თუ ფეხბურთის რომელიმე გულშემატკივარმა ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის თამაშები უინტერესოდ ჩათვალა და მათი ყურება არ გადაწყვიტა, მას საქმე მისალოცად ნამდვილად არ აქვს. “გალათასარაისა” და “რეალის” დაპირისპირება მოსალოდნელზე საინტერესო გამოდგა, ხოლო დორტმუნდში, ადგილობრივ გუნდსა და “მალაგას” შორის ჩატარებული მატჩი ისეთი გამოდგა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გამორჩეულ ადგილს აუცილებლად რომ დაიკავებს.
შეხვედრისა და წყვილის გამოკვეთილი ფავორიტი “დორტმუნდი” იყო, მაგრამ იურგენ კლოპის შეგირდებს, თამაშის სტარტზე, ეტყობოდათ, რომ ისინი ფრთხილობდნენ. მათ ამის მიზეზი ჰქონდათ – გოლის გაშვების შემთხვევში, მინიმუმ ორის გატანა მართებდათ.
შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი “დორტმუნდმა” შექმნა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან, ლევანდოვსკიმ ბურთი კარს ზემოდან გადააცილა.
პირველ ტაიმში 2 ლამაზი გოლი გავიდა. 25-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, ხოაკინმა ისკოსთან ბურთი გაითამაშა, ცრუ მოძრაობით შმელცერი უსაქმოდ დატოვა და დაახლოებით 20 მეტრიდან, მართალია ახლო კუთხეში, მაგრამ საკმარისად ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაიხსნა. ცნობისთვის, ეს იყო მიმდინარე გათამაშებაში მე-8 შემთხვევა, როდესაც “მალაგამ” ანგარიშის გახსნა მოახერხა.
“დორტმუნდს” გასათანაბრებლად 15 წუთი დასჭირდა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, როისმა ცენტრში მყოფი გიოტცე მოძებნა, ხოლო მასპინძელთა მე-10 ნომერმა, ქუსლით, ლევანდოვსკის ისეთი გადაცემა გაუკეთა, რომლის მიმართაც საქებარი სიტყვების დაშურება არ შეიძლება. დორტმუნდელთა ცენტრფორვარდმა, საჯარიმოში, კაბალიერო მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა. ეს გამოდგა ჩემპიონთა ლიგის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი გოლი, რომელიც “მალაგამ” პირველ ტაიმში გაუშვა. თუმცა, “დორტმუნდს” ეს არ ჰყოფნიდა. გერმანელებს მოგება სჭირდებოდათ.
მე-2 ტაიმის პირველი ნახევარი “მალაგას” შეტევებით წარიმართა, მაგრამ ვაიდენფელერი ბრწყინვალედ თამაშობდა. “დორტმუნდმა” უპირატესობა ხელთ ნელ-ნელა იგდო, მაგრამ გულშემატკივრების აღტაცებაში მოყვანა უკვე კაბალიერომ ითავა.
მოგება “დორტმუნდს” სჭირდებოდა და ბუნებრივია, გერმანელები უფრო ხშირად უტევდნენ, ხოლო 82-ე წუთზე, მათ კონტრიერიში გამოეპარათ. ისკოს ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასული ბაპტიშტა ურტყამდა, მაგრამ გაჰქონდა თუ არა მას გოლი, ამის გაგების საშუალება ელიზეუმ არ მოგვცა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ამ ეპიზოდში, პორტუგალიელმა ძალიან გარისკა, რადგან ბაპტიშტას დარტყმის დროს, ის თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და არბიტრს გოლის გაუქმება მართებდა, მაგრამ ის ასე არ მოიქცა და “მალაგამ” 1/2-ფინალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.
82-ე წუთისთვის არსებული მდგომარეობით, “დორტმუნდს”, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, 2 გოლის გატანა სჭირდებოდა, ხოლო მანუელ პელეგრინი ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დებიუტანტი გუნდი მეორედ გაეყვანა.
სიტუაცია იდენტური იყო 91-ე წუთზეც, მაგრამ ორ წუთში, საქმე საზეიმოდ უკვე მასპინძლებს ჰქონდათ. ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის ლეგენდარული ფინალის მსგავსად, ამ მატჩის ბედიც ორ წუთში გადაწყდა. ამჯერად, გერმანული გუნდის სასარგებლოდ.
91-ე წუთზე, “მალაგას” მცველების არადამაჯერებელი თამაშით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სუბოტიჩმა ცარიელი კარის წინ მყოფი სანტანა მოძებნა. ბრაზილიელს, გამესი ფეხებში კარგად კი ჩაუხტა, მაგრამ დამატებაზე როისმა ითამაშა, რომელმაც “დორტმუნდის” გულშემატკივრებს 1/2-ფინალზე ოცნების საბაბი მისცა.
მასპინძელთა ოცნება რეალობად ერთ წუთში იქცა, მაგრამ გვერდითი არბიტრის სერიოზული შეცდომების წყალობით. “დორტმუნდის” საგოლე შეტევის დროს, გერმანელები თამაშგარე მდგომარეობაში 2-ჯერ იყვნენ, მაგრამ მსაჯმა ალამი არც ბურთის საჯარიმოში ჩაწოდების დროს, შიბერზე ასწია და არც შეტევის დასკვნით ფაზაში, როდესაც გერმანელთა 23-ე ნომერი საგოლე გადაცემას სანტანას უკეთებდა. ამ უკანასკნელმა კი, საგოლე დარტყმა ზედ კარის ხაზიდან განახორციელა.
