ძველი ქალაქი დიდი გულით. ეს არის 320 ათასიანი უტრეხტის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. საქართველოს დელეგაცია უტრეხტში, რომელიც ამსტერდამიდან ნახევარი საათის სავალზეა და ჰოლანდიაში სიდიდით მესამე ქალაქია, 13 ივლისს, შუადღეს ჩავიდა და ოლიმპიურ სოფელში განთავსდა. ეს უკანასკნელი საუნივერსიტეტო კოლეჯის საერთო საცხოვრებელშია განლაგებული.
ორგანიზაციული თვალსაზრისით, ყველაფერი რიგზე რომ ვერ არის, ეს პირველივე წუთებიდანვე გამოჩნდა, როდესაც ჩვენს გუნდს დაახლოებით ორი საათი მოუხდა ცდა სანამ დაგვაბინავებდნენ. კვების მხრივაც ქაოსური ვითარებაა. რაციონი მწირია და ცოტა, მაგრამ თუ გაგიმართლა და საჭმელი შეგხვდა, დიდი შანსია დანა-ჩანგალი აღარ იყოს და ოფლით მოპოვებულ ულუფას კოვზით ან სულაც ორი დანით შეექცე. სპორტულ ბაზებზე ტრანსპორტირებაც უცნაურად ხდება. მოკლედ, ბევრი წუნია და ამას ჰოლანდიელებისგან არავინ მოელოდა. სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებიც უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავენ და ხშირად მოჰკრავთ ყურს – თუ არ შეეძლოთ, ვინ აძალებდათ მასპინძლობასო.
14 ივლისს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე უტრეხტის ცენტრალურ სტადიონზე ფესტივალი საზეიმოდ გახსნილად ჰოლანდიის მეფემ უილემ-ალექსანდრემ გამოაცხადა, მანამდე კი, ფესტივალის მონაწილეებს სოკ-ისა და ეოკ-ის პრეზიდენტები ჟაკ როგი და პატრიკ ჰიკი მიესალმნენ და ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს. ცერემონიალზე ჩვენი გუნდის მედროშე, ძიუდოში ევროპის ჩემპიონი მარიამ ჯანანაშვილი იყო.
გახსნის ცერემონიალი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა და მონაწილეებს მცირედით მაინც დაავიწყა ის საკითხები, რაც თამაშებს ორგანიზაციული კუთხით თან სდევს.
15 ივლისს, პირველ საშეჯიბრო დღეს, ჩვენი გუნდიდან ჩოგბურთელები და მძლეოსნები ხსნიან. უროს ტყორცნაში სოფიო მათიაშვილი, 400 მეტრზე სირბილში მარიამ მარტინენკო და ბადროს ტყორცნაში თემურ აბულაშვილი იასპარეზებენ. ჩოგბურთში მარიამ ბოლქვაძე და ანი ახალკაცი პირველ წრეში ებრაელებს დაუპირისპირდებიან, ირაკლი მეტრეველის მეტოქე ბერძენი ჩოგბურთელი იქნება, გუგა თავაძე კი ფრანგ კოლეგასთან შეეცდება გამარჯვებას.
საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე
ცურვა: აკაკი ვაშაკიძე.
ველოსპორტი: გიორგი არაბიძე, სულხან ახმაევი.
ჩოგბურთი: ანა ახალკაცი, მარიამ ბოლქვაძე, ირაკლი მეტრეველი, გუგა თავაძე.
ძიუდო: გიორგი ჭიკაიძე (50 კგ.), ერეკლე არხოზაშვილი (55 კგ.), გიორგი კაციაშვილი (60 კგ.), სიმონ მამარდაშვილი (66 კგ.), თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ.), იესო კვირიკაშვილი (81 კგ.), გიორგი გველესიანი (90 კგ.), გიორგი ძებისაშვილი (+90 კგ.), სალომე მარგიანი (48 კგ.), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ.), გურანდა შოთაძე (57 კგ.), ხატია ჯანაშვილი (63 კგ.).
მძლეოსნობა: თემურ აბულაშვილი და ნათელა უშიკიშვილი (ბადროს ტყორცნა), გიორგი ონიანი და სოფიო მათიაშვილი (უროს ტყორცნა), გოგა მაღლაკელიძე (სამხტომი), მარი ძაგნიძე (სიგრძეზე ხტომა), გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა), მარიამ მარტინენკო (400 მეტრზე სირბილი).
www.geonoc.org.ge