ფეხბურთი

14:57 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: “გარდამტეხი მომენტი თურქების მესამე გოლი აღმოჩნდა”

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ევროპირველობის ბოლო ტურში თურქებთან წაგების (2:4) შემდეგ, განაცხადა, რომ მატჩში გარდამტეხი მომენტი მეტოქის მიერ გატანილი მე-3 გოლი აღმოჩნდა.

“მატჩის საწყის 10 წუთში ჩემი ფეხბურთელები საუცხოოდ გამოიყურებოდნენ. თამაში ისე მომეწონა, რომ ჩემთვის გავიფიქრე, შეძლებდნენ თუ არა ისინი ასეთი სულისკვეთების 90 წუთის განმავლობაში შენარჩუნებას. გარდამტეხი მომენტი თურქების მიერ გატანილი მესამე გოლი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჩემმა შეგირდებმა ხელები ჩამოუშვეს. გამარჯვების კარგი შანსები გვქონდა, მაგრამ მესამე გოლმა ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. განვლილ მატჩში შეცდომები გვქონდა, მაგრამ მინდა თურქეთის ნაკრები შევაქო, რომელმაც საუცხოოდ ითამაშა. თურქებმა გოლი სერბეთს, საფრანგეთსა და საქართველოსაც გაუტანეს. ელიტრაუნდში აუტსაიდერებად მივიჩნეოდით. მაშინ, აღიარებული ფავორიტები ძლიერ გუნდად არ მიგვიჩნევდნენ. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი სულ სხვა დონეა. აქ ყველა მეტოქე სათამაშო კლასით თანაბარია”, – იუწყება ცეცაძის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

თურქების თავკაცის ოქან ბურუქის თქმით, განვლილი მატჩი უცნაური იყო:

“ეს უცნაური თამაში იყო. ასეთ დონეზე გუნდები მეტოქეს ამდენი გოლის გატანის შანსს არ უნდა აძლევდნენ. ჩვეულებრივ, მსგავს მატჩებში ამდენი გოლი არ გადის. სატურნირო მდგომარება საქართველოს აიძულებდა, რომ მოგებაზე ეთამაშა. ამიტომ, ვიცოდით, რომ რაღაც მომენტში ისინი გაიხსნებოდნენ და შეცდომებს დაუშვებდნენ, განსაკუთრებით დაცვის ცენტრში. ასეც მოხდა და ჩვენი სათამაშო გეგმა განვახორციელეთ. პირველ შეხვედრაში სერბებთან სამი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის გარეშე ვითამაშეთ და სუსტად გამოვიყურებოდით. საფრანგეთთან მატჩში ცოტა უკეთ ვმოქმედებდით. საქართველოსთან თამაშამდე ჩემს შეგირდებს ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო და თავდადებისთვის მათი მადლობელი ვარ”.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, საქართველოს ნაკრები თურქებთან 2:4 დამარცხდა და ერთი ქულით ჯგუფის ბოლო ადგილზე გავიდა.


0.117193