“სან ანტონიომ” და “გოლდენ სტეიტმა” პლეი ოფის მეორე რაუნდის პირველ მატჩში ნამდვილი შოუ დადგეს, რომელიც უფრო მძაფრსიუჟეტიან ჰოლივუდურ ფილმს მოგვაგონებდა, ვიდრე საკალათბურთო შეხვედრას. გამოცდილებამ ამ შემთხვევაშიც თავისი სიტყვა თქვა, უბერებელმა გრეგ პოპოვიჩმა და მისმა “სპურსმა” მეორე ოვერტაიმში გატეხა ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული “ვორიორზი” 129:127 და სერიაშიც დაწინაურდა 1:0.
მატჩი მასპინძლებმა ძალიან ცუდად დაიწყეს, ინერტულად გამოიყურებოდნენ გუნდის ლიდერები ტონი პარკერი და ტიმ დანკანი, სამაგიეროდ სტუმართა რიგებში ბრწყინავდა ავსტრალიელი ცენტრი ენდრიუ ბოგატი, რომელსაც დაპყრობილი ქონდა სამწამიანი ზონა და მოხსნებთან ერთად ქულებსაც უხვად აგროვებდა. გრეგ პოპოვიჩმა წუთშესვენაბა აიღო, რის შემდეგაც პარკეტზე მანუ ჯინობილი შემოუშვა, არგენტინელმა ეგრევე ზუსტი სამქულიანი ტყორცნა, თუმცა მალევე ისიც ჩიაკარგა მარკ ჯექსონის ტაქტიკურ სქემებში.
მეორე პერიოდის სტარტზე სრული სიმძლავრით ამუშავდა ჰარისონ ბარნსისა და კლეი ტომფსონის დუეტი. “გოლდენ სტეიტმა” სისწრაფეში აშკარად დაჯაბნა მეტოქე, დაცვითი ფუნქციების შესრულებისას ტონი პარკერი და კავაი ლეონარდი რამოდენიმე ნაბიჯით ჩამორჩებოდნენ ახალგაზრდა ოპონენტებს, რაც “სან ანტონიოს” საკუთარ კალათში მიღებულ ქულებად უჯდებოდა. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით სტუმრებმა პირველი ტაიმი დამსახურებულად მოიგეს 53:49.
მესამე მეოთხედი კარის ბენეფისად იქცა. 25 წლის “შუთერმა” ნამდვილი განკითხვის დღე მოუწყო მასპინძლებს და ნებისმიერი პოზიციიდან უშეცდომად ბომბავდა მეტოქის კალათს. სტეფის 12 წუთში ჩაგდებული 22 ქულის წყალობით “ვარიორზმა” მესამე მეოთხედი 39:31 მოიგო და ბოლო პერიოდს სოლიდური (12 ქულა) ჰანდიკაპით შეხვდა.
დრო უკვე "გოლდენ სტეიტისთვის" მუშაობა. თითქოს გრეგ პოპოვიჩმა ყველა ტაქტიკური სქემა სცადა, მაგრამ ამაოდ. სხვაობა -18-მდე გაიზარდა და ტიმ დანკანი სათადარიგოთა სკამზეც აღარც დამჯდარა, პირდაპირ გასახდელში გაეშურა. მარკ ჯექსონმა და საპლეიოფო ბატალიებში გამოუცდელმა გუნდმა შეხვედრა ნაადრევად ჩათვალა მოგებულად და თავს მოდუნების საშუალება მისცა. ტონი პარკერმა და კავაი ლეონარდმა ზუსტი ტყორცნებით ნელ ნელა შეამცირეს სხვაობა და მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთზე ინტრიგაც დაბრუნდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე გრინმა გამთანაბრებელი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებით ხუთწუთეულში თავდაპირველად უპირატესობა ხელთ მასპინძლებმა იგდეს, თუმცა "ვარიორზმა" მალე გაათანაბრა ანგარიში. ამჯერად ბოლო წამებზე "სან ანტონიოს" მიეცა შეხვედრის მოგების შანსი, თუმცა ჯინობილიმ ააცილა.
