ბლოგი

12:23 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაზაფხული რობენის ეზოში!

რა თქმა უნდა, ეს ის რობენი აღარ არის, რაც ჩვენ გვახსოვს და ვიცით. ეს ტრავმებიო, უიღბლობაო, ცოტა ასაკიო... მოკლედ, ეს ჰოლანდიელი კაცი ისეა ნატანჯი და წვალებაში გამოჯეგილი, რომ გულდასერილი არიენ რობენის ნახვა მასავით მრავალგზის ნაჯახირებ სიმონ მეფესაც კი დაუმძიმებდა გუნებას. მაგრამ, ალბათ სწორედ იმიტომაც არის ფეხბურთი მოულოდნელობებითა და სიამეებით აღსავსე, რომ როდესაც ნაკლებად ელი, სწორედ მაშინ გთავაზობს სიურპრიზებს...

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში არიენ რობენმა შეხვედრა ისე დაიწყო, დარწმუნებული ვარ, მსწრაფლივ სიმწრის ოფლი დაასხამდათ მიუნჰენის “ბაიერნის” ქომაგებს. ალბათ არავის ეპარება ეჭვი რობენის სიძლიერეში და ყველა აღიარებს, რომ არიანი ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთელია, მაგრამ რაკი მოგონებებში მისი უიღბლობათა ისტორიები გვაქვს გადანახული, უპირველესად ის ვიფიქრეთ, რომ ამ მხრივ არიენ რობენი “ბორუსია”-“ბაიერნის” მატჩსაც ჩააგდებდა და ერთხელ და საბოლოოდ შევიდოდა მსოფლიოში ყველაზე უიღბლო ფეხბურთელთა მარაქაში.

არიენ რობენს მინიმუმ ორი გოლის გატანა ფინალური შეხვედრის პირველივე ტაიმში შეეძლო. განსაკუთრებით ეს ეხება იმ მომენტს, როდესაც ვაიდენფელერთან პირისპირ გასულმა ნიდერლანდელს გერმანელმა გოლკიპერმა კარიდან გამოსვლის შედეგად ისეთი ბურთი აუღო, გაცოფებული მიუნხენელი ქომაგების სიმწრის ღრიალისგან ლონდონის “უემბლი” კინაღამ ჩამოიქცა. ნიდერლანდელს საგოლე შანსები მატჩის მეორე ტაიმშიც ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ “ბაიერნის” მიერ გატანილ პირველ გოლში არიენმა ლომის წილი დაიდო, რაკი თავად ვერა და ვერ გაჰქონდა ბურთი, ალბათ, ბევრმა გერმანელმა ქომაგმა მოედნიდან რობენის გაყვანის აუცილებლობაზეც კი დაიწყო ფიქრი.

როგორც ერთი რომაელი ისტორიკოსი აბობდა, “ჩვენს თვალწინ დიდი ისტორია სწორედ მაშინ იქმნება, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად მოველით” და მაშინ, როდესაც გერმანია და სრულიად ევროპა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე წუთებსა და წამებს ითვლიდა, დორტმუნდელთა საჯარიმოში შეჭრილმა არიენ რობენმა, დასწრებაზე თამაშითა და ცრუმოძრაობებით, “ბორუსიას” ლამის მთელი დაცვა ჩამოიტოვა და გამარჯვების მომტანი გოლიც კოხტად შეაცურა მთელი თამაშის განმავლობაში გმირულად მოთამაშე ვაიდენფელერის კარში. დიახ, ეს დიდი გამარჯვება იყო! თუმცა, აქ მხოლოდ გამარჯვებასა და მორიგი ტიტულის მოპოვებაში როდია საქმე...

დიდმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა თავისი კარიერის მიწურულს მაინც შეძლო და მთელს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ გადამწყვეტ მომენტებში მასაც ძალუძს საკუტარი სიტყვის ხმამაღლა თქმა და იგი უდავოდ ღირსია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რიგებში ირიცხებოდეს.

ალბათ, ჯერ ისევ გუშინდელი შესანიშნავი მატჩის გავლენისა და ემოციების ქვეშ ხართ და უპრობლემოდ დამეთანხმებით, რომ 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმ ფინალთა შორის, რაც ბოლო წლებში გვინახავს. ეს შესანიშნავი მატჩი ორივე გერმანულმა გუნდმა გამოჭედა და არც ერთს დაუზოგავს თავი ესოდენ ხელიხელსაგოგმანები ტიტულის მოსაპოვებლად. ძლიერმა გაიმარჯვა და ამაშიც ალბათ ყველანი ვთანხმდებით. ძლიერმა, რომლის შემადგენლობაშიც, თვით არიენ რობენი ირიცხებოდა!

0.135501