ამერიკელმა სპრინტერმა ტაისონ გეიმ ოცნება აისრულა და 200-მეტრიან სწორ დისტანციაზე 44 წლის წინ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. AP-ის ინფორმაციით, გეის საბენეფისო ცდა მანჩესტერში, სპეციალურად მოწყობილ სარბენ ბილიკზე შედგა. იმის მიუხედავად, რომ გარბენის მომენტში საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა, ამერიკელმა მძლეოსანმა დისტანცია 19,41 წამში დაფარა და 1966 წელს სან ხოსეში ტომი სმიტის მიერ დაფიქსირებულ რეკორდს 9 მეასედი წამი ჩამოაკლო.
“რთული პირობების გამო, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვცდილობდი ამ გარბენში მთელი ჩემი ძალ-ღონე გამომეყენებინა და ვფიქრობ, მოვახერხე კიდეც ამის გაკეთება. საკუთარი შედეგით კმაყოფილი ვარ. ამით მე დიდი ხნის ოცნება ავისრულე”, - განაცხადა ახალმა რეკორდსმენმა.
აღსანიშნავია, რომ კვირას ტომი სმიტი მანჩესტერში იმყოფებოდა და 44-წლიანი საკუთარი რეკორდის დაცემას უშუალოდ მიადევნა თვალი.







