კალათბურთი

16:52 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გასოლის შემდეგ იბაკაც?

“ოკლაჰომა სიტის” ფორვარდი ევროპის ჩემპიონატზე მეტად დასვენებაზე ფიქრობს

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთ მეტოქეა, შესაძლოა, მომავალი ტურნირის წინ კიდევ ერთი ძლიერი მოთამაშე გამოაკლდეს.

“ოკლაჰომა სიტის” და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა სერჟ იბაკამ აღნიშნა, რომ ჯერაც არ გადაუწყვეტია, სლოვენიაში გაემგავრება თუ არა. “ჯერ კიდევ მაქვს დრო მოსაფიქრებლად. ბოლო სამი წელია შესვენების გარეშე ვთამაშობდი, ამდენად, მიმდინარე ზაფხულს რას გავაკეთებ, ზუსტად არ ვიცი”, - განუცხადა კალათბურთელმა Tubasket-ს.

24 წლის იბაკა, რომელიც კონგოს დედაქალაქ ბრაზავილშია დაბადებული, ესპანელთა ღირსებას გასულ ევროპის ჩემპიონატზეც იცავდა, სადაც მისმა გუნდმა ოქროს მედლები მოიპოვა.

ლიტვაში სერჟმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე საშუალოდ 17.2 წუთს ატარებდა, მისი საშუალო მონაგარი კი 7.1 ქულა, 3.9 მოხსნა და 1.2 დაფარება გახლდათ.

როგოც უკვე ვიუწყებოდით, ევრობასკეტზე თამაშზე ოფიციალურად თქვა უარი “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ფორვარდმა პაუ გასოლმა, მისი ძმის მარკის საკითხი კი, რომელიც “მემფის გრიზლისში” ირიცხება, ჯერაც გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები ცელიეში გამწესებულ C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათ გარდა მასპინძელთა, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ითამაშებენ.

ქართულ-ესპანური დაპირისპირება პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს, 9 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.

0.195646