მეორე ოვერტაიმში გრეგ პოპოვიჩის მკაცრი მითითების შემდეგ "სპურსმა" გაცილებით უფრო მობილიზებულად დაიწყო თამაში და 126:121 დაწინაურდა, თუმცა "გოლდენ სტეიტმა" ამჯერადაც გაიბრძოლა და კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშში წინ გასვლა 127:126. სათამაშო 3 წამი რჩებოდა, როდესაც სტუმრებს მანუ ჯინობილი პერიმეტრზე სრულიად მარტო დარჩათ, "არგენტინელმა ჯადოქარმა" კი გამარჯვების მომტანი სამიანი ჩასვა კალათში 129:127.
მიუხედავად წაგებისა შეხვედრის გმირი მაინც ერთმნიშვნელოვნად "ვორიორზის" ლიდერი სტეფ კარი იყო, რომელმაც საკუუთარ გუნდს 44 ქულა და 11 შედეგიანი პასი მოუტანა.
“ჩიკაგოს” ზღაპარი გრძელდება... წამყვანი მოთამაშეების (დერიკ როუზი, ლოულ დენგი, რიპ ჰემილტონი, კირკ ჰაინრიხი) ტრავმებით გატანჯულმა “ბულზმა” პლეი ოფის მეორე რაუნდის სასტარტო მატჩში გასვლაზე მოქმედი ჩემპიონი “მაიამი” 93:86 დაამარცხა და სერიაშიც დაწინაურდა 1:0.
თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე 3 მეოთხედის შემდეგ “ჰიტმა” და მისმა ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა სათამ,აშო ტემპს მოუმატეს და საფინალო სირენამდე 2:22 წუთით ადრე 86:83 დაწინაურდნენ, თუმცა ჯერ იტალიელმა მარკო ბელინელიმ შორეული ტყორცნით გაათანაბრა ანგარიში, რის შემდეგაც ნეიტ რობინსონის მცირე “შოუ” იხილა დამსწრე პუბლიკამ, 175 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელმა მეტოქეს ზედიზედ 7 ქულა უთავაზა და საკუთარ გუნდს მოულოდნელი გამარჯვება მოუპოვა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც რაღათქმაუნდა “პატარა ნეიტი” გახდა, რომელსაც 1 პასი დააკლდა ორმაგ დუბლამდე 27 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ბულზის” რიგებში ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა შეუცვლელად ახალგაზრდა ჯიმი ბატლერმა, რომელსაც თავი არც ამჯერად შეურცხვენია 21 ქულა, 14 მოხსნა. მასპინძელთა რიგებში კი ტრადიციულად საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომლის მონაგარიც სამმაგ დუბლთან ტრიალებდა 24 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი.
სან ანტონიო - გოლდენ სტეიტი 129:127 (25:28, 24:25, 31:39, 26:14, 9:9, 14:12)
სან ანტონიო: პარკერი (28+8მ+8პ), გრინი (22), დიაუ (7), დანკანი (19+11მ), ლეონარდი (18+9მ); ბონერი (5), ჯინობილი (16), ნილი (10), ბლერი (2), ჯოზეფი (2)
გოლდენ სტეიტი: კარი (44+11პ), ტომფსონი (19), ბოგუტი (10+15მ), ეზელი, ბარნსი (19); გრინი (10), ჯეკი (15), ლენდრი (8), ბაზემოური (2), ჯეფერსონი
სან ანტონიო იგებს სერიას 1:0
მაიამი - ჩიკაგო 86:93 (15:21, 22:16, 25:21, 24:35)
მაიამი: ჩალმერსი (5), ვეიდი (14), ბოში (9), ჰასლემი (4), ჯეიმსი (24); ბეტიე (6), კოული (7), ალენი (9), ანდერსენი (3), მილერი (5)
ჩიკაგო: რობინსონი (27+9პ), ბელინელი (10), ნოა (13+11მ), ბუზერი (6), ბატლერი (21+14მ); გიბსონი (12), მოჰამედი (4), ტიგი, კუკი
ჩიკაგო იგებს სერიას 1:0