ფეხბურთი

14:23 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში გოგიამ გაიტანა, ესტონეთში - ეთერიამ

გერმანიის მე-3 ლიგის მე-11 ტურში, “ჰალეშერმა” საკუთარ მოედანზე “ჩემნიტცერი” 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი აკაკი გოგიამ გაიტანა.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, 33-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. მანამდე, 24-ე წუთზე მეტოქის კარი სორენ ბერტრამმა აიღო. “ჩემნიტცერმა” საპასუხო ბურთი 57-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა და მისი ავტორი ანტონ ფინკი აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში, 21 წლის გოგიამ 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა. “ჰალეშერს” 16 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-9 ადგილზეა.

“უნტერჰახინგმა”, რომელშიც ლუკას ჰუფნაგელი ირჯება, სტუმრად “ლაიფციგთან” 2:2 ითამაშა. 19 წლის ქართული პასპორტის მქონე ნახევარმცველი 18-კაციან განაცხადში არ იყო. “უნტერჰახინგმა” 16 ქულა დააგროვა და მეათეა.

ბელარუსის პრემიერლიგაში დასარჩენად მებრძოლმა ბრესტის “დინამომ”, რომლის ღირსებასაც უჩა გოგოლაძე იცავს, შინ “ბელშინასთან” 0:1 წააგო. ქართველი თავდამსხმელი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. ბელარუსში პირველი ეტაპის შემდეგ, გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყო. ქვედა ექვსეულში მყოფ ბრესტელებს 27 ქულა აქვთ და 12 გუნდში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 30-ე ტურში, ტალინის “ფლორამ”, რომელსაც ზაქარია ბეგლარიშვილი დაუბრუნდა, სტუმრად თანაქალაქელ “ინფონეტს” 2:1 აჯობა. ჯერჯერობით “ფლორას” მთავარ მწვრთნელს ნორბერტ ჰარტს ბეგლარიშვილი 18-კაციან განაცხადში არ შეჰყავს. ტალინელებს 58 ქულა აქვთ და 10 გუნდში მე-4 ადგილი უკავიათ.

“პაიდემ” თავის მოედანზე “კურესაარე” 4:1 დაამარცხა. თენგიზ ეთერია მასპინძელთა რიგებში 67-ე წუთზე გამოჩნდა და 20 წუთის შემდეგ, ანგარიში 3:0 გახადა. 23 წლის ქართველი თავდამსხმელისთვის, რომელმაც მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, ეს გოლი პირველი აღმოჩნდა. “პაიდეს” 41 ქულა აქვს და მეხუთეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-20 ტურში, “ოლმალიქმა” სადაც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, გასვლაზე “ნოვბახორი” 3:1 დაამარცხა. კვესიეშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ოლმალიქს” 30 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადილზეა.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის მე-10 ტურში, ბელცის “ოლიმპიამ” შინაურ კედლებში “ტირაპოსლთან” 0:3 წააგო. მასპინძლებში ბექა ქართველიშვილმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ოლიმპიას” 5 ქულა აქვს და 12 გუნდში ბოლოსწინაა.

კიშინიოვის “ზიმბრუმ” სტუმრად “რაპიდს” 1:0 მოუგო. თორნიკე სტეფნიაშვილს კიშიონიოველებში არც ამჯერად უთამაშია, მხოლოდ სათადარიგოებში ჯდომით შემოიფარგლა. “ზიმბრუს” 16 ქულა აქვს და მესამეა.

0.131384