გეცოდინებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ დაჯილდოებაზე წლის გუნდად 19-წლამდელთა ნაკრები დასახელდა. გია ცეცაძის გუნდმა ელიტ-რაუნდში ინგლისი, შოტლანდია და ბელგია დატოვა “გაღიმებული”, მშვენიერი შემტევი ფეხბურთი ითამაშა და ფინალურ ეტაპზე გავიდა, იქ კი ფრანგებთან ფრის შემდეგ, სერბეთთან და თურქეთთან წააგო. ცეცაძე ზაფხულში თბილისის “ლოკომოტივს” ჩაუდგა სათავეში, ახლა კი, ჯერჯერობით, უმუშევარია.
“მსოფლიო სპორტი” ცეცაძეს ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. მწვრთნელი ბევრ საინტერესოს და კონკრეტულს ამბობს:
- უპირველესად, დიდ მადლობას ვუხდი “ლოკომოტივის” პრეზიდენტ ლექსო თოფურიას. ჩვენ ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტეთ თანამშრომლობა. თოფურია, “საბურთალოს” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი... ისინი ფეხბურთით ცხოვრობენ, თავიანთ ოჯახს აცლიან სარჩოს და კლუბში მიაქვთ. ასეთი ადამიანები ბევრნი რომ იყვნენ ქართულ ფეხბურთში, კარგად გვექნებოდა საქმე.
- “ლოკომოტივში” სულ ახალგაზრდებთან მუშაობდით. ბევრი მათგანი ასაკობრივ ნაკრებშია. გიორგი არაბიძეზე მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით?
- არაბიძე 1998 წელსაა დაბადებული. 15 წლის ბიჭმა ამ სეზონში თასიან-ჩემპიონატიანად 7 გოლი გაიტანა. სანამ “ლოკომოტივში” მივიდოდი, ზოგიერთისგან მესმოდა, რთული ხასიათი აქვსო. ჯერ ერთი, რთული ბიჭი არაა არაბიძე და მეორეც, მირჩევნია, ასეთი იყოს, ვიდრე უდარდელი, ან გულგატეხილი. ასეთი ფეხბურთელები არ მომწონს.
- ლუკა ზარანდია? როგორ ფიქრობთ, უკვე მზად არის უცხოეთის ძლიერ გუნდში წასასვლელად? მაგალითად, “აიაქსში”...
- ზარანდია ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. შემტევისთვის აუცილებელი თვისებები აქვს, ხასიათითაც შეუპოვარია. რა თქმა უნდა, სასწავლი ბევრი აქვს და რა კლუბზეც ამბობენ, იქ თუ წავიდა, ბუნებრივია, კარგი იქნება. “აიაქსში” და ასეთ გუნდებში წასვლას ყოველთვის მივესალმები.
- ცალკეულ ფეხბურთელებზე კიდევ ვიტყვით. მანამდე გვაინტერესებს, შემოთავაზება არ გაქვთ რომელიმე გუნდისგან?
- არა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არავის დაურეკავს.
- საინტერესოა თქვენი აზრი საქართველოს ჩემპიონატში არსებულ მდგომარეობაზე. ფული არ აქვთ კლუბებს, ქართული ფეხბურთი და ბიზნესი შორი_შორს არიან და გამოსავალს რაში ხედავთ?
- ფეხბურთი ფულის გარეშე წარმოუდგენელია, მთელ მსოფლიოში ასეა, ხოლო საქართველოში კომერციულ ინტერესს არ იწვევს. ცოტანი არიან ისეთი ბიზნესმენები, რომლებსაც ფეხბურთი ძალიან უყვართ. წეღან ვახსენე კიდეც ასეთები. ძალით ვერავის დააინტერესებ, თუ გულში არ აქვს ფეხბურთის სიყვარული. სახელმწიფომ მოუხსნას გადასახადები კლუბებს? წამიკითხავს ეს, მომისმენია აზრი და შესაძლოა, ამ რეფორმამ სახელმწიფოს ზიანი მოუტანოს. ერთადერთი, რაც ამ უტოპიურ მდგომარეობაში ნორმალური იქნება, სახელმწიფომ ფეხბურთი უნდა გამოაცხადოს პრიორიტეტულ სახეობად. არ ვაკნინებ რაგბს, კალათბურთსა და ჭიდაობას, მაგრამ რად უნდა ლაპარაკი, რომ ფეხბურთი სხვა განზომილებაა და მარტო სპორტი არაა. ფეხბურთი პოლიტიკაა, ქვეყანას განასახიერებს და არაფერს მოაქვს იმხელა სიხარული ხალხისთვის, რაც ფეხბურთში მოგებას. ამიტომაც ვემხრობი დაფინანსების ამ სამწლიან პროგრამას, რომელიც შემდეგ შედეგს გამოიღებს. დგება პერიოდი, როცა ეს საჭიროა.
