მე-9 ტურმა განსაკუთრებული სენსაციების გარეშე ჩაიარა. უფრო სტუმართა ტური იყო, რადგან მთლიანობაში მათ 3 მოგება მიითვალეს. ფრედ დასრულდა ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა, რომელიც განმუხურში გაიმართა - თბილისის "დინამო" "ზუგდიდთან" დაწინაურდა, მაგრამ მალევე გაუშვა გოლი და 1:1. დუშან უჰრინის გუნდი ამჯერად ერთქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
ტურში სულ 12 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ 2 ბურთი თამაშში. დუბლი არავის შეუსრულებია, თუმცა ბომბარდირთა დავაში ჯაბა დვალი ერთპიროვნულად პირველზე გადავიდა (7 გოლი) - "ზუგდიდს" გაუტანა, ხოლო ბათუმელი მიხეილ ჯორბენაძე უგოლოდ დარჩა. ტურში დუბლი არავის შეუსრულებია.
დვალისა და ქობალიას გოლების შემდეგ, ბოლო წუთებში ზუგდიდელთა მწვრთნელ-ფეხბურთელები, ასევე, გულშემატკივრები, სტუმართა კარში პენალტის დანიშვნას მოითხოვდნენ: დინამოელი გივი კვარაცხელია წაბორძიკდა, დაეცა და ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა თორნიკე გვანცელაძემ კი ეს მომენტი საპენალტედ არ მიიჩნია.
სხვათა შორის, ზუგდიდურ-დინამოურ შეხვედრებში მსაჯობა ხშირად ხდება საკამათო საგანი. ასე იყო გასულ სეზონშიც, როცა მატჩი 2:2 დასრულდა. შაბათის თამაშის შემდეგ, მასპინძელთა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა განაცხადა, რომ ფრეზე მეტად, "ზუგდიდის" მოგება იქნებოდა სამრთლიანი. უჰრინს კი მოზომილი კომენტარი ჰქონდა: "შეგვეძლო როგორც წაგება, ასევე მოგებაც~.
"ვიტ ჯორჯიასთან" მცხეთაში მოიგო გია გეგუჩაძის "ტორპედომ" და ეს ექსვიტელების დახმარებით მოახერხა. პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა და ორივე გოლი "ვიტ ჯორჯიაში" ნათამაშებმა ფეხბურთელებმა, გიორგი ბერიაშვილმა და გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანეს. ბოლოს ნიკა საბანაძემაც იხერა, მანამდე კი ბესიკ ჩიმაკაძემ პენალტით შეამცირა სვაობა. ეს ჩიმაკაძის მეოთხე გოლია ბოლო სამ შეხვედრაში.
უნდა ვთქვათ ქუთათურთა ფლანგელ გრიგოლ დოლიძეზეც, რომელმაც სამივე გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა. მოკლედ, "ტორპედომ" კიდევ ერთხელ აჩვენა გამართული თამაში და "დინამოს" მიუახლოვდა, ხოლო "ვიტ ჯორჯია" შინ ისევ მოუგებელია.
საჩხრერის "ჩიხურამ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია "მეტალურგთან" 1:0 გამარჯვებით შეწყვიტა. წარუმატებელი გამოდგა გიორგი ყიფიანის დებიუტი რუსთაველთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. "მეტალურგს" ჰქონდა მომენტები, თუმცა თავადაც არაერთხელ გადაურჩა გოლის გაშვებას: ხარიხა და ძელიც დაეხმარა. მოკლედ, "მეტალურგმა" ზედიზედ მესამედ წააგო და ახლა დანამდვილებით ვერავინ იტყვის, ექვსეულში შევაო.
მეორე ქვემოქართლურ გუნდს უფრო ცუდად აქვს საქმე. "სიონს" არმაზ ჯელაძის მწვრთნელობა ჯერ ვერ მოუხდა, ამჯერად შინ წააგო "ზესტაფონთან" (0:2) და ცხრილის ქვედა ნაწილში დაბინავდა.
და "ზესტაფონი"? დავით მუჯირი-ზაზა ზამთარაძის სამწვრთნელო დუეტი ამართლებს. იმერლებმა მათი თავკაცობით სამიდან სამი გასვლითი შეხვედრა მოიგეს და მე-5 ადგილზე არიან. მცველმა გიორგი კაჭკაჭიშვილმა ამ სეზონში პირველად გაიტანა, რასაც რატი წინამძღვრიშვილის გოლი მოჰყვა. და კიდევ, ვნახოთ, როგორი ფეხბურთელი დადგება აწ გარდაცვლილი როინ კერძევაძის ვაჟი ილია კერძევაძე. ის 16 წლისაა და "სიონთან" ბოლო 10 წუთი ითამაშა. ილია კერძევაძე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში უთამაშია.
