ამერიკელმა ტაისონ გეიმ “ბრილიანტის ლიგის” მე-11 ეტაპზე, რომელიც პარასკევს სტოკჰოლმში ჩატარდა, 100 მეტრზე სირბილში ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, მსოფლიო რეკორდოსან უსეინ ბოლტს სძლია.
გეიმ, ვისაც ორშაბათს 28 წელი უსრულდება, მანძილი 9,84 წამში დაფარა და 4 წლით უმცროს დიად იამაიკელს ფინიშთან 0,13 წამით მიასწრო. მესამე ადგილი ტრინიდადელმა და ტობაგოელმა რიჩარდ ტომპსონმა დაიკავა (10,10).
ეს ბოლო ორი წლის მანძილზე ბოლტის პირველი დამარცხებაა – ბოლოჯერ მან აღნიშნულ დისტანციაზე 2008 წლის 22 ივლისს იქვე, სტოკჰოლმშივე, თანამემამულე ასაფა პაუელთან დათმო.
“მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის, ამ გამარჯვებით მაინც ძალიან ბედნიერი ვარ” – თქვა ნარბენევს გეიმ, ვისაც ბოლტისთვის აქამდე არასოდეს ეჯობნა.
”მე დაუმარცხებელი არ ვარ, რაც დღეს დადასტურდა კიდეც – აღნიშნა თავის მხრივ იამაიკელმა მალემსრბოლმა – მაგრამ გაისად ეს უკვე აღარ მოხდება, ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატის სეზონია.”
ბოლტი და გეი 19 აგვისტოს ციურიხში “ბრილიანტის ლიგის” მე-13 ეტაპზე თავიანთი ქვეყნების სახელით 4X100-მეტრიან ესტაფეტაში იასპარეზებენ, 27 აგვისტოს ბრიუსელში “ბრილიანტის ლიგის” უკანასკნელ ეტაპზე კი ერთმანეთს ისევ ერთი-ერთზე – 100 მეტრზე – დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, ბოლტის რეკორდი 9,58 წმ-ია, ხოლო გეი მეორე უსწრაფესი შედეგის – 9,69 წმ – მფლობელი გახლავთ.







