საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ლატვიური შეკრება გრძელდება. კვირიდან, გუნდი უკვე ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა.
გია ცეცაძემ ნაკრები ჯერ დილას, 11 საათზე ავარჯიშა. საღამოს ვარჯიში კი, კვლავ 18 საათზე გაიმართა და ორ საათს გაგრძელდა.
ნაკრების ვარჯიშები ყოველდღიურად უფრო ინტენსიური და საინტერესო ხდება, ვინდაიდან იტვირთება სხვადასხვა კომპონენტებით.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მზადების გეგმას მკაცრად მიჰყვება. ორშაბათს, შეკრებაზე ჩამოვა ყაზანის “რუბინის“ ფორვარდი ნიკა კაჭარავა.
გუნდში მშვენიერი განწყობაა და ფეხბურთელები გულმოდგინედ და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საწვრთნელ პროცესს.
ბაჩო არაბული (19 წლამდე ნაკრების თავდამსხმელი): “ყოველდღე იმაზე ვფიქრობ, როგორ ელოდება მთელი ქვეყანა 20 ივლისს და ევროპის ჩემპიონატის დაწყებას. ჩვენი ოჯახები და ახლობლები ხომ საერთოდ! ნაკრების მოლოდინზე აღარ მაქვს ლაპარაკი. სულსა და გულს დავდებთ სტადიონზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონატზე რაც შეიძლება წინ წავიდეთ. ფეხბურთი ისეთი რამაა, არავინ იცის რა მოხდება. შეიძლება, ძალიან მაგრად ითამაშო, მაგრამ დამარცხდე. ჩვენ კი, ამის რისკი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. რა მოხდება, ეს უკვე ღვთის ნებაა. თუმცა უპირველესად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი. ჩვენი ნაკრები ერთი დიდი ოჯახია. რომ არა ერთმანეთთან ასეთი სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობები, სხვანაირად არაფერი გამოგვივიდოდა.“
სფფ-ს პრესსამსახური