რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სტარტი აიღო მსოფლიო ტურის მორიგმა ეტაპმა პლიაჟის ფრენბურთში, რომელიც ამავდროულად დიდი სლემის რანგსაც ატარებს.
ვაჟთა ტურნირში, გეორ-გიას სახელით ცნობილი დუეტი, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი სპორტსმენები რენატო გომეში და ჟორჟე ტერშეირო იცავენ, ასპარეზობაში საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაება.
მე-3 ნომრად განთესილმა გეორ-გიამ 30-ე რეიტინგის მქონე იტალიელებს (ტომატისი-რანჯიერი) 2:0 (21:12, 21:13) სძლია, შემდეგ კი ნორვეგიელებსაც (კიემპერუდი-ჰოიდალენი, მე-14) იოლად აჯობა – 2:0 (21:13, 21:9).
ამ წარმატებათა წყალობით, ბრაზილიელი ქართველები Q ჯგუფში მოხვდნენ, სადაც რუსულ (ბარსუკი-კოლოდინსკი, მე-9), ბრაზილიურ (მარსიუ არაუჟო-რიკარდო, მე-8) და ლატვიურ (სამოილოვსი-სოროკინსი, 25-ე) წყვილებს ეთამაშებიან.
სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრა წააგო ქალთა დუეტმა საქა-რთველომ, რომელშიც ასევე ბრაზილიელები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში ირიცხებიან.
კვალიფიკაციაში მე-2 რეიტინგის მქონე საქა-რთველო 31-ე ნომრად მიჩნეულ გერმანელებთან (ბრინკი/ აბელერ-გრუნი) 0:2 (20:22, 22:24) დამარცხდა და მხოლოდ 24 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.







