ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატი არცთუ წარმატებლად დაიწყო ელენე გედევანიშვილისთვის. ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება კი მიიღო, მაგრამ მოკლე პროგრამაში ნაჩვენები მე-15 შედეგი ელენეს მაქსიმუმი ნამდვილად არ უნდა იყოს.
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის ქალთა პროგრამაში 21 წლის გედევანიშვილი 24-ე ნომრად გამოჩნდა და კინოფილმ “ჩიკაგოს” საუნდრეკზე ცეკვა, ერთი შეხედვით, ცუდად არ შეუსრულებია, თუმცა, მსაჯებმა ხარვეზები მაინც მრავლად აღმოუჩინეს და მხოლოდ 51.61 ქულა (24.87 ტექნიკური ელემენტებისთვის+26.74 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაუწერა.
ცნობისთვის, მოკლე პროგრამაში ელენეს საუკეთესო შედეგი 61.92 ქულაა, რითაც იგი მესამე იქნებოდა, ამჯერად კი, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მე-15 პოზიციას დასჯერდა.
ვერ გაიბრწყინა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაო ასადამ (იაპონია), რომელიც, ჯერჯერობით, მეშვიდეა, პირველი დისციპლინის შემდეგ ლიდერობა კი ხელთ 2009 წლის მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულმა კორეელმა იუნა კიმმა (65.91 ქულა) იგდო.
სულ თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება 30 მონაწილიდან 24-მა მიიღო. ქალთა ფინალური შეჯიბრი ხვალ თბილისის დროით 13:30 საათიდან დაიწყება. გედევანიშვილს მერვე ნომერი ერგო და ყინულზე მეორე ექვსეულში ავსტრალიელი ჩელცი ლის შემდეგ გავა.
მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში. “მეგასპორტი” (მოსკოვი, რუსეთი). 25 აპრილი-1 მაისი
ქალთა მოკლე პროგრამა
1. იუნა კიმი (ს.კორეა) 65.91 ქულა
2. მიკი ანდო (იაპონია) 65.58
3. კსენია მაკაროვა (რუსეთი) 61.62
4. ალისა ჩისნი (აშშ) 61.47
5. ალიონა ლეონოვა (რუსეთი) 59.75
6. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 59.74
7. მაო ასადა (იაპონია) 58.66
8. რეიჩელ ფლატი (აშშ) 57.22
9. კიირა კორპი (ფინეთი) 66.09
10. კანაკო მურაკამი (იაპონია) 54.86
11. მაე ბერენის მეიტე (საფრანგეთი) 53.26
12. სარა ჰეკენი (გერმანია) 52.73
13. სინტი ფანეუფი (კანადა) 52.62
14. ამელი ლაკოსტე (კანადა) 51.98
15. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 51.61







