რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე პლიაჟის ფრენბურთში, ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ მაღალ დონეზე ასპარეზობა გააგრძელა და პლეი-ოფის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.
გეორ-გიამ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი ფრენბურთელები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო იცავენ, ასპარეზობა საკვალიფიკაციო ტურნირიდან დაიწყო და ორი გამარჯვების შემდეგ, ძირითად ბადეში 24-ე განთესვა მიიღო.
ქართულ-ბრაზილიური წყვილს ადგილი Q ჯგუფში მიუჩინეს, სადაც სასტარტო მატჩში, ჩვენმა გუნდმა რუსებს ბარსუკსა და კოლიდინსკის (მე-9 განთესვა) 2:1 (18:21, 21:17, 15:9) სძლია. გუშინ გეორ-გიამ ფავორიტ ბრაზილიელებთან (მარსიო არაუჟო-რიკარდო) 0:2 (13:21, 18:21) წააგო, შემდეგ კი ლატვიური დუეტი (სამოილოვსი-სოროკინსი, 25-ე) 2:1 (21:18, 21:23, 15:7) დაამარცხა და ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა.
აღნიშნულის წყალობით, გომეშმა და ტერშეირომ პლეი-ოფის პირველ რაუნდში გააღწიეს, სადაც დღეს იტალიელებს – ინგროსოსა და ნიკოლაის დაუპირისპირდებიან. ცნობისთვის, მე-20 ნომრად განთესილმა აპენინურმა წყვილმა M ჯგუფში ერთადერთი მატჩის მოგება შეძლო.
თუკი გეორ-გიამ იტალიელთა დამარცხება მოახერხა, ხვალ, მერვედფინალში მე-10 ნომრად მიჩნეული რუსული ტანდემის (პროკოპიევი-ბოგატოვი) პირისპირ დადგება, რომელსაც მშობლიურ ტურნირზე, ჯერჯერობით არცერთი მატჩი არ აქვს წაგებული.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ უარეს შემთხვევაში, გეორ-გია მოსკოვურ ეტაპზე 160 სარეიტინგო ქულასა და 5 100 დოლარს გამოიმუშავებს.