- ანუ, პრიორიტეტად საქართველოს ჩემპიონატის მოძლიერებას მიიჩნევთ?
- დიახ. რა აზრი აქვს მარტო სტადიონის აშენებას, თუ იქ ფეხბურთი არ იქნება და ფეხბურთელი არ ითამაშებს. დავუკვირდეთ, ყოველწლიურად მისხალი გვაკლდება ევროტურნირებზე ჯგუფში შესვლამდე. ნახევარი თავით მაღლა რომ იდგეს ჩემპიონატი, ჯგუფშიც შევიდოდით. ეროვნული ჩემპიონატი პირდაპირპროპორციულია ფეხბურთის განვითარებისა. როცა ჩემპიონატი შედარებით ძლიერი იქნება და გუნდის დაშლის საშიშროება არ იქნება, ქართველი ფეხბურთელი შეეშვება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის კლუბებზე ფიქრს. არც უკრაინის საშუალო დონის გუნდში წავა, თორემ “შახტარში”, “მეტალისტში”, კიევის “დინამოსა” და “დნიპროში” თუ წავა, ამის საწინააღმდეგო ვის ექნება. ფაქტია, ვერ მიდიან. მშვენიერი თაობა მოდის, რაც ასაკობრივი ნაკრებების წარმატებებითაც მტკიცდება. ეს ხომ თვალნათლივ ჩანს და თავს არ ვიქებთ. მოდიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ძლიერი ქვეყნის თანატოლებს სჯობნიან. მოდიან სუფთად და ვიცი, ისინი არავითარ შემთხვევაში ბინძურ თამაშს არ აჰყვებიან, ფულის გამო კაცობასა და სპორტსმენობას არ დაკარგავენ.
- 19 წლის სერბი მიტროვიჩი ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული იყო, თუმცა ქართველებზე ორი თავით მაღლა იდგაო, ვერ ვიტყვით. მიტროვიჩი დღეს “ანდერლეხტშია” და “ბაიერნისგან” და “ჩელსისგან” აქვს წინადადებები. 19 წლის ქართველი რატომ არ სურთ ასეთ გუნდებს?
- გეთანხმებით, რომ მიტროვიჩი გამორჩეული იყო და მის ნაცვლად ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი რომ ჰყოლოდათ, სერბეთი ვერანაირად ვერ გახდებოდა ევროპის ჩემპიონი. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ მიტროვიჩი დიდად სჯობდა ქართველებს. ჩვენ როცა ფინალურ ეტაპზე ჩავედით, მიტროვიჩზე უკვე ჰქონდათ ინფორმაცია უცხოურ კლუბებს, მას სერბეთის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა ერთი მატჩი ჩატარებული. ბუნებრივია, ჩვენც ვიცოდით მის შესახებ. თუმცა, მთავარი პრობლემა, რის გამოც მიტროვიჩზე ამხელა ბუმი ატყდა და ქართველზე არა, სხვაა: სერბეთი მუდამ ბობოლა ევროპული საფეხბურთო ქვეყნების თვალთახედვის არეშია, საქართველო კი მაინც “გამოწეულია”, იმდენად არ გიცნობენ, შენზე ინფორმაცია არ აქვთ. სერბები იოლად გადიან ბაზარზე, ჩვენ კი ახლა ვიწყებთ. რატომ ვერ დარჩა ბაჩანა არაბული ფრანკფურტის “აინტრახტში”? ძალიან მოეწონათ გერმანელებს, მაგრამ თქვეს, 19 წლის ბიჭს ახლავე ბუნდესლიგაში ვერ შევუშვებთ, ჯერ მეორე გუნდში მოვამაგრებთო. იქ კი არაბულს თამაშის უფლება არ ჰქონდა, რადგან