როდესაც გულშემატკივრები გელა კეტაშვილზე საუბრობენ, წინა პლანზე მის მიერ სპორტული კარიერის ნაადრევად დასრულებას უსვამენ ხაზს. ცხადია, 90-იანი წლების დასაწყისში მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, ბატონი გელა თავისი საფეხბურთო ტალანტის სრულად გამოვლენასაც შეძლებდა და ქომაგებს კიდევ არაერთი შესანიშნავად ჩატარებული მატჩით დაამახსოვრებდა თავს. თუმცა, ერთიცაა – 25 წლამდე კეტაშვილმა იმდენი მოასწრო, ფეხბურთის ქართველ მოყვარულებს მისი სიყვარული დღემდე არ განელებიათ და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, კეტაშვილის მაღალოსტატური, ცეცხლოვანი, თავგანწირული თამაში სამომავლოდაც ემახსოვრებათ.
გელა კეტაშვილის საფეხბურთო ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი სეულის 1988 წლის ოლიმპიადას უკავია. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე თბილისის “დინამოს” მარჯვენა მცველმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. თითქოს, სეულში კეტაშვილის გამგზავრება არარეალური ჩანდა, მაგრამ საკავშირო ოლიმპიური ნაკრების მთავარ მწვრთნელს ანატოლი ბიშოვეცს ქართველი უკანახაზელი იმდენად სჭირდებოდა, თბილისში ექიმები აფრინა, რომელთაც კეტაშვილის წინასაოლიმპიადოდ “ფეხზე დაყენება” მოასწრეს. საბჭოთა ნაკრებმა წარმატებით დაძლია ჯგუფური ეტაპი, მეოთხედფინალში ავსტრალიას მოუგო, ტურნირის დასკვნით ეტაპს კი თავად ოლიმპიური ჩემპიონი ასე იხსენებს: “ნახევარფინალში იტალიელებს შევხვდით და რუჯერო რიციტელის მეურვეობა მომიწია. საბოლოოდ აპენინელებს მეტად დაძაბულ, ოვერტაიმიან ორთაბრძოლაში ვძლიეთ. იტალიელებთან თამაშის დღეს, 27 სექტემბერს, ჩემი დაბადების დღე იყო, ხოლო პირველ ოქტომბერს, ოლიმპიადის ფინალი გახლდათ დანიშნული. ფინალის წინ, ბიშოვეცმა საკუთარ კაიუტაში დამიძახა და მითხრა, რომ დაბადების დღისთვის ჩემთვის საჩუქარი ჰქონდა გამზადებული. ბუნებრივია, გამიხარდა, რადგან ვიფიქრე, ბიშოვეცი რაიმე ნივთს მაჩუქებდა. მან კი შემომხედა და ასეთი ფრაზა თქვა: რომარიოს გჩუქნი _ პერსონალურად უნდა აიყვანო!.. ამის გაგონებაზე თავში ხელი შემოვიკარი, რადგან, რომარიოს წინააღმდეგ თამაში, ნებისმიერი მცველისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენდა. რამდენი თავდამსხმელი ამიყვანია, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს. საკმარისი იყო, წამით ბურთისკენ გამეხედა, რომ რომარიო მყისვე ჩემ ზურგს უკან აღმოჩნდებოდა. თამაშის დასრულებისას ბუცებზე არც ერთი "შიპი" აღარ მქონდა და ფეხებიდან "ბოლი გამდიოდა". მეორე გოლი პირველი დამატებითი ტაიმის ბოლო წუთზე გავიტანეთ. მეორე დამატებითი დრო, ჩემი ცხოვრების 15-წუთიანი კოშმარი აღმოჩნდა, რომელსაც ყველამ გავუძელით და ჩემპიონები გავხდით”.
ბოლომდე მოურჩენელი ტრავმის მიუხედავად, გელა კეტაშვილმა ტურნირზე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ბრაზილიელებთან გადამწყვეტი გოლი კი იური სავიჩევმა სწორედ კეტაშვილის მიერ თამაშში ბურთის შეყვანის შემდეგ გაიტანა. ოლიმპიადის გასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ რომარიო დანანებით იტყვის, ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, სეულში ოქროს მედალი რომ ვერ ავიღეო და ამაში უპირველეს “დამნაშავედ” საკავშირო ნაკრებში ორნომრიანი მაისურით მოთამაშე მცველი სცნო. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ბრაზილიელთა იმ ფორმაციის ნაკრებში კარეკა, ბებეტო, კლაუდიო ტაფარელი თამაშობდნენ...
ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ გელა კეტაშვილს წილად ხვდა პატივი საქართველოს ეროვნული გუნდის პირველ მატჩში თანანაკრებელებს მინდორზე კაპიტნის სამკლავურით გაძღოლოდა.
ფეხბურთში ქართველთაგან ერთადერთ ოლიმპიურ ჩემპიონ გელა კეტაშვილს ტოტალიზატორ “ლიდერბეთში” შეხვედრა მოუწყვეს. ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს” და საკავშირო ნაკრების ვარსკვლავის თამაში ბატონი გელას პარტნიორებმა და ჟურნალისტებმა გაიხსენეს. ვეტერანმა ფეხბურთელებმა ვახტანგ ქორიძემ, გიორგი ჭილაიამ, გრიშა ცაავამ, გია ჯიშკარიანმა, კახა გოგიჩაიშვილმა, ჟურნალისტებმა დავით ქლიბაძემ, ბიძინა ბარათაშვილმა, გიორგი გორგოძემ, გოჩა კაჭარავამ, სოლომონ გულისაშვილმა, ილია ბაბუნაშვილმა, მიხეილ აბაიშვილმა, გიგა გვენცაძემ, ლევან სალუქვაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს გელა კეტაშვილის ბრწყინვალე თამაშსა და მისი პროფესიული, პატრიოტული პიროვნული თვისებებიც საგაგანგებოდ აღნიშნეს...