"დილა" არ ჩერდება, ზედიზედ მეხუთედ მოიგო და თან, მარინ სკენდერის კარს ბურთი არ ეკარება. გორელებმა ამჯერად გიორგი კახელიშვილისა და სანდრო გურულის გოლებით სძლიეს ბათუმის "დინამოს" - 2:0. კახელიშვილმა შორიდან ცხრიანში ლამაზი გოლი გაიტანა. სანდრომ კი მამა გაამწარა: ბათუმელებს ხომ გია გურული თავკაცობს.
ყველას აქვს მოგება, აი, ფოთელებს კი არ დაადგათ საშველი და ამ ეტაპზე გავარდნის მთავარ კანდიდატებად მიიჩნევიან. ამჯერად "მერანის" საბა ლომიასგან მიიღეს პირველ ტაიმში გოლი და ვერაფრით უპასუხეს - 0:1. არადა, რა კარგად თამაშობდა დავით მახარაძის გუნდი გასული სეზონის მეორე ნახევარში.
"მერანმა" ჩემპიონატის მატჩში შარშანდელი 6 ნოემბრის შემდეგ სტუმრად პირველად მოიგო. მაშინ მარტვილელებმა ცხინვალის "სპარტაკს" 2:1 სძლიეს.
გავედით შესვენებაზე... წინ სანაკრებო მატჩებია და ჩემპიონატი 20 ოქტომბერს განახლდება. '
1. | დინამო (თბ) | 9 | 6 | 2 | 1 | 25:7 | 20 |
2. | ტორპედო | 9 | 6 | 1 | 2 | 21:7 | 19 |
3. | ჩიხურა | 9 | 5 | 2 | 2 | 11:8 | 17 |
4. | დილა | 9 | 5 | 1 | 3 | 13:7 | 16 |
5. | ზესტაფონი | 9 | 4 | 2 | 3 | 10:6 | 14 |
6. | ზუგდიდი | 9 | 3 | 5 | 1 | 10:6 | 14 |
7. | მეტალურგი | 9 | 4 | 0 | 5 | 6:12 | 12 |
8. | მერანი | 9 | 4 | 0 | 5 | 6:14 | 12 |
9. | დინამო (ბთ) | 9 | 2 | 2 | 5 | 10:17 | 8 |
10. | ვიტ ჯორჯია | 9 | 2 | 2 | 5 | 7:14 | 8 |
11. | სიონი | 9 | 1 | 4 | 4 | 9:17 | 7 |
12. | კოლხეთი | 9 | 0 | 3 | 6 | 4:17 | 3 |
მომდევნო ტური
20 ოქტომბერი: კოლხეთი-დილა, ზესტაფონი-ზუგდიდი, მეტალურგი-სიონი, ტორპედო-ჩიხურა, დინამო (ბათუმი)-ვიტ ჯორჯია, მერანი-დინამო (თბილისი)
ბომბარდირები
7 – ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი)
5 - რევაზ ჯიქია (“სიონი”)
4 – ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჩისკო (2 - პენ), გიორგი მერებაშვილი, ალვარო (ყველა - “დინამო” თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (“ვიტ ჯორჯია”, 1).
3 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), დავით ოდიკაძე (“ჩიხურა”, 1), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი”), გიორგი კუხიანიძე (1), გიორგი დათუნაიშვილი (ორივე - “ტორპედო”), ლევან ხმალაძე (“დინამო” თბილისი), ირაკლი ქობალია (“ზუგდიდი”), საბა ლომია (“მერანი”).
2 – ლევან კუტალია (1), შოთა ლომია (ყველა - “ზუგდიდი”), რევაზ გოცირიძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე - “ჩიხურა”), ლაშა შერგელაშვილი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე - “ტორპედო”), , გიორგი მიქაბერიძე (“მეტალურგი”) ირაკლი მოდებაძე, გიორგი კახელიშვილი, სანდრო გურული (1), რომან ახალკაცი (ორივე - “დილა”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი), მათე ვაწაძე (“დილა”)
1 – თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, პატრიკ მილხრაუმი, შოთა ბაბუნაშვილი, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა - “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ნოზაძე (ყველა - “მერანი” მარტვილი), რობერტინიო, გიორგი კვარაცხელია, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი (ყველა - “დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, ამირან მუჯირი, თორნიკე ბერიძე, ალექსანდრ ტიმჩიშინი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, დავით დიღმელაშვილი, ბესო დეკანოიძე, ვაჟა ლომაშვილი (ყველა - “ჩიხურა”), ალექსანდრე კვახაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, გრიგოლ დოლიძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ელგუჯა ლობჟანიძე, ჯემალ გოგიაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), პავლე დათუნაიშვილი, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი გაბედავა, დაჩი ფოფხაძე (ყველა - “ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, დათო კვირკველია, გიგა ბეჭვაია (ყველა - “დილა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.