ფეხბურთი

20:42 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია ისიანი – 3-წლიან პროექტზე, “დილას” ამბებზე

ეროვნული ჩემპიონატის დაფინანსების თემა აქტუალურია ქართულ ფეხბურთში. საშინელებაა, როცა ქართული კლუბების დიდ ნაწილს გეგმა არ აქვს მოხაზული და არ იცის, ერთი თვის შემდეგ როგორი მდგომარეობა ექნება. იშლება გუნდები, შემდეგ ფეხბურთელთა ბირთვი ერთი კლუბიდან მეორეში გადადის და გუნდს უკვე ვეღარც ცნობ. არის ფეხბურთელთა კატეგორია, რომლებსაც 24-25 წლის ასაკში 10-ზე მეტი კლუბი აქვთ გამოცვლილი.

“დილას” მენეჯერ გია ისიანს ადრეც უსაუბრია ჩემპიონატში დაფინანსების პროექტზე. ისიანმა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში ჩამოაყალიბა, როგორ ესახება გზები:

-       ეს არის 3-წლიანი დაფინანსების პროექტი, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფო კლუბების პროფესიულ კლუბებად ჩამოყალიბება. როდესაც კლუბს ექნება 3-წლიანი გარანტია, იქ უკვე აეწყობა თანამშრომლობა სატრანსფერო საკითხზე, შეკრების დაგეგმვაზე, სხვა მოქმედებების წინასწარ გათვლაზე.

-       ამ პროექტის შესახებ, მთავრობის წარმომადგენელს თუ ესაუბრეთ?

-       საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვს ვესაუბრე და ძალიან მოიწონა. მითხრა, რომ ეს პროექტი განსახილველად გავა პარლამენტში. ბატონ ხაბელოვს ვუთხარი, რომ “დილაში” 132 ადამიანია დასაქმებული, ჩვენს სტადიონზე 21-წლამდელთა და 19-წლამდელთა მატჩები ჩატარებულა. ასევე, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე სხვა კლუბებს (“დილას”) უთამაშიათ აქ. შევიძინეთ მინი-ბუსი და ასევე 7-ადგილიანი მანქანა მწვრთნელებისთვის. “დილა” შემდგარი კლუბია. მადლობის წერილები გვაქვს მიღებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან იმის გამო, რომ მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ 21-წლამდელთა და 19-წლამდელთა მატჩებს. უეფადანაც კარგად შეაფასეს ჩვენი მუშაობა. აღსანიშნავია, რომ “დილას” სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში 505 ბავშვი ვარჯიშობს უფასოდ და ასევე, “ქართლის” სტადიონზე 100 ლტოლვილი ბავშვიც “დილას” სახელით გამოდის. ცხადია, ისინიც უფასოდ. მათ აქვთ ბურთები, სავარჯიშო და სათამაშო ფორმები და ეს ყველაფერი უფასოდ.

-       “დილა” საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს და ეროვნულსაც კი აწვდის ფეხბურთელებს.

-       ეს კიდევ სხვა საკითხია: 5 ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების წევრი, ან კანდიდატია. ასაკობრივებშიც გვყავს. თუ ეს 3-წლიანი პროგრამა იქნება, კლუბი მშვიდად გააგრძელებს წინსვლას. გვერდში გვიდგას მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, საერთოდ, გორის “დილა” ბოლო წლებში საქართველოს გარეთ გაიცნეს კარგი კუთხით. გვყავს გენერალური სპონსორი “ავტოგაზპრო”, რომელიც ფეხბურთელებს მანქანისთვის საწვავით უზრუნველყოფს. თანხაც გადმოუცია. “ავტოგაზპროს” გენერალური დირექტორი სანდრო ლილუაშვილი დასასვენებელ საგზურს გადასცემს “დილას” ამ სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო 2 ფეხბურთელს.

-       და ამ 3-წლიანი პროექტის შემდეგ რა მოხდება?

-       ამა თუ იმ ინვესტორისთვის გაცილებით საინტერესო გახდება კლუბი. დღეს კი რა ხდება? არავის სურს კლუბი, სადაც იცი, რომ ფეხბურთელებს 6-თვიანი კონტრაქტები აქვთ და წასვლაში ხელი არ შეეშლებათ. რომ ნულიდან არ დაიწყება ყველაფერი. ფაქტობრივად, კერძო კლუბებს ისე მიჰყავთ ფეხბურთელები, რომ შენ არაფერი გრჩება. უფასოდ მიმწოდებლები გამოვდივართ და შემდეგ გვრჩება ის ფეხბურთელები, რომლებიც იმ კერძო კლუბებში დაიწუნეს. ასეთ სიტუაციაში რთულია ინვესტორი დააინტერესო, ხოლო როცა გაწერილი გეგმა გექნება, მაშინ დაინტერესდება.

-       “დილაში” ამ ზამთარს რა სატრანსფერო სიახლეებს ველოდოთ?

-       ჯერჯერობით, ამ ერთი ტურის დასრულებას ველოდებით. ბოლო ტურებში გამოსწორდა სიტუაცია შედეგის მხრივ. ვნახოთ, ჯერ ამ პროექტზე ვისაუბროთ.

0.135211