ფეხბურთი

16:58 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია ისიანი – სტადიონების უსაფრთხოებაზე, 16-გუნდიანობაზე, “დილას” პრობლემებზე

 

ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში ძალიან იმატა აგრესიამ. ვინ არის ეს ხალხი და რა მიზნით მიდიან სტადიონზე, არ გაირჩევა. ქედაში მსაჯი ისე სცემეს, 52 ნაკერი დაადეს; ქობულეთში “შუქურასა” და ფოთის “კოლხეთის” გულშემატკივრებმა იჩხუბეს და მატჩი 10 წუთით შეწყდა; მანამდე იყო ხმაურიანი ამბავი ქუთაისში “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” მატჩზე, ასევე გორში “დილა”-ვიტ ჯორჯიისას”, სამტრედიაში “მერანი”-“შუქურას” სათასო შეხვედრისას.

ზომებია გასატარებელი და მხოლოდ კლუბების დაჯარიმებით საშველი არ იქნება. უსაფრთხოების საკითხებში, ქართულ ფეხბურთში ყველაზე კომპეტენტური პიროვნება გია ისიანი გახლავთ, რომელიც ამჟამად გორის “დილას” მენეჯერია, მანამდე კი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის “დინამოში” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უსაფრთხოების ოფიცრად.

ისიანი “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში ბევრ საინტერესოს ამბობს:

-       ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისია რომ შეიქმნა, ძალიან კარგია. ეს უნიკალური მოვლენაა. მათ, უპირველესად, სწორედ ვანდალური ფაქტები უნდა განიხილონ და იზრუნონ აღმოფხვრაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ კონტროლზე აიყვანონ ასეთი ადამიანები. სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში კოცნაზე 80 ლარია ჯარიმა და იმავე ადგილებში, დედის გინება ჩვეულებრივი ამბავი გახდა. შსს უნდა ჩაერიოს და მობიზილებული შეხვდეს ამა თუ იმ მატჩს. როცა “დინამოს” უსაფრთხოების ოფიცერი ვიყავი, დიდუბე_ჩუღურეთის რაიონიდან 20-30, ზოგჯერ 40 პოლიციელსაც აგზავნიდნენ მატჩზე. იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდი რისკის თამაში იყო. სადაც არ უნდა ტარდებოდეს მატჩი, იმ პიროვნებებმა უნდა აგონ პასუხი, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ სტადიონზე უსაფრთხოება. ამ უფულო კლუბებისთვის ჯარიმების დაკისრება გამოსავალი არაა. ვაღიარებ, გორშიც მოხდა ცუდი ფაქტი, რამდენიმე მაყურებელი გადმოვიდა სტადიონზე და 4000 ლარით დაგვაჯარიმეს. ამიტომაც არის საჭირო, რომ კონტროლზე იყოს აყვანილი შსს-სგან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი უნდა მოიწვიოს ყველა კლუბიდან უსაფრთხოების ოფიცრები და სემინარი უნდა ჩატარდეს. ერთხელ მაინც დაურეკონ, ინსტრუქციები დაურიგონ. უსაფრთხოების ოფიცერმა უნდა გააგებინოს მაყურებლებს, რომ ვინც დააშავებს, უმკაცრესად დაისჯება. დაზღვეული არავინაა, შესაძლოა, მაინც გადმოხტეს ვინმე და ვანდალიზმი მოხდეს, მაგრამ შენ ხომ ყველა პირობა უნდა დაიცვა. ეს ყველაფერი დროულად გასაკეთებელია, სანამ უბედურება არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, ქობულეთში “შუქურას” ხელმძრვანელობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ფოთის “კოლხეთი” უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო შინ, მაგრამ ამდენი ადამიანის შეკავება მათ ძალებს აღემატებოდა. რა გამოდის, ისევ კლუბი ზარალდება, ფულს იხდის და ის ვაი-გულშემატკივრები, ალბათ, დასცინიან.

-       სხვა ქვეყნებში როგორ იბრძოლეს ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად?

