კალათბურთი

14:24 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გავითვალოთ პირველ-მეორეზე

რა უნდა მოხდეს, ევრობასკეტს მიღმა რომ დავრჩეთ?


მას შემდეგ, რაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უნგრელებს 20-ქულიანი სხვაობით სძლია, სრულიად სპორტული სამყარო იმ ვარიანტების თვლაშია, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაგვიყვანს. ჩვენც სხვა ჯგუფებში არსებულ ვითარებას მიმოვიხილავთ, რაც სიტუაციაში უკეთ გარკვევის საშუალებას მოგცემთ.

შეგახსენებთ, რომ სადღეისო მდგომარეობით, ქართველ კალათბურთელებს ბოლო ტურში პორტუგალიის ძლევის შემთხვევაში, E ჯგუფში 1-ლი ან მე-2 ადგილი გარანტირებული აქვთ. შესაძლოა, ჩვენები მეორე პოზიციაზე იმ შემთხვევაშიც გავიდნენ, თუკი პორტუგალიასთან წააგებენ, თუმცა, უნგრეთი ჩეხეთთან დამარცხდება. სხვა საქმეა, რომ მე-2 საფეხური ევრობასკეტის საგზურს სულაც არ ნიშნავს და სხვა ჯგუფებში არსებული ვითარების გაცნობაც ამად გვჭირდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ 7 შესარჩევი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას, გამარჯვებულებთან ერთად, 6 საუკეთესო მეორეადგილოსანიც იღებს, ოთხგუნდიან ჯგუფებში კი, მონაცემების დატოლებისას ბოლოადგილოსნებთან დაფიქსირებული შედეგები მხედველობაში არ მიიღება. 

 

A ჯგუფი

ამ ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინას უკვე 3 მოგება აქვს და ბოლო ტურში ისლანდიაშიც სულაც რომ განადგურდეს, გამსვლელი მე-2 პოზიცია განაღდებული აქვს. აი, კუნძულელთა საშინაო მარცხი კი ხელს საქართველოს ნაკრებს აძლებს. ამჟამად, ისლანდიას ბურთების სხვაობა +5 აქვს, ქართველ კალათბურთელთა მაჩვენებელი კი +11 გახლავთ. ამგვარად, წაგების შემთხვევაში, ჩრდილოელებს 2 მოგება შერჩებათ და ცხადია, ბურთების სხვაობაც ჩვენს უარესი ექნებათ.

 

ისლანდია – დიდი ბრიტანეთი 83:70

დიდი ბრიტანეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 67:80

ბოსნია-ჰერცეგოვინა – ისლანდია 72:62

დიდი ბრიტანეთი – ისლანდია 69:71

ბოსნია-ჰერცეგოვინა – დიდი ბრიტანეთი 74:68

ბოსნია-ჰერცეგოვინა 3 3/0 226/197 6
ისლანდია 3 2/1 216/211 5
დიდი ბრიტანეთი 4 0/4 274/308 4

 

27 აგვისტო

ისლანდია – ბოსნია-ჰერცეგოვინა

 

B ჯგუფი

ჯგუფი, რომელიც ყველა სხვა ჯგუფების მეორეადგილოსანთა უმთავრესი იმედია. საქმე ის გახლავთ, რომ აქ პირველი ადგილი გარანტირებული აქვს ისრაელს, მე-2 პოზიციისთვის კი, 27 აგვისტოს, ლეიდენში ჰოლანდია და ჩერნოგორია ითამაშებენ. ვინაიდან აუტსაიდერ ბულგარეთთან წყვილ-წყვილი მოგებები არ ითვლება, გამოდის, რომ გუნდებს აქტივში თითო “ნაღდი” გამარჯვება აქვთ. მე-2 ადგილზე ის გავა, ვინც მომავალ ჯახში წარმატებას მიაღწევს, მაგრამ რა ვუყოთ ბურთების სხვაობას? თავად განსაჯეთ. ამ დროისთვის, ჰოლანდიელთა მაჩვენებელი -27-ია, ჩერნოგორიელების კი -17. გავიხსენოთ ქართველთა +11 და ყველაფერი ნათელი ხდება. მხოლოდ იმისთვის, რომ კონკურენტები ჩვენს გუნდს გაუტოლდნენ (ვიმეორებთ, მხოლოდ გაუტოლდნენ, რადგანაც ამ შემთხვევაში ბურთების სხვაობის შეფარდებით მიღებული კოეფიციენტი ითვლება და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არა გვგონია, ამ სიღრმეში წასვლა საჭირო იყოს), ან ჰოლანდიამ უნდა მოიგოს 38 ქულით, ანაც – ჩერნოგორიამ – 28-თ. მოკლედ, სასწაული უნდა მოხდეს, ამ ჯგუფის მეორეადგილოსანმა რომ გვაჯობოს.

