გუშინაც ვიუწყებოდით - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2010 წლის ყრილობამ ზედიზედ მეორედ, ამჯერად 4 წლის ვადით, პრეზიდენტად, საერთაშორისო დიდოსტატი გია გიორგაძე აირჩია.
ყრილობაზე, რომელიც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა, 73 დელეგატი იყო მიწვეული, რომელთაგან 59 ესწრებოდა.
ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნდა ზურაბ მიქაძემ, ხოლო გენერალური მდივნის ვაკანტური ადგილი აკაკი იაშვილმა დაიკავა, რომელიც ამავდროულად აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზეც დარჩება.
გამგეობაც იგივე დარჩა, რომელსაც მხოლოდ ორი მწვრთნელი – ლაშა ჯანჯღავა და ხვიჩა სუპატაშვილი დაემატება. ერთი ადგილი კი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სპონსორ “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გამოუყვეს.
ცვლილებები შეიტანეს ფედერაციის წესდებაშიც. კონკრეტულად - საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, მომავალში ოთხ წელიწადში ერთხელ, მე-4 წლის მე-4 კვარტალში გაიმართება. წესდებაში ასევე არის კანონი, რომელიც გამგეობას უფლებას აძლევს, მოქმედი პრეზიდენტი, პრეტენზიის დამტკიცების შემთხვევაში, იმპიჩმენტის წესით გადაირჩიოს.
ბოლო 12 წელიწადში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან, ეს უკანასკნელი იმდენად მშვიდ ვითარებაში დაიწყო და ასევე მშვიდად დასრულდა, რომ ყრილობის დამსწრე დელეგატებიც კი ვერ ფარავდნენ გაკვირვებას.
ყრილობის დღის წესრიგში 5 საკითხი იდგა:
1. საანგარიშო მოხსენება.
2. სამანდატო კომისიის მოხსენება.
3. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები
4. წესდებაში ცვლილებები
5. გამგეობის არჩევნები
საანგარიშო მოხსენებით გია გიორგაძე გამოვიდა:
“მინდა, ჩემი საანგარიშო მოხსენება სასიხარულო ინფორმაციით დავიწყო. რაგბთან და სამბოსთან ერთად, ჭადრაკი ოლიმპიურ სახეობებს გაუთანაბრდება.
წლეულს ჩვენი ფედერაციის ბიუჯეტმა ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხაში არ შედის რეგიონში ჩატარებული ტურნირების დაფინანსება.
როცა პრეზიდენტად მოვედი, სერიოზული პრობლემა დამხვდა ვალების სახით, რომელიც 90 ათას ლარს შეადგენდა. ამჟამად ეს ვალი დაფარულია. ყველაფერს ვაკეთებთ მე და ჩემი გუნდი საიმისოდ, რომ ჭადრაკის ფედერაცია ძლიერი ორგანიზაცია და პარტნიორი იყოს.
ჩვენ შევინარჩუნეთ სპონსორი “ქართუ” და შევიძინეთ ახალი, “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” სახით. ჩავატარეთ 4 საერთაშორისო ტურნირი: 1. მერიის თასი; 2. მაია ჩიბურდანიძის თასი; 3. ნანა ალექსანდრიას თასი; 4. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი. ეს უკანასკნელი ტურნირი და ხანტი-მანსიისკის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების ვადები ერთმანეთს დაემთხვა. მადლობა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ტურნირის დირექტორ აკაკი იაშვილს, რომელმაც თავის მოვალეობა კარგად შეასრულა. შევქმენით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდი გამოვეცით 2 წიგნი.
დაგვპირდნენ, რომ ჭადრაკის ფედერაციის შენობა ჩვენი იქნება. მოსაწესრიგებელი იყო შენობის სახურავი, შიდა ინტერიერი და გარე ფასადი. ეს ყველაფერი წესრიგში მოვიყვანეთ და ახლა სახელმწიფოსაგან პასუხს ველით.
შეიქმნა ქალთა საჭადრაკო კლუბი “სამაია”.
სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ საქართველოს თასის გათამაშებისა და საკლუბო ჩემპიონატის ორგანიზება. თუ არ ჩავთვლით ბაადურ ჯობავას, პრობლემები გვაქვს ვაჟთა ჭადრაკში. ასევე პრობლემებია ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში, გარდა 16-18-წლამდელებისა.
ჩემი პრეზიდენტობის დროს, ყველაზე დიდ წარმატებად ქალთა შორის, დრეზდენის 2008 წლის ოლიმპიადის მოგება, 2010 წლის ოლიმპიადის მე-3 ადგილი, მე-2 ადგილი ევროპის პირველობაზე და ევროპის ინდივიდუალურ პირველობაზე ბაადურ ჯობავას მიერ მოპოვებული ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები მიმაჩნია”.
გიორგაძის მოხსენების შემდეგ, სიტყვით გამოვიდნენ: მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები - ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნანა ალექსანდრია, დრეზდენის 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი მაია ლომინეიშვილი, მოჭადრაკე ბეგლარ ჯობავა და მწვრთნელი სულიკო მეგრელიშვილი.
გია გიორგაძის პრეზიდენტობის პერიოდში, ფედერაციის მუშაობა წარმატებულად შეფასდა.
ამის შემდეგ, დადგა არჩევნების დრო. რადგან პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიტატი გია გიორგაძე იყო, კენჭისყრა ღიად ჩატარდა. ყრილობამ პრეზიდენტად გიორგაძე ერთხმად აირჩია. წინააღმდეგი არავინ ყოფილა და არც თავი შეუკავებია ვინმეს. საპრეზიდენტო ვადის დროს განსახორციელებელი გეგმის შესახებ გიორგაძემ თქვა: “ჩემს გეგმაში ძირითად ადგილს დაიკავებს: 1. პროფესიული ჭადრაკის განვითარება, 2. ბავშვთა ჭადრაკის განვითარება. 3. ჭადრაკის განვითარება რეგიონებში, 4. ჭადრაკის განვითარება სკოლებში.
ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ხელი შევუწყო პროფესიული ჭადრაკის განვითარებას. ყველაზე მეტად კაცების ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს მისახედი, რომელიც მომავალ 2011 წელს ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. გვინდა გაიზარდოს კონკურენცია როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის. უკონკურენტოები მხოლოდ ბაადურ ჯობავა და ნანა ძაგნიძე არიან. მართალია, ჩვენ არ გვაქვს იმდენი ბიუჯეტი, როგორც ჩვენს მეზობლებს (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი...) მაგრამ ძაგნიძეს და ჯობავას მაქსიმალურად დავეხმარებით.
ასევე, დიდ დახმარებას გავუწევთ ბავშვთა და რეგიონების ჭადრაკის განვითარებას. შეიქმნება ბავშვთა დაოსტატების სკოლა. დამანახეთ შედეგი ბავშვთა ჭადრაკში და დაუფინანსებელი არავინ დარჩება. ფიდეს ერთ-ერთ მიზანს, სკოლებში ჭადრაკის სწავლება წარმოადგენს. ამ მიზანს გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით. აღდგება ჩემპიონატი სკოლებს შორის”.
და ბოლოს, 2011 წელი ქალთა ჭადრაკის წელია. დაბადებიდან 70 წელი ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, ხოლო მაია ჩიბურდანიძესა და საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულ ნინო გურიელს ნახევარსაუკუნოვანი იუბილე უსრულდებათ.
როლანდ ლაბუჩიძე







