეგ ჯგუფიდან გასვლა მოახერხეთ, რაც საკმაოდ იშვიათობაა...
- ტურნირი საკმაოდ უიღბლოდ დავიწყეთ. ჩეხეთთან მოსაგები მატჩი წავაგეთ, არადა, ეს გუნდი ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა და დღემდე ვთვლი, რომ ჩეხებთან ჩვენი საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ. არ გაგვიმართლა მომდევნო შეხვედრაში უნგრეთთან, რასაც მსაჯების მიკერძოება თუ შეცდომა დაემთხვა.
- კონკრეტულად რაზე ამბობთ?
- როგორც იცით, მატჩის ბოლო 5 წუთში ქულა ვერ მოვიპოვეთ, არადა, მატჩის ბოლოსწინა წუთზე გიორგი ცირეკიძემ წესების სრული დაცვით ჩააგდო ორქულიანი, თანაც მეტოქე მასზე დაჯარიმდა. ნორვეგიელმა მსაჯმა აშკარა ბურთი არ ჩათვალა. ფარქვეშ შესული ცირეკიძე მეორე ნაბიჯზე იყო, როდესაც მეტოქე ეუხეშა. ის ბურთიც უნდა ჩათვლილიყო და საჯარიმოც უნდა ესროლა და ნაცვლად იმისა, რომ ასე მომხდარიყო და დავწინაურებულიყავით, მსაჯმა ბურთი გააუქმა.
ამას მოჰყვა ჩვენი დაჯარიმება და ასე მოგვიგეს უნგრელებმა 4 ქულით – 63:59. მატჩის შემდეგ მოედანი არ დამიტოვებია, იმ ეპიზოდს ვაპროტესტებდი. დარბაზში ღამის 12 საათამდე დავრჩით და კომისარ-მსაჯებთან ვამტკიცებდით ჩვენს სიმართლეს. მეორე დღეს კომისარმა აღიარა, რომ იმ ეპიზოდში მსაჯი შეცდა, უნდა ჩაეთვალა ცირეკიძის ბურთი და უნგრელიც უნდა დაეჯარიმებინა, თუმცა ეს მხოლოდ აღიარება იყო და მატჩის შედეგს ვერაფრით ვერ შეცვლიდნენ.
ნორვეგიელ არბიტრს საჯარიმო სანქციები არ ასცდება, თუმცა ეს ჩვენთვის რა შვებაა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მძიმე და უიღბლო დასაწყისის მიუხედავად, ბიჭებმა მაინც მოახერხეს ძალების მობილიზება და ჯგუფიდან გასვლა შევძელით.
- მომდევნო ეტაპზე
-
- რამდენად რეალურია მეორე ჯგუფიდან გასვლა?
- ჩვენი პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ნახევარფინალში გასვლა უდიდესი წარმატება იქნება, რისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოგვივა, მალე გამოჩნდება.
www.gbf.ge