რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ტურის ეტაპზე პლიაჟის ფრენბურთში, ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილები გაიყო, რისთვისაც 320 სარეიტინგო ქულა და 8 000 დოლარი დაიმსახურა.
გეორ-გიამ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი ფრენბურთელები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო იცავენ, დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე ტურნირზე ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ძირითადი ტურნირის პლეი-ოფში გასვლა შეძლო, სადაც მე-10 ნომრად განთესილ რუსულ წყვილთან (პროკოპიევი-ბოგატოვი) 0:2 (16:21, 17:21) წააგო.
მოსკოვური ეტაპის გადამწყვეტი მატჩები დღეს შედგება. ნახევარფინალში ორი ამერიკული დუეტია გასული, რომლებიც გერმანულ და ჩინურ წყვილებს ეთამაშებიან. ტურნირის გამარჯვებული 800 ქულასა და 43 500 დოლარს მიიღებს.







