მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა და რომის “მასტერზ1000”-ის მოქმედმა გამარჯვებულმა რაფა ნადალმა და ფრანგმა ჟილ სიმონმა წლეულს ყველაზე ხანგრძლივი სამსეტიანი მატჩი ჩაატარეს. მეორე წრეში ნადალმა სიმონს 7:6, 6:7, 6:2 მოუგო, შეხვედრამ კი 3 საათსა და 19 წუთს გასტანა. მერვედფინალში რაფა რუს მიხაილ იუჟნის შეხვდება.
“რთულ პირობებში მოგვიხდა თამაში. ციოდა და ბურთი კორტის საფარიდან ძნელად ხტებოდა. მეორე სეტში რთული მომენტი დამიდგა. ეს იყო პირველი მატჩი გრუნტზე, რომლის მსვლელობისას ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გავწვალდი. საბოლოოდ დასახულ ამოცანას თავი გავართვი და კმაყოფილი ვარ, რადგანაც ასეთი მოგებები ძალის მოსინჯვის სერიოზული საშუალებაა”, - რაფას ეს სიტყვები ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.
ბოლოს მოგახსენებთ, რომ ნადალისა და სიმონის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 6:1 გახდა.