ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან პირად მწვრთნელ ბრაიან გისლენდთან ერთად ჩაფრინდა, ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ აქტიურად ემზადება.
ფიგურულ სრიალში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა ოლიმპიურ ბაზაზე მდებარე ყინულის დარბაზ “აისბერგში”, სადაც მომავალი ტურნირი უნდა შედგეს, უკვე არაერთხელ ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ტურნირის განრიგის მიხედვით, მონაწილები მოკლე პროგრამას 19 თებერვალს შეასრულებენ (შეჯიბრი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს), 30 სპორტსმენიდან 24 საუკეთესო კი 20 თებერვალს თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლებას მიიღებს.
მოკლე პროგრამისთვის გოგონები ხუთ ექვსეულში არიან გადანაწილებულნი. უკვე ცნობილია, რომ გედევანიშვილი ყინულზე მე-3 ექვსეულში მე-4 ნომრად ანუ ჯამში მე-16 მონაწილედ გავა.
ელენეს გარდა, ჯგუფში სლოვაკი ნიკოლ რაიცოვა, ჩეხი ელიზავეტა უკოლოვა, ნორვეგიელი ანე ლინე გიერსემი, სამხრეთკორეელი იუნა კიმი და გერმანელი ნატალი ვეინზიერლი მოხვდნენ.
გასაკვირი არაა, რომ შეჯიბრის უმთავრესი ფავორიტები – რუსები იულია ლიპნიცკაია და ადელინა სოტნიკოვა, იტალიელი კაროლინა კოსტნერი და იაპონელი მაო ასადა ბოლო ექვსეულში იასპარეზებენ.