ფეხბურთი

20:36 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელი ჟურნალისტები და “ბაიერნის” ფეხბურთელები გვარდიოლას აკრიტიკებენ

 

მიუნხენის “ბაიერნის” ახალ მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას უკვე პრობლემები აქვს. მას გერმანული პრესა ღიად, ხოლო “ბაიერნის” ფეხბურთელები ირიბად აკრიტიკებენ.

გერმანიის სუპერთასზე “დორტმუნდთან” წაგების შემდეგ, გერმანულ პრესაში გვარდიოლას კრიტიკა დაიწყეს. კატალონიელს, გარდა ტაქტიკისა, გუნდის დაკომპლექტებასაც უწუნებენ. კონკრეტულად, გერმანელი ჟურნალისტები უკმაყოფილონი არიან “ბაიერნის” ზედმეტად შემტევი ტაქტიკითა და ტიაგო ალკანტარას შეძენით. ამ უკანასკნელის აგენტი პეპ გვარდიოლას ძმა პერე გვარდიოლაა. გერმანული პრესის აზრით, თავისი ძმის დახმარებით, გვარდიოლამ გუნდისთვის ნაკლებად საჭირო ტრანსფერი განახორციელა. საინტერესო ისაა, რომ გვარდიოლასგან მსგავსი ქმედება ნამდვილად გასაკვირია. ჯერ კიდევ “ბარსელონაში” მუშაობის დროს, მან ლუის სუარესის შეძენაზე უარი სწორედ იმ მიზეზით განაცხადა, რომ ურუგვაელის აგენტი მისი ძმა იყო, რაც ტრანსფერის განხორციელებას აიოლებდა და “ბარსელონას”, კონკურენტებთან შედარებით, უსამართლოდ მომგებიან სიტუაციაში აყენებდა.

გვარდიოლას მუშაობის მეთოდებით კმაყოფილნი არც “ბაიერნის” ფეხბურთელები არიან. “დორტმუნდთან” წაგების შემდეგ, მიუნხენელები შემდეგ განცხადებებს აკეთებენ:

ბასტიან შვაინშტაიგერი: “არ ვარ დარწმუნებული, რომ რასაც მწვრთნელი მთავაზობს, სასიკეთოდ წამადგება.”

კლაუდიო პისარო: “სეზონის სტარტზე, საკუთარ თამაშში, არასდროს იმდენი რამ არ შემიცვლია, რამდენიც ახლა. არცერთ მწვრთნელს შემთვის ამდენი ცვლილება არ მოუთხოვნია. არადა, ფეხბურთს დიდი ხანია ვთამაშობ.”

ტომას მიულერი: “ვფიქრობდი, რომ მოედანზე ჩემი როლის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა.”

არიენ რობენი: “არ მესმის, რატომ უნდა შეცვალო ის, რაც კარგად მუშაობს.”

პეპ გვარდიოლას წინ ბუნდესლიგის სტარტი და ევროპის სუპერთასზე ჟოზე მოურინიოსთან დაპირისპირება ელის. წარუმატებლობის შემთხვევაში, მასზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, კატალონიელისთვის ეს უცხო არაა. “ბარსელონაში” მუშაობის პირველი თვეები მისთვის იოლი ნამდვილად არ ყოფილა. 2008 წელს, კატალონიელებმა, ლა ლიგის პირველ 2 ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს. თუმცა, შემდეგ, გვარდიოლამ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შექმნა მოახერხა.

0.114512