ფეხბურთი

16:09 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: "საქართველოში ფეხბურთელთა რესურსი არის"

ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს იმდენი ცუდი მოვლენა მოხდა, ისე მიეწყო წაგებები ერთმანეთს, რომ ბევრმა საბოლოოდ აიცრუა გული. არადა, არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია - მოთმინება და სახელების სწორად დარქმევაა საჭირო. მსჯელობა, აზრის გაცვლა-გამოცვლა, კამათი – ეს სჭირდება ქართულ ფეხბურთს. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ რესპოდენტად გია გეგუჩაძე აგვერჩია – ის, ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფიგურა იყო და ფიგურად რჩება მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უმუშევარია.

- დიდხანს ხომ არ გაგიგრძელდათ უმუშევრად ყოფნა?

- შეიძლება ჩაითვალოს, რომ მართლაც დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ საინტერესო წინადადებები არ მიმიღია.

- არადა, იყო კულუარული საუბრები, რომან ფიფია და გეგუჩაძე ერთმანეთს შეხვდნენ და შესაძლო თანამშრომლობაზე ილაპარაკესო.

- არანაირი წინადადება არ ყოფილა "დინამოსგან".

- ვიცით, რომ ჩემპიონატის თამაშებს ესწრებით...

- დიახ, დავდივარ და ვცდილობ, არ მოვწყდე საფეხბურთო ამბებს. ვკითხულობ, ფეხბურთში ახალ-ახალ ინფორმაციებს ვეცნობი. მეტი დრო მრჩება ოჯახისთვის, ბავშვები დამყავს ფეხბურთზე.

- …საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩებს როგორ შეაფასებდით?

- მკვეთრ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. ყველანი უკეთეს შედეგს ველით, მაგრამ მოთმინებით უნდა ვიყოთ. ქართველ ფეხბურთელებს აქვთ იმის რესურსი, რომ შედეგი უკეთესი აჩვენონ, მაგრამ ამ ყველაფერმა, დღევანდელის შემხედვარე, მომავლისკენ გადაიწია.

- შედეგი ყველასთვის გასაგებია და თამაშში თუ ხედავთ რაიმე პერსპექტივას? ჩანს მონახაზი? კომბინაციები?

- შედეგზე როცა ვსაუბრობ, ამის საფუძველი მაქვს. ქართველ ფეხბურთელებში ნიჭი და პოტენციალი რომ არის, ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს. მეტი ორგანიზებულობა, სწორი მიდგომები და ნაკლის დანახვაა საჭირო.

- თქვენი გაწვრთნილი გუნდები, კომბინაციური და შემტევი ფეხბურთით გამოირჩეოდნენ. როგორ ახერხებდით, როცა ერთი შეხედვით, ძლიერი შემადგენლობა არ გყავდათ?

- შემტევი ფეხბურთი ქართველებს სისხლში გვაქვს. ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ გუნდს უნდა შეეძლოს პოზიციური შეტევები, დაცვის დროსაც შეტევის გზებზე უნდა ფიქრობდეს, მეტოქეს მატჩის მონაკვეთებში მაინც უნდა კარნახობდეს თავის თამაშს. შორს ვარ იმ აზრისგან, თითქოს ნიჭიერი და კრეატიული ფეხბურთელები არ გვყავდეს.

- ბევრნი სხვაგვარად ფიქრობენ: ამბობენ, რომ საქართველოს ფეხბურთელები არ ჰყავს და ამიტომაა, რომ 3 პასს ვერ აბამენ ერთმანეთზე...

- ხშირია საუბარი, ქართველები კარგ უცხოურ გუნდებში ვერ მიდიანო. რატომ ვერ მიდიან, ეს სხვა თემაა, არადა ვფიქრობ, უკეთეს კლუბებს იმსახურებენ. უცხო გარემოსთან შეგუებაა ჩვენი პრობლემა. კიდევ ვიმეორებ, რესურსი არის და ვერავინ დამაჯერებს, რომ ქართველ ფეხბურთელებს მეტოქის ნახევარზე 3 პასის გადაბმა არ შეუძლიათ. ეს ჩემი შეხედულებაა და არავის ვახვევ თავს.