 

ისრაელი – ჩერნოგორია 97:100

ბულგარეთი – ჰოლანდია 53:62

ჰოლანდია – ისრაელი 57:66

ჩერნოგორია – ბულგარეთი 70:64

ბულგარეთი – ისრაელი 84:100

ჩერნოგორია – ჰოლანდია 60:65

ჰოლანდია – ბულგარეთი 66:57

ჩერნოგორია – ისრაელი 65:80

ისრაელი – ჰოლანდია 83:60

ბულგარეთი – ჩერნოგორია 73:84

ისრაელი 5 4/1 426/366 9
ჩერნოგორია 5 3/2 379/379 8
ჰოლანდია 5 3/2 310/319 8
ბულგარეთი 5 0/5 331/382 5

 

27 აგვისტო

ისრაელი – ბულგარეთი

ჰოლანდია – ჩერნოგორია

 

C ჯგუფი

ამ ჯგუფიდან ევრობასკეტზე ოფიციალურად არცერთი გუნდი არ გასულა, თუმცა, სენსაცია იქნება, მიზანს პოლონეთმა და გერმანიამ რომ ვერ უწიონ. მაგალითად, გერმანია, რომელსაც კონკურენტებთან (პოლონეთი და ავსტრია) ჭიდილში ბურთების სხვაობა +19 აქვს, ბოლო ტურში ლუქსემბურგთან უნდა წააგოს, პოლონეთი კი შინ ავსტრიასთან დამარცხდეს. ამ შემთხვევაში, მე-2 პოზიციაზე ავსტრია გავა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბურთები -30-ზე აქვს, გასახარად საქმე მაინც ვერ ექნება. პოლონეთის ბურთები სხვაობა +12 გახლავთ, ახლა თავად წარმოიდგინეთ, მასპინძლები ლუბინში როგორ უნდა განადგურდნენ, ავსტრიას გადასწრების საშუალება რომ მისცენ... მოკლედ, აქ დამატებითი გამოთვლები უაზროდ მიგვაჩნია. უკანასკნელ ტურში, დიდი ალბათობით, გერმანია ლუქსემბურგს მოუგებს, პოლონეთი კი – ავსტრიას და ორივე ეს ნაკრები ფინალურ ეტაპზე მშვიდად გავა.

 

პოლონეთი – გერმანია 68:78

ავსტრია – ლუქსემბურგი 84:76

ლუქსემბურგი – პოლონეთი 61:113

ავსტრია – გერმანია 64:77

გერმანია – ლუქსემბურგი 109:49

ავსტრია – პოლონეთი 83:81

გერმანია – პოლონეთი 76:88

გერმანია – ავსტრია 88:69

პოლონეთი – ლუქსემბურგი 100:64

პოლონეთი 5 4/1 450/351 9
გერმანია 5 3/2 417/338 8
ავსტრია 5 3/2 380/393 8
ლუქსემბურგი 5 0/5 321/486 5

 

27 აგვისტო

ლუქსემბურგი – გერმანია

პოლონეთი – ავსტრია

 

D ჯგუფი

აქ უმთავრესი ფავორიტები ბელგია და მაკედონია არიან. ბელგია რაღაც მანქანებით (აუტსაიდერ დანიასთან წაგებას ვგულისხმობთ) მე-2 ადგილზე რომ აღმოჩნდეს, საქართველოს კონკურენტი მაინც ვერ იქნება, რადგანაც ზურგს 3 მოგება უმაგრებს. ბელარუსს მასპინლობს მაკედონია, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის პირველობაზე თამაში განაღდებული აქვს. აი, მაკედონიელთა მარცხი კი, რომელთაც ბურთები სხვაობა ქართველთა დარად +11 აქვთ, ხელს გვაძლევს. ამ შემთხვევაში, მათ გადავუსწრებთ, თუმცა, სკოპიეში მასპინძლები უმოტოვაციო მეტოქესთან რამდენად წაიფორხილებენ, რთული სათქმელია.

 

ბელარუსი – დანია 97:72

მაკედონია – ბელგია 76:73

დანია – მაკედონია 75:81

ბელგია – ბელარუსი 71:57

ბელგია – დანია 71:50

ბელარუსი – მაკედონია 70:81

დანია – ბელარუსი 66:73

ბელგია – მაკედონია 63:60

ბელარუსი – ბელგია 73:99

მაკედონია – დანია 80:46

ბელგია 5 4/1 377/316 9
მაკედონია 5 4/1 378/327 9
ბელარუსი 5 2/3 370/389 7
დანია 5 0/5 309/402 5

 

27 აგვისტო

დანია – ბელგია

მაკედონია – ბელარუსი

 

E ჯგუფი

მივადექით ჩვენს ჯგუფს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიაროთ. საქართველოს ნაკრებს კონკურენტებთან (ჩეხეთი და უნგრეთი) 2 მოგება და ბურთების სხვაობა +11 აქვს. თუკი უკანასკნელ ტურში იგორ კოკოშკოვის შეგირდები პორტუგალიას აჯობებენ და უნგრეთი ჩეხეთს 33 ქულაზე მეტით ვერ მოუგებს, პირველზე ვართ. ჩეხების გამარჯვების შემთხვევაში, მე-2 პოზიციაზე გადავინაცვლებთ და მთელი ეს ანგარიშობანაც კიდევ ერთხელ გვექნება გასავლელი. არსებობს ვარიანტი, რომ ჯგუფიდან საქართველო და უნგრეთი გავიდნენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი უნგრელები ჩეხებს 17 ქულით აჯობებენ. მოკლედ, თუ რაღაც სასწაულით პორტუგალიასთან არ წავაგეთ (თუმცა, შანსი ამ შემთხვევაშიც რჩება, თუკი უნგრელები დამარცხდებიან), პირველ ან მეორე საფეხურზე გავდივართ და უდიდესი ალბათობით, რომელიმე კონკურენტს აუცილებლად ვაჯობებთ.

