ფეხბურთი

17:50 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია ჭიაბრიშვილი – “საბურთალოს” გეგმებზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე

პირველლიგელი “საბურთალო” ამჟამად ისვენებს და 10 ივლისს შეიკრიბება. როგორც იცით, გუნდმა პირველი სეზონი გაატარა პირველ ლიგაში და უმაღლესში გადასვლა არც დაუსახავს მიზნად, რადგან 17-18 წლის ბიჭებით იყო დაკომპლექტებული და მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავდა გამოცდილი: ზურაბ მენთეშაშვილი და რევაზ გოცირიძე. მენთეშაშვილი მხოლოდ სასტარტო ტურებში თამაშობდა, რადგან ტრავმა მიიღო, ხოლო გოცირიძემ ზამთარში კარიერა დაასრულა და სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა. ის “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილის თანაშემწეა.  

“მსოფლიო სპორტი” გია ჭიაბრიშვილს ესაუბრა – არა მხოლოდ “საბურთალოზე”, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატზეც. ჭიაბრიშვილი, რომლის ხელში “ზესტაფონი” 2 წლის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიპოვა, 2 თვის წინ დაინიშნა საბურთალოელთა თავკაცად. მან ამ პოსტზე თემურ შალამბერიძე შეცვალა:

- ამ სეზონში მთავარი მისია რაც გვქონდა, შევასრულეთ. საჭირო იყო, რომ ეს ჭაბუკები უფროსებთან თამაშს მიჩვეოდნენ, ალღო აეღოთ. საერთოდ, კმაყოფილების გრძნობა იშვიათად მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

მომდევნო სეზონში მიზანი უმაღლესში გადასვლა ხომ არ იქნება?

- აუცილებელი მოთხოვნა არაა, მაგრამ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ. ახლა თუ არა, 2015-2016 წლების სეზონში უკვე რეალური იქნება გადასვლა და ამისკენ მივისწრაფვით.

პირველ ლიგაში უფრო ხისტი და უხეში თამაშებიც კი არის, ვიდრე უმაღლესში. ეს ჩანს და ბევრს უთქვამს კიდეც.

- ასეა. ახლაც ვამბობ, რომ ჩვენი გუნდისთვის უფრო იოლი იქნებოდა უმაღლესში თამაში, რადგან იქ ნაღდ ფეხბურთს გეთამაშებიან და მხოლოდ ბრძოლაზე არაა გადატანილი აქცენტი. ცუდი ის იყო, რომ მენთეშაშვილმა ტრავმა მიიღო და სეზონი თითქმის ბოლომდე გაუცდა. მენთეშაშვილი, ჩემი აზრით, ნებისმიერ ქართულ გუნდში დიდი ძალა იქნებოდა და მის გარეშე გაჭირდა. ის დაგვიბრუნდება და ითამაშებს.

-  რა არის ყველაზე მთავარი, რასაც ჭაბუკები პირველ ლიგაში სწავლობენ?

- გამოცდილება შეიმჩნევა და კლასიც მაღლდება. ჩვენი პირველი გუნდის ფეხბურთელები შემდეგ ჭაბუკთა ლიგაში მოთამაშე “საბურთალოსაც” ემატებოდნენ და აშკარად გამორჩეულები იყვნენ. ანუ, იგრძნობოდა, რომ უკვე დიდი სხვაობა იყო.

შეკრებას ისევ თურქეთში გაივლით?

- გვსურდა თურქეთში, მაგრამ ზუსტად იმ დროს ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები წავა თურქეთში, ამ ნაკრებში კი “საბურთალოს” ბევრი ფეხბურთელია და ბუნებრივია, ისინიც გამოძახებულნი იქნებიან. განახევრებული შემადგენლობით უცხოურ შეკრებას კი, სჯობს, აქვე მოვემზადოთ და კომპენსირება უმაღლესი ლიგის გუნდებთან ამხანაგური მატჩებით მოვახდინოთ. “ვიტ ჯორჯიასთან” და ცხინვალის “სპარტაკთან” მოგვიწევს, ასევე “ზესტაფონთან” გვაქვს შეთანხმება. ზუსტი თარიღები შემდეგ გაირკვევა.  

მსოფლიოს ჩემპიონატზეც: ჯგუფური ეტაპი დასრულდა და უკვე შეიძლება შეფასება, რა ტაქტიკური სიახლეებია, რა გამოიკვეთა. და ასევე, ვის ქომაგობთ?

- ერთი ამორჩეული ნაკრები არ მყავს, ისე კი, ყველაზე ძლიერი გერმანია ჩანს. ძალიან მომეწონა მექსიკაც თავისი ტექნიკური, გამართული თამაშით. კარგია ის, რომ ამდენი გოლი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, გუნდები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. იტალიაც კი შეტევაზე თამაშობდა. ის დაცვითი აქცენტები, რაც 90-იან წლებში იყო, აღარ ჩანს. თავის დროზე დაცვითი ტენდენცია ესპანეთმა დაანგრია. გამოიკვეთა, რომ ყველა გრანდს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და ყველანი ფორვარდები არიან. ბრაზილიაში ასეთი ერთია (ნეიმარი), არგენტინაშიც ერთია (ლეო მესი), ჰოლანდიას კი ორი ჰყავს – არიენ რობენი და რობინ ვან პერსი. გერმანიას ძალიან ძლიერი შემტევები ჰყავს და მათი კარგი თამაში საერთოდ არ გამკვირვებია. აი, საფრანგეთისგან უფრო არ ველოდი ასეთ სიმძლავრეს. მშვენიერი გუნდი ჰყავს დიდიე დეშამს. კიდევ ის ჩანს, რომ ფეხბურთელები ზედმეტად იტვირთებიან მთელი სეზონის განმავლობაში, შემდეგ კი რეალურ შესაძლებლობებს ვერ აჩვენებენ. მაგალითად, ესპანეთის ნაკრები ავიღოთ. რამდენი მატჩი ჩაატარეს “რეალის”, “ბარსელონას”, “ატლეტიკოს”, “სევილიას” ფეხბურთელებმა. ეს დაეტყოთ კიდეც.  

ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად ვის დაასახელებდით?

- ერთი უნდა ვთქვა? მოდით, სამს ვიტყვი: რობენი, მესი, ნეიმარი. საუკეთესო გოლს რაც შეეხება, ვან პერსიმ რომ თავით გაიტანა, დაუვიწყარია. საერთოდაც, ძალიან კარგი ჩემპიონატია: ახალი ტექნოლოგიები, კარგი ჩვენება, კარგი მსაჯობაც... ვიცი, იტყვით შეცდომებზე და თავიდან მართლაც იყო, მაგრამ პირველი ტურის შემდეგ აშკარად გამოკეთდა მსაჯობა. ევროპელი არბიტრები რომ გაცილებით კვალიფიცირებულნი არიან, ეს აშკარად ჩანს. ამდენი სახელიანი ევროპული ნაკრები შინ გაემგზავრა, ევროპელი მსაჯები კი საუკეთესოები არიან.

0.114065