ჭადრაკი

19:29 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია გიორგაძე: “ვაჟები ათეულში მოსახვედრად, ქალები კი ერთ-ერთი სინჯის მედლისთვის იბრძოლებენ”

დღეს, 29 ივლისს, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდების წარდგენა მოხდა, რომლებიც ტრომსოს (ნორვეგია) 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. აღნიშნული ტურნირი 1-15 აგვისტოს გაიმართება.

როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ნაკრები გუნდები სპეციალურად მათთვის შეკერილი ფორმით არიან შემოსილნი.

ტრომსოში დაგეგმილი საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად, 11 აგვისტოს ფიდესა და ევროპის ჭადრაკის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ფიდეს პრეზიდენტობისთვის მოქმედი პრეზიდენტი რუსი მილიარდერი კირსან ოლუმჟინოვი და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გარი კასპაროვი იბრძოლებენ, რომელმაც ცოტა ხნის წინ საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა და ამჟამად ხორვატიის მოქალაქეა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ჭადრაკის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებია. პრეზიდენტობისთვის, მოქმედი პრეზიდენტი პეტარ დანაილოვი (ბულგარეთი) და ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი არიან წარდგენილნი.

აღნიშნულ ოლიმპიადაზე, კონკრეტულად კი 13 აგვისტოს გაირკვევა 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლის ვინაობა. 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობაზე პრეტენზიას ბათუმი (საქართველო) და დურბანი (სამხრეთ აფრიკა) აცხადებენ.

ტრომსოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე საასპარეზოდ საქართველოს დელეგაცია 31 ივლისს მიემგზავრება. აღნიშნულ ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ “მსოფლიო სპორტი” ზურაბ აზმაიფარაშვილს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს და ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდების ლიდერებს, ბაადურ ჯობავასა და ნანა ძაგნიძეს გაესაუბრა.

ზურაბ აზმაიფარაშვილი: “ტრომსოს 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყების წინ დავასრულე ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება, რომელიც 11 აგვისტოს ჩატარდება. ტრომსოში იმედიანად მივემგზავრები, რადგან წინასაარჩევნოდ დიდი სამუშაო ჩავატარე.

რაც შეეხება ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრებ გუნდებს, იმედია მანდილოსნები ერთ-ერთი საპრიზო ადგილისთვის, ხოლო ვაჟები პირველ ათეულში მოსახვედრად იბრძოლებენ...”

გია გიორგაძე: “შეგახსენებთ, რომ ტრომსოს 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა გუნდი მე-4, ხოლო ვაჟები კი მე-20 ნომრად არიან განთესილნი. ჩვენი გუნდების გამოსვლას წარმატებულად ჩავთვლი, თუ ქალები ერთ-ერთი სინჯის მედალს აიღებენ, ხოლო რაც შეეხება 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლის ვინაობას, ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი 13 აგვისტოს არჩევნებში გაირკვევა, სადაც 181 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას...”

ბაადურ ჯობავა: “ნაკრებმა ორი შეკრება გაიარა ლოპოტაზე. კარგად ვართ მომზადებული და ვეცდებით პირველ ხუთეულში მოვხვდეთ. ოლიმპიადის ფავორიტებად უკრაინას და აშშ-ს ვთვლი, რომლებსაც კარგი გუნდები ჰყავთ...”.

ნანა ძაგნიძე: “ისევე როგორც ვაჟთა ნაკრებმა, ლოპოტაზე ჩვენც ორი შეკრება გავიარეთ. გუნდი კარგად არის მომზადებული და ვეცდებით მინიმუმ ერთ-ერთი სინჯის მედალი ავიღოთ...”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147273