 

საქართველო – ჩეხეთი 73:62

პორტუგალია – უნგრეთი 38:58

ჩეხეთი – პორტუგალია 89:53

უნგრეთი – საქართველო 74:73

პორტუგალია – საქართველო 90:91

ჩეხეთი – უნგრეთი 66:63

უნგრეთი – პორტუგალია 65:52

ჩეხეთი – საქართველო 86:67

პორტუგალია – ჩეხეთი 61:75

საქართველო – უნგრეთი 79:59

ჩეხეთი 5 4/1 378/317 9
უნგრეთი 5 3/2 319/308 8
საქართველო 5 3/2 383/371 8
პორტუგალია 5 0/5 294/378 5

 

27 აგვისტო

უნგრეთი – ჩეხეთი

საქართველო – პორტუგალია

 

F ჯგუფი

კიდევ ერთი ჯგუფი, სადაც, შესაძლოა, საჩვენო ამბები დატრიალდეს. ერთი შეხედვით, აქ ყველაფერი მარტივადაა. ლატვიას 5-ვე თამაში მოგებული აქვს და შეუძლია, ევრობასკეტისთვის მზადება აქედანვე დაიწყოს, თუმცა, თუკი ბოლო ტურშიც “მშრალად” გამოვა, საქართველოს ნაკრებსაც სამსახურს გაუწევს. საქმე ის გახლავთ, რომ მე-2 პოზიციაზე მყოფ რუმინეთს აუტსაიდერ სლოვაკეთთან მატჩების ჩაუთვლელად, მხოლოდ 2 მოგება აქვს და ბურთების სხვაობასაც კარგს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ -16. ამგვარად, თუკი რუმინეთი სიბიუში ბალტიისპირელებს აჯობებენ, თავი ქუდში ექნებათ, მარცხის შემთხვევაში კი, ქართველებზე უკან აღმოჩნდებიან და შესაძლოა, საერთოდ, ფინალური ეტაპის მიღმაც დარჩნენ.

 

სლოვაკეთი – რუმინეთი 69:81

შვედეთი – ლატვია 50:62

რუმინეთი – შვედეთი 77:72

ლატვია – სლოვაკეთი 86:66

სლოვაკეთი – შვედეთი 72:75

ლატვია – რუმინეთი 88:65

რუმინეთი – სლოვაკეთი 90:86

ლატვია – შვედეთი 79:76

სლოვაკეთი – ლატვია 65:89

შვედეთი – რუმინეთი 86:88

ლატვია 5 5/0 404/322 10
რუმინეთი 5 4/1 401/401 9
შვედეთი 5 1/4 359/378 6
სლოვაკეთი 5 0/5 358/421 5

 

27 აგვისტო

რუმინეთი – ლატვია

შვედეთი – სლოვაკეთი

 

G ჯგუფი

და ბოლოს, ჯგუფი, რომლის გამოისობითაც, შესაძლოა, ეს გამოთვლები საჭიროც აღარ ყოფილიყო, თუმცა, საქმე იტალიამ “გააფუჭა”. ფავორიტად შერაცხულმა აპენინელებმა საყოველთაო აღიარებით მეტად საეჭვო მატჩში შინ რუსეთთან წააგეს და ეს უკანასკნელი უდიდეს სირცხვილს გადაარჩინეს. საქმე ის გახლავთ, რომ წაგების შემთხვევაში, რუსები ერთადერთი გამარჯვებით, ევრობასკეტის მიღმა რჩებოდნენ და ცხადია, სხვა ჯგუფების მეორეადგილოსნებსაც ხელ-ფეხი ეხსნებოდათ. ახლა კი, რუსებს ბურთების სხვაობა +45 აქვთ და საერთოდაც, ყველა მეორეადგილოსანს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გააჩნიათ. თეორიულად, შესაძლოა, საქართველოს უკან აღმოჩნდეს იტალიის ეროვნული გუნდიც, თუმცა, ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, რადგანაც აღნიშნულისთვის აპენინელებმა აუტსაიდერ შვეიცარიასთან 18 ქულით უნდა წააგონ.

 

შვეიცარია – რუსეთი 79:77

რუსეთი – იტალია 63:65

იტალია – შვეიცარია 90:60

რუსეთი – შვეიცარია 101:56

იტალია – რუსეთი 68:72

რუსეთი
4 2/2 313/268 6
იტალია
3 2/1 223/195 5
შვეიცარია
3 1/2 195/268 4

 

27 აგვისტო

შვეიცარია – იტალია

0.114923