- ნაკრებს ახლა ჰყავს მწვრთნელი, მაგრამ საინტერესოა: სურვილი გაქვთ ნაკრების გაწვრთნისა?

- მე მარტივად გიპასუხებთ: მწვრთნელი მუშაობს და როგორც ვიცი, მომდევნო შესარჩევშიც ის უხელმძღვანელებს ნაკრებს.

- ეროვნულ ჩემპიონატზეც: 5 ტური გავიდა და რა სიახლეებს ხედავთ, რა შეიცვალა საერთო სურათში?

- ჯერ ადრეა დასკვნის გამოტანა. ფავორიტი კლუბები, "დინამო" და "დილა" მოიკოჭლებენ, მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომაც, რომ ევროტურნირებზე 6-6 მატჩი ჩაატარეს და იქით იყვნენ გადართულები. მეტის მოლოდინია "ზესტაფონისგან", რომელმაც ბოლო ტურში "დილას" 2:0 მოუგო და ალბათ, ეს დიდად დაეხმარებათ განწყობის შესაქმნელად, შემდგომი მატჩების კარგად ჩასატარებლად. ქუთაისის "ტორპედო" ლიდერია და მინდა, შემდგომშიც წარმატება ვუსურვო, თუმცა ვიმეორებ, დასკვნის გამოტანა ნაადრევია.

- ახალი ნიჭიერი ფეხბურთელები დაინახეთ? ისეთები, რომლებმაც პროგრესი აშკარად განიცადეს. 

- დიახ, არიან პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებსაც პროგრესი ეტყობათ. გვარების ჩამოთვლა არ მინდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, "საბურთალო"-"ლოკომოტივის" მატჩს დავესწარი და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის თამაში იყო, ძალიან მომეწონა. ორივე გუნდში ნიჭიერი ბიჭების ჯგუფია. საერთოდ, კარგი თაობა მოდის. ორგანიზება და სწორი მიდგომაა საჭირო.

- უმაღლეს ლიგაში ბევრ ახალგაზრდას არ ეძლევა შანსი. მაგალითად, მეკარე გაბრიელ თებიძე თვეების განმავლობაში უგუნდოდ იყო, არადა, ევროპის თუნდაც 19-წლამდელებში ბრწყინვალე თამაში შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენილიყო. რატომ არ ენდობიან ასეთებს უმაღლეს ლიგაში? 

- ეს უკვე კლუბის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. მე ასე მწამს: თუ ქართველ ფეხბურთელებზე დაყრდნობა შესაძლებელია და ეს საქმეს არ გააფუჭებს, ლეგიონერებზე გადართვა აუცილებელი არაა. ხოლო თუ არ არის, მაშინ სხვა საქმეა. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ქართველი ფეხბურთელების მხრივ, რესურსი არის.

- რაც "დილას" მაგალითმაც გამოაჩინა?

- თუნდაც. ცუდი მოხდა, რომ გიორგი ილურიძე და ლაშა გვალია გამოჩნდნენ? მართალია, ისინი დიდხანს არ გაჩერდნენ და უცხოეთში წავიდნენ, მაგრამ ერთი თვით ადრე შექმნილმა გუნდმა ორი ეტაპი გაიარა ევროპის ლიგაზე და კარგი თამაშიც აჩვენა.

- საერთოდ, თქვენ ხშირად დაყრდნობიხართ თითქმის გამოუცდელ ახალგაზრდებს და არ წაგიგიათ. ეს რისკია და გიყვართ გარისკვა?

- რისკი საზიანო არ უნდა იყოს. რისკს მხოლოდ რისკის გულისთვის არ უნდა მიმართავდე. თუ თამაშს ვერ მოიგებ, შენვე უნდა აგო პასუხი. ჩემი აზრით, ამ რისკში, რაც თქვენ ახსენეთ, დადებითი უფრო მეტია, ვიდრე უარყოფითი.

0.113381