არაევროკავშირელია. კიდევ ერთი დიდი პრობლემა. მარტო არაბული? აბა, გავიხსენოთ, როგორ მოხვდნენ ახალგაზრდა ქართველები ძლიერ ევროპულ კლუბებში. გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი “ვიტესში”, სადაც მერაბ ჟორდანია იყო. ლევან ყენიას “შალკეში” ლევან კობიაშვილმა გაუწია რეკომენდაცია, დავით თარგამაძეს “ფრაიბურგში” ძმები არველაძეები და ალექსანდრე იაშვილი დაეხმარნენ. განა ეს ფეხბურთელები ისე არ იმსახურებდნენ ამ კლუბებში გადასვლას, მაგრამ საქართველო მაინც გამოწეულია ევროპის სატრანსფერო ბაზრიდან და თავადაც ხედავთ, უჭირთ იქ გადასვლა. ფაქტობრივად, ვერ მიდიან და ეს მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებენ. ავთო ენდელაძე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის შეიყვანეს. როცა ევროპა გაღიარებს, ესე იგი, ძლიერი ხარ და მეტ პატივისცემას იმსახურებ ქართული გუნდებისგანაც, მაგრამ ხშირად ჩვენი გუნდების მწვრთნელები გვერდზე სწევენ ასეთ ტალანტებს. ნდობა ძალიან ბევრს ნიშნავს. ენდელაძე და მისნაირები უნდა ათამაშო. თავიდან შეიძლება შეეშალოს და დიდივით ვერ ითამაშოს, მაგრამ ამ შეცდომაში ხომ უნდა დაინახო ის პერსპექტივა, რაც აქვს. კარგად იცით, ხშირად ჩამოჰყავთ დაბალი დონის ლეგიონერი, რომლის გამოც ახალგაზრდა ქართველები იჩაგრებიან. ჩისკოს დონის ლეგიონერზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ზოგჯერ ისეთები ჩამოჰყავთ და ისეთს ანაცვალებენ ქართველს, საოცარია. ახლა გია გეგუჩაძეა “ზესტაფონში”, მან კი მშვენივრად იცის ფეხბურთელის ფასი.
- ბავშვთა ფეხბურთშიც კარგად ხართ ჩახედული და როგორ შეაფასებთ იქ არსებულ მდგომარეობას?
- ერთიანი სისტემა და სტრატეგია უნდა დაინერგოს. აქაც უპირველესად ფულთან მივდივართ. კარგია სტადიონები, მაგრამ თუ არ იქნება შხაპი, ვიტამინი და ასე შემდეგ, ძნელია რამე გააკეთო. მანქანას რაც არ უნდა ძლიერი ძრავა ჰქონდეს, ბორბლებისა და საჭის გარეშე ხომ ვერ ატარებ... აქცენტები უნდა გამოიკვეთოს. უნდა ვიცოდეთ, რა გვსურს ბავშვთა ფეხბურთში, რა არის მომგებიანი ქართველების გენიდან გამომდინარე. თუ ის გვინდა, რომ 8 კაცით საჯარიმოში გამოვიკეტოთ, გავუძლოთ, ვიწვალოთ, წინ დავარტყათ ბურთი და იქ რაღაც მოხდება, მაშინ სხვაა... ასეთი ფეხბურთი ქართველის გენში არაა. გავიხსენოთ ელიტ-რაუნდზე ჩვენი მოგება შოტლანდიასთან, როცა 9 კაცით გავიტანეთ 2 გოლი. კი, ბატონო, ღვთის წყალობა იყო, მაგრამ სწორი ტაქტიკისა და გადაადგილებების გარეშე ხომ იმ შეხვედრაში განწირულები ვიქნებოდით? 1:0-ს ვიგებდით, როცა 9 კაცით დავრჩით. ყრუ დაცვაში რომ ჩავმდგარიყავით, შესაძლოა, 1:10 წაგვეგო. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ვიცოდით, 9, ან 10 კაცით დარჩენილებს როგორ უნდა გვეთამაშა, რა უნდა გაგვეკეთებინა. დღევანდელი ფეხბურთი უკვე მეცნიერებასთანაა დაკავშირებული. ჩვენ თავსაც ვიცავდით იმ მატჩში, მაგრამ ზომის ფარგლებში. “როცა ბურთი მეტოქეს აქვს, არიქა და საჯარიმოში შედით 9 კაცი” – ასე არ მოვქცეულვართ. პრესინგი, უბურთოდ გადაადგილებები, პანიკის გარეშე, სწორად თამაში. 25 წლის ფეხბურთელს ვერ გადააკეთებ და ვერ გადააჩვევ ბურთის წინ უაზროდ მოგერიებას. ბავშვობაშივე უნდა ისწავლებოდეს ეს, პატარას უნდა დაადგე თავზე და მიუთითო, სწორად თამაში უნდა ასწავლო. ფსიქოლოგია ერთ-ერთი უმთავრესია: ჩვენ საფრანგეთთან 0:0 რომ ვითამაშეთ, უკმაყოფილება გამოვთქვით. მართლაც, მოგება მინდოდა, რატომაც არა? ზოგიერთებმა ეს ამპარტავნობად ჩაგვითვალეს. შემდეგ კი ბევრისგან გავიგე ღვარძლიანი ლაპარაკი. თურმე, კარგი შედეგი მხოლოდ ევროპის ჩემპიონობა იქნებოდა. ოღონდ, ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ უნდა გამხდარიყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი.
- ეტყობა, თამასა რომ აიწია, იმიტომ. თუმცა, საქართველო რომ 8 საუკეთესო გუნდს შორის გადის, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საოცრებად მოჩანს.
- რა პირობებშიც მუშაობდნენ ინგლისელები, შოტლანდიელები, ფრანგები თუ ბელგიელები, იმათ ჩვენი რომ შევადაროთ, უბრალოდ, სასაცილოც არ გამოვა. თუმცა, როგორღაც ვახერხებთ და შედეგიც სახეზეა: მე გავიყვანე ნაკრები 8 გუნდს შორის, ვასილ მაისურაძემ ნახევარფინალში ათამაშა, გიორგი დევდარიანს ერთი გოლი დააკლდა ფინალურ ეტაპამდე, როცა ბოლო წუთზე ძელს მოხვდა ბურთი. სანტიმეტრები დააკლდა ფინალურ ეტაპამდე. ეს ყველაფერი, სწორ თამაშთან ერთად, გუნდური ატმოსფეროთი მიიღწევა. გუნდი შეკრული თუ არაა, მწვრთნელი და ფეხბურთელები ერთად თუ არ არიან, ერთმანეთის პატივისცემა თუ არ აქვთ, იქ არაფერი გამოვა. საქმე სიყვარულით კეთდება. ახლა ბევრი ვისაუბრეთ და მარტო ეს არ კმარა: შემიძლია, სამი დღე გადაბმულად ვისაუბრო ფეხბურთზე, ვისწავლო, ახალი რამ შევიძინო. სულ მგონია, რომ ვაკლებ. ვმუშაობ საკუთარ თავზე, ამ დროს კი კრიტიკასაც ვისმენ. კრიტიკა ხომ მწვრთნელის და ზოგადად, ადამიანის ცხოვრების ნაწილია. ოღონდ, ზოგჯერ ეს დილეტანტიზმში გადადის. ადამიანი, რომელიც პროფესიიდან გამომდინარე, ფეხბურთში აუცილებლად უნდა ერკვეოდეს და საფეხბურთო ნიუანსებზე უნდა ილაპარაკოს, ანალიზი გააკეთოს, გამოდის და ამბობს, რომ 19-წლამდელებმა ცუდი შედეგი ვაჩვენეთ. ანუ, ჩემპიონები რატომ ვერ გავხდით. ეს დილეტანტიზმია. კონკრეტულად არავის ვეხები, უბრალოდ, საწყენია, როცა ამგვარი რამ გესმის.