19-20 თებერვალს, დიუსელდორფში ჩასატარებელ მსოფლიოს დიდ პრიზზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 9-კაციანი შემადგენლობით გამოვა. გუნდის ავსტრიელმა კონსულტანტმა, პიტერ ზაიზენბახერმა ბუდაპეშტის მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ სამშობლოს მიაშურა, გერმანიაში წამსვლელი შემადგენლობა კი თანაშემწეს, ზურაბ ზვიადაურს დიღმის ძიუდოს აკადემიაში, დღევანდელ სანაკრებო ვარჯიშზე გამოაცხადებინა.
დიუსელდორფის დიდი პრიზის განაცხადში 10 ძიუდოისტი იყო შეყვანილი, მაგრამ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შალვა ქარდავა ტურნირზე კისრის ტკივილმა არ გაუშვა. 60 კილოგრამში გერმანულ ტატამზე ამირან პაპინაშვილი და დავით ასუმბანი გავლენ. 73-ში – ნუგზარ ტატალაშვილი, 81-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური, 90-ში - ვარლამ ლიპარტელიანი, 100-ში – ირაკლი ცირეკიძე, ხოლო მძიმე წონაში – ზვიად ხანჯალიაშვილი და ნოდარ მეტრეველი.
ქართული დელეგაცია დიუსელდორფში პარასკევს, გამთენიას გაფრინდება. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ირაკლი ცირეკიძე კი ამაღამ ვენაში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ეს პროცედურა ნაკრების სხვა წევრებსა და კანდიდატებს რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ჩაუტარდათ, მაგრამ ცირეკიძე იმ პერიოდში სანაკრებო წვრთნებში მონაწილეობას არ იღებდა.
გერმანული ტურნირის დასრულების შემდეგ, დავით ასუმბანი და ზვიად ხანჯალიაშვილი ზურაბ ზვიადაურთან ერთად საქართველოში დაბრუნდებიან. დანარჩენ სპორტსმენებს კი ზაიზენბახერი იაპონიაში წაიყვანს, 18-დღიანი შეკრების გასავლელად. ადვილი მისახვედრია, ავსტრიელი სპეციალისტი ძირითად აქცენტს სწორედ იმ ძიუდოისტებზე აკეთებს, რომლებიც ტოკიოს წვრთნებისთვის შეარჩია, თუმც ჯერ უცნობია, 21-24 აპრილს, სტამბოლში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე რჩეულ შეგირდებს გაიყვანს ტატამზე თუ მეორე-მესამე ნომრებად მიჩნეულ სპორტსმენებს.
ევროპირველობამდე საერთაშორისო კალენდარში ერთადერთ ტურნირიღა რჩება – ვარშავის მსოფლიოს თასი, რომელზეც ქართულ გუნდს ზვიადაური ჩაიყვანს, ოღონდ კონკრეტულად რომელ ძიუდოისტებს, ერთ კვირაში ზაიზენბახერი დააზუსტებს.
ოთარ მაღლაკელიძე







