ფეხბურთი

20:48 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: “ ზესტაფონს საბრძოლო განწყობა არ აკლია”

საფეხბურთო მუნდიალის შემდეგ, წესით, ფეხბურთის ქართველ ქომაგთა ყურადღება ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე იმ გუნდების მიმართ არის მიპყრობილი, რომლებიც ევროპულ ასპარეზზე ქვეყნის ღირსებას იცავენ. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ევროპის ლიგაზე მეორე ეტაპიდან უწევს ჩაბმა. იმერთა გუნდის მეტოქე სლოვაკური “გორგონლიგის” მესამეადგილოსანი ტრნავის “სპარტაკი” იქნება. სლოვაკებთან ურთიერთობა ფეროელთა გუნდისათვის სასიამოვნო მოგონებად რჩება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ “ზესტაფონმა” ევროპის ლიგაზე ორმატჩიან დუელში აშკარად აჯობა ამ ქვეყნის წარმომადგენელს, ბანსკა-ბისტრიცას “დუკლას”.

მატჩის წინა დღეს ტრადიციულად “დავით აბაშიძეზე” ორივე გუნდმა გამართა ვარჯიში და წინასამატჩო პრესკონფერენცია. თავდაპირველად, 19:00 საათზე “ზესტაფონის ვარჯიში ჩატარდა, რომლის დაწყებამდე გუნდის დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა. დასაწყისში, გამოცდილმა სპეციალისტმა კლუბის პრესმდივნის, სერგო ფუტკარაძის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა გუნდის წინასამატჩო მდგომარეობას:

გია გეგუჩაძე: “გუნდში საბრძოლო განწყობაა. მზადების ხანგრძლივი ეტაპი გავიარეთ. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლუბის ყველა ფეხბურთელი მზადაა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინოს. მისასალმებელი ფაქტია, რომ ზესტაფონს ევროპული ფეხბურთი დაუბრუნდა. ამიტომ, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ამ ადამიანებს იმედები გავუმართლოთ. ხვალინდელი დღე ყველაფერს გვიჩვენებს”.

- მოწინააღმდეგის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?

- ტრნავას “სპარტაკის” შესახებ გვაქვს ინფორმაციები, თუმცა არასრულყოფილი. უშუალოდ დავესწარი “სპარტაკის” პაექრობას მალტის “ჰიბერნიანთან”. ამ მატჩით ძნელია ამ გუნდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღო, რადგანაც მეტოქე ნაღდად ვერ იყო სასურველი დონის. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ “სპარტაკი” ტრადიციული სლოვაკური გუნდია, თამაშობს ხისტ, შემტევ ფეხბურთს. გუნდი კარგადაა შეთამაშებული, ბევრს მოძრაობენ და საკმაოდ კრეატიულებიც არიან. ერთიანობაში საინტერესო მეტოქესთან მოგვიწევს ურთიერთობის გარკვევა.

- თქვენს გუნდში ბევრი ახალწვეულია. იყო თუ არა მოსამზადებელი დრო საკმარისი ფეხბურთელების შესათამაშებლად?

- რა თქმა უნდა მეტი დრო სასურველია. ყველანი თავად დარწმუნდებით იმაში, რომ ერთი თვის შემდეგ “ზესტაფონი” გაცილებით უკეთ გამართულ ფეხბურთს ითამაშებს და სულ სხვა გუნდი ვიქნებით, მაგრამ ამ მომენტისათვის ეს არაფერს არ ცვლის. ახლა ვალდებულნი ვართ დასახული მიზანი შევასრულოთ. სლოვაკეთში გამგზავრების წინ სასურველი ანგარიში დავაფიქსიროთ.

- “სპარტაკის” შარშანდელ შეხვედრებს თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ტრნაველებს უფრო საშინაო გუნდის რეპუტაცია აქვთ. ხომ არ გინახავთ ამ გუნდის საგარეო პაექრობები, თუ როგორი ტაქტიკური მონახაზით თამაშობენ ისინი გასვლაზე?

- ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ “სპარტაკი” ე.წ საშინაო გუნდია. ჩვენ გვაქვს ნანახი მატჩები, სადაც ისინი წარმატებით თამაშობენ გასვლით მატჩებშიც. ვნახეთ, სლოვაკეთის პირველი ტურის მატჩიც, სადაც წარმატებას მიაღწიეს. ერთიანობაში, როგორც თავშივე ვთქვი, საქმე გვაქვს შემტევ გუნდთან. გარკვეულწილად, მე ეს ამბავი არ მწყინს, რადგანაც ყველაზე ნაკლებად ისეთ გუნდებთან არ მსიამოვნებს თამაში, რომლებიც მთელი მატჩი ჩაკეტილ და ჩამჯდარ ფეხბურთს თამაშობენ.

- გელაშვილს ტრავმა აწუხებდა. მისი მდგომარეობა როგორია, შეძლებს თუ არა იგი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობის მიღებას?

- ნიკას მართლაც აწუხებს ტრავმა. ამ საკითხს ხვალ, მატჩის დღეს გადავწყვიტავთ. იმედია გელაშვილი შეძლებს მოედანზე გამოსვლას და გუნდის დახმარებას.

- საბანაძის საკითხი როგორ გადაწყდა?

-  მე ვთვლი, რომ ამ ფეხბურთელს ნამდვილად შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, ოღონდ, უპირველესად, მან თავად უნდა ირწმუნოს ეს ყველაფერი. ჩვენ არავითარი სადამსჯელო ღონისძიებებისათვის არ მიგვიმართავს. ამ ეტაპზე ამ ფეხბურთელმა არჩია გუნდიდან წასვლა და ჩვენ ხელი არ შეგვიშლია.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ “ზესტაფონის” ვარჯიში დაიწყო. გია გეგუჩაძის შეგირდები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილნი. ერთნი რამდენიმე შეხებით ცდილობდნენ ბურთის გათამაშებას. გაცილებით საინტერესო იყო ფეხბურთელთა მეორე ჯგუფის გარჯა, რომლებიც ცდილობდნენ კომბინაციური საფეხბურთო ელემენტების დახვეწას. ზესტაფონელთა თერთმეტეული ერთი შეხებით ცდილობდა ხელოვნური მცველი-ბარიერების გადალახვას. ამის შემდეგ დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში ნახევარ მოედანზე ფეროელებმა ფეხბურთი გააჩაღეს, თუმცა აქაც მათ გარკვეული ტაქტიკურ მონახაზები ჰქონდათ შესასრულებელი. საათიანი ვარჯიშის შემდეგ კი ზესტაფონელებმა წვრთნა დაასრულეს და ადგილი სლოვაკებს დაუთმეს.

“ზესტაფონისა” და “სპარტაკის” დაპირისპირება 17 ივლისს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. 

 

0.151875