ფეხბურთი

23:09 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე - კმაყოფილიც და აღშფოთებულიც

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ძალიან კმაყოფილია მისი გუნდის შოტლანდიასთან თამაშით და ამავდროულად, აღშფოთებულია ესპანელი არბიტრის მსაჯობით ამ მატჩში.

ამის შესახებ ცეცაძემ დღეს საღამოს ქალაქ გეელის სტადიონზე განგვიცხადა, სადაც ის ბელგია-ინგლისის მატჩს უყურებდა.

"ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ მეტოქე. ბიჭებმა ვაჟკაცობა გამოიჩინეს, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი ცუდი მსაჯობა საერთოდ არ მინახავს, რაც ფეხბურთში ვარ. ჩემი აზრით, ესპანელმა არბიტრმა შეცდომები კი არ დაუშვა, არამედ შეგნებულად და უსაფუძვლოდ გაგვიგდო ორი მოთამაშე. რას ემსახურებოდა მისი ასეთი მსაჯობა, არ ვიცი, მაგრამ  აღშფოთებული ვართ ესპანელი არბიტრის მოქმედებით.

მე ვესაუბრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და შევატყობინე ყველაფერი. ვფიქრობ, ფედერაცია შეისწავლის ამ საკითხს და ოფიციალურად მიმართავს  შესაბამის ევროპულ სტრუქტურებს ესპანელი არბიტრის მსაჯობის გამო", - განაცხადა ცეცაძემ.

მან გულითადი მადლობა გადაუხადა გუნდს იმისათვის, რომ ბიჭებმა ამგვარ რთულ სიტუაციაში შეძლეს შოტლანდიელებთან პრინციპული მატჩის მოგება. "განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სტადიონზე მოსულ ქართველ ქომაგებს, რომლებიც მთელი მატჩი მხარს უჭერდნენ ჩვენს ნაკრებს და თავისი წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.

ჩვენ კი გაცნობებთ, რომ სტადიონზე დაახლოებით 50 ქართველი ქომაგი იყო. ისინი ბელგიის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ და ორ ჯგუფად იჯდნენ ტრიბუნებზე. მათ შორის იყვნენ  ბელგიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და დროებით საქმეთა რწმუნებული დავით სოლომონია, რომელიც შეგნებულად არ დაჯდა ვიპ-ლოჟაში და თავის  შვილთან ერთად ქართველ ქომაგთა გვერდით იყო ტრიბუნაზე. დავით სოლომონია ბელგიაში მცხოვრებ ვეტერან ქართველ ფეხბურთელთან გია ჭინჭარაულთან ერთად ხმამაღალი შეძახილებით დირიჟიორობდა ქომაგების ჯგუფს. ტრიბუნებზე 90 წუთის განმავლობაში ისმოდა შეძახილები: "საქართველო", "გაუმარჯოს საქართველოს", "ჯორჯია-ჩემპიონ, სკოტლანდ-აუტსაიდერ".

ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ადმინისტრაცია  მატჩის შემდეგ განსაკუთრებული მადლობას გამოხატავდნენ ქართველი ქომაგების მიმართ.

 

თენგიზ პაჭკორია, ვესტერლო-გეელი,სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო

0.125001