ფეხბურთი

15:40 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელა სანაია: “მგონი, ქართულ კლუბებში გათვლას ორ თვეზე მეტ პერიოდზე ვერ აკეთებენ”

რუსთავის “მეტალურგის” ექსმწვრთნელმა გელა სანაია “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისთვის და “მეტალურგისთვისაც” უკეთესია, რომ თანამშრომლობა შეწყვიტეს.

- “მეტალურგმა” თავისი ვებგვერდის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბი ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დატოვეთ. წასვლა თავად გსურდათ თუ ეს რუსთაველთა მეპატრონეების მოთხოვნა იყო?

- ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ. მგონი, “მეტალურგისთვის” და ჩემთვის ამ ეტაპზე ასე სჯობდა, რადგან კლუბში დაფინანსება სერიოზულად შემცირდა. დავჯექით, დავილაპარაკეთ და ცივილიზებულად დავშორდით.

- არადა, სეზონის წინ, როდესაც თქვენ წარგადგინეს, საუბარი განვითარების 3-წლიან პროგრამაზე იყო. კლუბის დირექტორმა ზაზა დოლიძემ ისიც განაცხადა, რომ ბოლო წლებში დამკვიდრებული პრეცედენტი აღარ განმეორდებოდა და “მეტალურგში” სრულად სეზონს ერთი მწვრთნელი ჩაატარდებდა...

- მგონი, ქართულ კლუბებში გათვლას ორ თვეზე მეტ პერიოდზე ვერ აკეთებენ. ვის ეგონა, რომ კლუბს ასეთი ფინანსური პრობლემები შეექმნებოდა? პრობლემები სეზონის განმავლობაშიც იყო და ფეხბურთელებს თამაშების მოგებისთვის კუთვნილი პრემიალურები არ აუღიათ. თუმცა, ამის აფიშირებას არ ვაკეთებდით. ეს პრობლემები უფრო გამწვავდა და კლუბის ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ, ქართულ ფეხბურთში გათვლების გაკეთება რთულია.

- კლუბსა და თქვენს შორის ურთიერთობის გაწყვეტა მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის შეცვლას უკავშირდება თუ “მეტალურგის” ხელმძღვანელები გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგითაც უკმაყოფილო იყვნენ?

- კლუბის ბიუჯეტი, იმასთან შედარებით რაც თავიდან იყო, მნიშვნელოვნად შემცირდა. არა მგონია, რომ გუნდში შენარჩუნდეს ფეხბურთელთა ის ბირთვი, რომელზეც გათვლას ამ სეზონში და მომავალ სეზონშიც ვაკეთებდი. შესაძლოა, შედეგი უკეთესიც ყოფილიყო. ფეხბურთელების ტრავმებმა, “ყვითელ –წითლებმა” ამაში ხელი შეგვიშალა. იგივე, მსაჯობის პრობლემებმა. მსაჯებზეც ერთხელ ვთქვი რაღაც და ისე დამაჯარიმეს, მგონი არავინ დაუჯარიმებიათ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მთავარი თემა შედეგი იყო, რადგან ცხრილში ისეთი მდგომარეობაა, რომ ერთი თამაშის მოგებით მესამე ადგილზე გადავიდოდით. რეალური მიზეზი ძალიან შემცირებული დაფინანსებაა. 

- უმუშევრად დარჩენა კარგი ნამდვილად არაა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელისთვის. სამომავლოდ რას გეგმავთ?

- ჩემთვის ასეთი რამ პირველი არაა და ნებისმიერი მწვრთნელი ასეა. იმედია, წინადადებები იქნება. ახლა ნამდვილად არაა საქმე ისე, რომ გამზადებული კონტრაქტი მქონდეს.

0.114489