მომავალი წლიდან ევროპის ერთა თასზე ბელგიის ნაცვლად გერმანიის ნაკრები დაბრუნდება. გარდა ამისა, გერმანელები მსოფლიო თასის საგზურისთვისაც აგრძელებენ ბრძოლას.
გერმანელების მთავარი კონკურენტი ბოლო ტურში მოლდოვა იყო, მაგრამ მოლდოველები ჩეხეთში 19:37 დამარცხდნენ, ხოლო გერმანელებმა შვედეთში მასპინძლები 45:20 გაანადგურეს და ერთა თასის მეორე დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავეს. მათ 10-იდან 8 თამაში მოიგეს, მხოლოდ ორი დათმეს და ჯამში 39 ქულა მოაგროვეს, მოლდოვას კი, 34 ქულა დარჩა. გერმანია პირველ წრეში პოლონეთში 13:22, ხოლო მეორეში მოლდოვაში 15:30 დამარცხდნენ.
ერთა თასზე დაწინაურების გარდა, ისინი 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვისაც აგრძელებენ ბრძოლას და 10 მაისს მესამე დივიზიონის გამარჯვებულ ჰოლანდიას სტუმრად ეთამაშებიან. ამ წყვილს შორის მოგებული, მომდევნო, ასევე ერთმატჩიან რაუნდში 24 მაისს ერთა თასის მესამეადგილოსან რუსეთს უმასპინძლებს და გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც ევროპიდან ბოლო, მე-20-ე საგზურისთვის საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ჩაებმება.
პარალელურად, დაიწყო აზიის შესარჩევი ეტაპიც, სადაც კორეამ შრი ლანკა 59:3, ხოლო ჰონგ კონგმა ფილიპინები 108:0 დაამარცხა. იაპონია საქმეში ჯერ არ ჩართულა, აზიის შესარჩევი ეტაპი კი, 25 მაისს დასრულდება. ივნის-ივლისში გაიმართება აფრიკის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ტური დასაქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქეც მაშინ გაირკვევა. შესარჩევ ეტაპზე ნამიბია, ზიმბაბვე, კენია და მადაგასკარი თამაშობენ.