რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ დიდი სლემის ეტაპზე წარმატებული ასპარეზობის წყალობით, პლიაჟის ფრენბურთის ქართულმა წყვილმა გეორ-გიამ მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები შეიმატა და მსოფლიოს მოწინავე ოცეულს შორის დამკვიდრდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ტურის გასულ ეტაპზე ბრაზილილიელი ფრენბურთელებით (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო) დაკომპლექტებულმა გეორ-გიამ ჯგუფური ეტაპი დასძლია და პლეი-ოფში გააღწია, რისთვისაც 320 ქულა გამოიმუშავა.
მიმდინარე სეზონში გეორ-გიამ ხუთ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა, ჩვენი დუეტის ჯამურმა მონაგარმა კი 764 ქულა და 17 850 დოლარი შეადგინა, რაც მე-20 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.
ამ დროისთვის, ვაჟთა კლასიფიკაციის სათავეში ამერიკული წყვილი (როჯერსი-დალჰაუზერი) უდგას 3 140 ქულით, მათ კი კვალში გერმანული (ბრინკი-რეკერმანი, 2 520) და ბრაზილიური წყვილები (ელისონი-ემანუელი, 2 480) უდგანან.
გეორ-გიასგან განსხვავებით, არცთუ წარმატებული სეზონი უდგას ქალთა დუეტ საქა-რთველოს, რომელიც 484 ქულითა და 10 800 დოლარით მხოლოდ 27-ე ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ საქა-რთველოს სახელით მოთამაშე კრისტინა სანტანამა და ანდრეცა ჩაგაშმა მოსკოვურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა ვერ მოახერხეს.
ვაჟთა დარად, ქალთა კლასიფიკაციის ლიდერი აშშ-ს წარმომადგენელი დუეტი (კესი-როსი, 3 020) გახლავთ, მეორე-მესამე პოზიციებზე კი ბრაზილიური წყვილები (ლარისა-ჯულიანა, 2 860/ანტონელი-ტალიტა, 2 220) იმყოფებიან.
დასასრულ დავძენთ, რომ მიმდინარე კვირაში საქმეში მხოლოდ ვაჟ ფრენბურთელებს ვიხილავთ. მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა მასპინძლობს, გეორ-გია კი ასპარეზობას კვალიფიკაციიდან დაიწყებს.







