პოლონეთის ქალაქ სტარე იაბლონკიში მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე პლიაჟის ფრენბურთში, ბრაზილიელი გოგონებით (კრისტინა სანტანა-ანდრეცა ჩაგაში) დაკომპლექტებულმა ქალთა დუეტმა საქა-რთველომ მეჩვიდმეტე-ოცდამეოთხე ადგილები გაინაწილა, რისთვისაც 160 სარეიტინგო ქულა და 5 100 დოლარი მიიღო.
საქა-რთველო ძირითად ბადეში მე-16 ნომრით მოხვდა და A ჯგუფის საწყის მატჩებში ორი მოგება მიითვალა. სანტანამა და ჩაგაშმა ჯერ ჩეხურ წყვილს (კლაპალოვა-ჰაიეჩკოვა, მე-17) მოუგეს – 2:0 (21:14, 21:13), შემდეგ კი პოლონელებსაც (კოლოსნიკოვა-გალეკი, 32-ე) იოლად აჯობეს – 2:0 (21:16, 21:13).
ბრაზილიელმა ქართველებმა ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ფავორიტად მიჩნეულ ბრაზილიელ წყვილთან (ლარისა-ჯულიანა, 1-ლი განთესვა) 0:2 (13:21, 18:21) წააგეს და ფლეი-ოფში გააღწიეს, სადაც მე-7 რეიტინგის მქონე ავსტრიელებთან (ჰანსელი-მონტანიოლი) 1:2 (23:21, 14:21, 9:15) დამარცხდნენ.
ფლეი-ოფში გასასვლელად ჯგუფში ერთადერთი მატჩის მოგება ეყო ვაჟთა წყვილ გეორ-გიას, რომლის ღირსებასაც ასევე ბრაზილიელები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო იცავენ.
O ჯგუფში 27-ე ნომრად განთესილმა გეორ-გიამ სასტარტო შეხვედრა ჩინელებთან (ვუ-ქსუ) 1:2 (21:17, 19:21, 10:15) წააგო, შემდეგ კი ავსტრიულ ტანდემთან (გოში-ჰორსტი, მე-11) 0:2 (13:21, 15:21) დამარცხდა. ჯგუფის ბოლო მატჩში გომეშმა და ტერშეირომ რუსებს ბოგატოვსა და პროკოპიევს (22-ე) 2:1 (21:17, 19:21, 15:8) სძლიეს და ეს უკანასკნელნი ჯგუფში ჩატოვეს.
დღეს, გეორ-გია ბრძოლას ფლეი-ოფში გააგრძელებს და წაგების უფლება აღარ აქვს. ბრაზილიელი ქართველების მეტოქეები 28-ე განთესვის მქონე ესპანელები – მესა და ლარიო იქნებიან. ამ წყვილის გამარჯვებული მერვედფინალში მე-2 რეიტინგის მქონე გერმანულ დუეტს (ბრინკი-რეკერმანი) ეთამაშება.