2:3 წააგო კიდევ ერთმა ესპანურმა გუნდმა, მაგრამ “მალაგასგან” განსხვავებით, “რეალი” შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მადრიდელებს პირველი თამაში 3:0 ჰქონდათ მოგებული.
“რეალმა”, ორმატჩიან დაპირისპირებაში, უპირატესობის კიდევ უფრო გაზარდა სტამბულში გამართული შეხვედრის სტარტზევე მოახერხა. მე-7 წუთზე, ხედირას მიერ კარის გასწვრივ გაკეთებულ გადაცემას რონალდუ გამოეხმაურა, რომელმაც ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა. ეს ნიშნავდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, “გალათასარაის” 5 გოლის გატანა სჭირდებოდა. ამ ამოცანის შესრულება არარეალურად ჩანდა და საბოლოოდ, ასეც გამოდგა, მაგრამ თურქების მცდელობა ნამდვილად დასაფასებელია.
“რეალს” კიდევ ერთი გოლის გატანა პირველივე ტაიმში შეეძლო, მაგრამ რონალდუს მიერ ქუსლით გაკეთებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა დი მარიამ მუსლერას ვერ აჯობა.
სტუმართა უპირატესობით დაიწყო მე-2 ტაიმიც, მაგრამ თამაშის განახლებიდან ათიოდ წუთში, ანგარიში მაინც გათანაბრდა. მარცხენა ფლანგიდან სნეიდერის მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ, საჯარიმოს წინა ხაზიდან, ებუემ ბურთი შორეულ ზედა კუთხეში ისეთი ძალით გაგზავნა, რომ დიეგო ლოპესს მოგერიება არც კი უცდია.
71-ე და 72-ე წუთებზე, მოურინიოს გუნდს გოლები იმ ფეხბურთელებმა გაუტანეს, რომლებსაც პორტუგალიელი სპეციალისტი ადრე წვრთნიდა.
თავი ჯერ უესლი სნეიდერმა გამოიჩინა. საბრი სარიოღლუს გადაცემის მიღების დროს, საჯარიმოს წინა ხაზთან, ჰოლანდიელმა ახალგაზრდა ვარანს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა და ლოპესს შანსი არ დაუტოვა.
ერთ წუთში, საჯარიმოს მარჯვენა ფლანგიდან ამრაბატის ჩაწოდების შემდეგ, ვარანთან მებრძოლმა დროგბამ ქუსლით დაარტყა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეს ნიშნავდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, თურქებს 2 გოლი სჭირდებოდათ.
შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, “გალათასარაი” კი უტევდა, მაგრამ რეალურად სახიფთო მომენტები არ იქმნებოდა. 90-ე წუთზე, არბელოას ყოვლად გაუმართლებელი საქციელის გამო, სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ესპანელმა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც, თავისი ჟესტებით, არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა.
მიუხედავად მოედანზე 10 კაცით დარჩენისა, “რეალმა” ჩამორჩენა მინიმუმამდე მაინც შეამცირა. მე-2 დამატებულ წუთზე, ბენზემას გადაცემით, რონალდუმ დუბლი გაიფორმა და გაიტანა რა მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-11 გოლი, პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
დორტმუნდი-მალაგა 3:2 (1:1) (პირველი მატჩი 0:0)
დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი” 65829
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, სანტანა, შმელცერი, გიუნდოგანი (ჰუმელსი 86), ბენდერი (შაჰინი 72), კუბა (შიბერი 72), გიოტცე, როისი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
მალაგა (4-4-2): კაბალიერო, გამესი, დემიკელისი, სანჩესი, ანტუნეში, ხოაკინი (პორტილიო სოლერი 87), ტულალანი, კამაჩო, დუდა (ელიზეუ 74), ისკო, ბაპტიშტა (სანტა კრუსი 83).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: 0:1 ხოაკინი (25), 1:1 ლევანდოვსკი (40), 1:2 ელიზეუ (82), 2:2 როისი (90+1), 3:2 სანტანა (90+3).
გაფრთხილებები: ბენდერი 10, შმელცერი 60 – გამესი 62, ტულალანი 88.
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 10 (7)-7 (5), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 7-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-14.
გალათასარაი-რეალი 3:2 (0:1) (პირველი მატჩი 0:3)
სტამბული, “თურქ ტელეკომ არენა” 49975
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, ებუე (ელმანდერი 80), ზანი, კაია, რიერა, ალთინთოფი (ამრაბატი 46), მელუ, ინანი, სნეიდერი, ბულუთი (სარიოღლუ 63), დროგბა.
მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.
რეალი (4-2-3-1): ლოპესი, ესიენი (არბელოა 31), პეპე, ვარანი, კოენტრაუ, ხედირა, მოდრიჩი, დი მარია, იოზილი (ალბიოლი 81), რონალდუ, იგუაინი (ბენზემა 73).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
გოლები: 0:1 რონალდუ (7), 1:1 ებუე (57), 2:1 სნეიდერი (71), 3:1 დროგბა (72), 3:2 კრიშტიანუ რონალდუ (90+2).
გაფრთხილებები: სნეიდერი 20, ებუე 45, ამრაბატი 90+3 – არბელოა 89.
გაძევება: არბელოა 90.
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (5)-6 (4), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 20-16.