-       გახსოვთ, ბოლო წლებში ინგლისში რაიმე მომხდარიყოს? არადა, ინგლისელი ქომაგები როგორი ხულიგნობით გამოირჩეოდნენ, ყველამ იცის. იქ მიიღეს კანონი, რომ ამა თუ იმ ადამიანს, 4-5 წლით უკრძალავენ სტადიონზე შესვლას (ყოფილა სამუდამო სასჯელებიც). 2009 წელს ევროპარლამენტში, სტრასბურში იმსჯელეს სტადიონებზე მომრავლებული ვანდალური ფაქტების აღმოფხვრაზე, სადაც მეც გახლდით. ეს იყო სემინარი და იქ ყველა ქვეყანა გააფრთხილეს, რომ მაქსიმალური ყურადრება გამოეჩინათ. სწორედ სახელმწიფო უწყებებისგან დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს, რაზეც ზემოთ გითხარით.

-       გასაგებია. სხვა თემაზეც: საუბარია 16-გუნდიანი უმაღლესი ლიგის ჩატარებაზე. თქვენი აზრი როგორია?

-       სურვილი შეიძლება გვქონდეს. რა სჯობს, თუ 16 მოწესრიგებული გუნდი იქნება და გეოგრაფია გაიზრდება. სწორედ ამიტომაც, “დილამ” ხელი მოაწერა 16-გუნდიანობაზე, მაგრამ დავურთეთ, რომ იმ შემთხვევაში დავეთანხმებით საბოლოოდ, თუ ინფრასტრუქტურა ექნებათ მოწესრიგებული კლუბებს, თუ იმის გარანტია იქნება, რომ სეზონის ბოლომდე ჩამთავრებაში პრობლემები არ შეექმნებათ. იქნება ამის გარანტია? მაშინ ძალიან კარგი. ისე, კარგია, რომ სახელმწიფო კომისია შეიქმნა და ასეთი კომპეტენტური პირები ფეხბურთში იქნებიან ჩაბმულნი. დიდი ნაბიჯი გადაიდგა. კარგი იქნებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი კლუბებიდან ერთი ადამიანი მაინც ყოფილიყო ამ კომისიაში.  

-       გორის “დილა” წლეულს კარგ შედეგს ვერ აჩვენებს. რას აბრალებთ?

-       პირობების მხრივ, ნამდვილად არ გაუარესებულა სიტუაცია. გუნდს არაფერი აკლია, მაგრამ ფეხბურთელებისა და მწვრთნელის წელიწადში ორ-სამჯერ შეცვლა რომელ გუნდს არ დააზარალებდა? ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. თანაც, 5-6 ფეხბურთელი რომ იცვლებოდეს, გასაგებია. 12 ფეხბურთელი წავა, 12 მოვა... დანიის “ოლბორგთან” თამაშის წინა დღეს წარვადგინეთ ახალი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი. მაისურების გადასაცემად ხალხი არ გვყოფნიდა. დანიელები გაოცებულები იყვნენ, რა ხდებაო... ალბათ, იფიქრეს, ეს რა კლუბია, იოლად გადავუვლითო. შესაძლოა, მოეშვნენ კიდეც. მიზანი სულ სხვა გვქონდა: ის, რომ გუნდის შემადგენლობა აწყობილიყო, ყოველ 3 თვეში არ შეცვლილიყო, თუმცა ფინანსური არასტაბილურობის გამო ეს ვერ ხერხდებოდა. ბოლო მატჩებში წარუმატებლობას რაც შეეხება, ჯერ ისედაც ახალი გუნდი გვყავს და 7 ფეხბურთელი გვაკლდა ტრავმების გამო.

-       ქვედა ექვსეულში ხართ, თუმცა თასის ნახევარფინალში გახვედით და “დინამოსთან” გელით დაპირისპირებები.

-       აქცენტი სწორედ თასზე გვაქვს გადატანილი. მოუთმენლად ველით თბილისის “დინამოსთან” საშინაო მატჩს, რომელიც 8 აპრილს გაიმართება. ეს ის მატჩია, სადაც ტრიბუნების მაქსიმალურად შევსებას ველით.

0.115329