უეფას ევროპის ლიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, ბელგიის “გენკთან” საშინაო ფრეს (0:0) შემდეგ, მახაჩყალის “ანჟის” მცველმა გია გრიგალავამ განაცხადა, რომ ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს.
“რთული თამაში იყო და ჩემი აზრით, ანგარიში ლოგიკურია. ფიზიკური მდგომარეობა? მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში სეზონი მიმდინარეობს, მეტოქეს ამ კომპონენტში არაფერი დავუთმეთ. პირიქით, მეორე ტაიმის შუაწელიდან ვჯობდით. ჩემი აზრით, 0:0-ის შემდეგ შანსები თანაბარია. სახლში გოლი არ გაგვიშვია და ე.ი. სტუმრად ჩვენთვის შედეგიანი ფრეც მისაღებია. თუმცა, პრიორიტეტული კვლავ გოლის არგაშვებაა, ხოლო შეტევაში დარწმუნებული ვარ მომენტები გვექნება” – იუწყება საქართველოს ეროვნული გუნდის მცველის სიტყვებს “ანჟის” ვებგვერდი.